“იმედის” მაშინდელი ადვოკატი, ახლა უკვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა შავგულიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას იხსენებს, როგორ თხოვა მას ბადრი პატარკაციშვილმა, გაეკეთებინა ყველაფერი, მიემართა ყველანაირი სამართლებრივი მექანიზმისთვის, რათა ტელეკომპანია “იმედი” გადარჩენილიყო.
პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ შალვა შავგულიძეს უთხრეს, შეეტანა განცხადება ბადრი პატარკაციშვილის სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის მოთხოვნით, რაზედაც ადვოკატმა კატეგორიული უარი განაცხადა.
“რაც შეეხება ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, არც მედიის სათანადო ყურადღების ქვეშ მოექცა და სამწუხაროდ, მაშინ, არც ბადრის მეუღლემ, ქალბატონმა ინამ გამოხატა აქტიური პოზიცია, რომ სისხლის სამართლის საქმე გაგრძელებულიყო და ბოლომდე მისულიყო. ასე რომ მომხდარიყო, მერწმუნეთ უფრო თვალსაჩინო გახდებოდა ვიდეომასალის მონტაჟიც და სხვა სიყალბეებიც, რაც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, უხვად მოიპოვებოდა. საუბარია გაყალბებულ და დაუშვებელ მტკიცებულებებზე, რომელზეც მთელი ბრალდება იყო აგებული. ასეთ შემთხვევაში, შედეგი სულ სხვა იქნებოდა. სამწუხაროდ, ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა ვერ მოხერხდა.” _ აცხადებს შალვა შავგულიძე “გურია ნიუსთან.”
_ ბატონო შალვა, იმ პერიოდში, როდესაც თქვენ “იმედის” ინეტერსებს იცავდით, სადმე შეგხვდათ გიგი უგულავას სახელი და გვარი? მოგეხსენებათ, მის მიმართ წაყენებული ორი ბრალდებიდან ერთი სწორედ “იმედის” წილების უკანონოდ გადაცემის ეპიზოდს ეხება.
_ საქმე ის გახლავთ, რომ იმ პერიოდში, როცა მე ვიყავი ჩართული ტელეკომპანია “იმედის” საქმეში, მაშინ უგულავა არ ჩანდა. ეს იყო დარბევის პერიოდი და შეიძლება, დარბევასთან დაკავშირებით არასწორი შეფასება მისცა. რაც შეეხება წილების გადაფორმებას, მე მაგ დროს უკვე აღარ ვიყავი. მაგ დროს უკვე ბადრი გარდაცვლილი იყო, წილებს ჯოზეფ ქეი განაგებდა და ფაქტობრივად მერე ჩნდება გიგი უგულავა.
_ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ჩანაწერები გიგი უგულავას და ბადრი პატარკაციშვილის მონაწილეობით. თქვენ პატარკაციშვილს გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ლონდონში შეხვდით, ხომ არ უთქვამს თქვენთვის ამასთან დაკავშირებით რამე?
_ არა, უგულავასთან დაკავშირებით ან მასთან საუბარზე ბადრის არაფერი უთქვამს. ჩვენი მთავარი თემა იყო “იმედის” დარბევა და პატარკაციშვილის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე.
_ ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა, “იმედის” საინფორმაციო პროგრამების ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი თარგამაძემ. ის მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ჩვენება მისცეს, 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია “იმედის“ დარბევის, ასევე ბადრი პატარკაციშვილისა და ერეკლე კოდუას შეხვედრის ფარული ჩანაწერის გავრცელების შესახებ. ხომ ვერ გაიხსენებთ გიორგი თარგამაძის როლს “იმედის” საქმეში, თუ არ ვცდები, მაშინ ასეთი მზადყოფნა ვინმეს სამხილებლად არ გამოუჩენია…
_ რა ხდებოდა ფარდის მიღმა და რა ინფორმაციებს ფლობს თარგამაძე, ეგ არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი ის, რომ მაშინ “იმედის” საინფორმაციო პოლიტიკას სრულად წარმართავდა გიორგი თარგამაძე და ვიცი, რომ აღდგენილი “იმედის” დახურვის გადაწყვეტილება უკავშირდება პირადად მას. ეს არც არის დამალული და პირდაპირ ეთერში გამოაცხადა.
_ ეს არ იცოდა ბადრი პატარკაციშვილმა?
_ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბადრის არ უნდოდა “იმედის” გაჩერება, მაგრამ აქედან ისე მიეწოდებოდა ინფორმაციები, თითქოს უმჯობესი იყო, დროებით შეეჩერებინათ მაუწყებლობა. დარბევის შემდეგ განახლებული ტელევიზიის დახურვა რომ მოხდა, ამის ერთ-ერთი მთავარი გმირი გიორგი თარგამაძე იყო.
_ ბატონო შალვა, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ბადრი პატარკაციშვილი გიორგი თარგამაძეს “იმედის” წილს სთავაზობდა, რაზეც უარი მიიღო. ამ ფაქტზე რას გვეტყვით?
_ სთავაზობდა არა მხოლოდ წილს, არამედ საკონტროლო პაკეტსაც. მისი სურვილი იყო, რომ “იმედს” ფუნქციონირება გაეგრძელებინა და რაც მთავარია, საინფორმაციო გადაცემები არ შეწყვეტილიყო. მაგრამ მე პირადად მაქვს მოსმენილი გიორგი თარგამაძის პოზიცია, მან უარი განაცხადა ამ შეთავაზებაზე და “იმედი” დაიხურა “იმედისვე” ხელით.
იქ, წამყვანი პოზიცია საინფორმაციო პოლიტიკის წარმართვის საკითხში მინდობილი ჰქონდა გიორგი თარგამაძეს და ყველას გახსოვთ ალბათ ის კადრები, როგორ გამოვიდა ის და განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება ტელევიზიის დახურვის თაობაზე. თქვეს ისიც, რომ ეს შეთანხმებული იყო ბადრი პატარკაციშვილთან. კიდევე ერთხელ გიმეორებთ, რომ ეს “შეთანხმება” იყო ფორმალური, რადგან აქედან მიეწოდებოდა პატარკაციშვილს ინფორმაცია, რომ ეს ერთადერთი გზა იყო საერთოდ ტელევიზიის შესანარჩუნებლად. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს გადინება იყო კადრების საოცარი და იშლებოდა ყველაფერი, ბადრი პატარკაციშვილს გიორგი თარგამაძე აწვდიდა და ძალიან მალე დაარწმუნა იმაში, რომ ეს იყო ერთადერთ გზა, რათა მომავლისთვის მაინც შეენარჩუნებინათ ტელევიზია.
საბოლოო ჯამში, მოხდა ისე, რომ ამდენი ბრძოლის შემდეგ, “იმედი” შიგნიდანვე დაიხურა და ამაში წამყვანი როლი სწორედ გიორგი თარგამაძეს ეკუთვნის.
“გურია ნიუსი” შეეცადა აღნიშნულ საკითხებზე კომენტარი გიორგი თარგამაძისგანაც მოეპოვებინა, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. თუ ის საჭიროდ ჩათვლის, მზად ვართ, მისი პოზიციაც გამოვაქვეყნოთ.