საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ უკვე წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის.
კითხვაზე, მოახერხებენ თუ არა თვითმმართველი ერთეულები ცენტრისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებას, “გურია ნიუსთან” საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ განაცხადა: _ მოდით, ასე ვთქვათ – ისევე როგორც დღეს არის, ქონების გადასახადი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსავლის წყარო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები, ნაცვლად დღეს არსებული ყოფილი რაიონული დონისა, იქნება უფრო მცირე, ანუ ქალაქებში და თემებში იქნება თვითმმართველობები, რასაკვირველია, იმ ტერიტორიულ ერთეულებში აკრეფილი ქონების გადასახადი იქნება იმ ტერიტორიულ ერთეულის შემოსავლის წყარო. ეს საერთო პრინციპი გავრცელდება ადგილობრივ თვითმმართველობებზე.
_ ამ ეტაპზე და ალბათ, კარგა ხანს, თვითმმართველ ერთეულებს არ გააჩნიათ მნიშვნელოვანი საკუთარი შემოსავლები; როგორ დაეხმარება მათ ცენტრი?
_ რასაკვირველია, სატრანსფერო პოლიტიკა განსაზღვრული იქნება. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად იყოს განსაზღვრული სატრანსფერო ფონდი, რომელიც ახალი სისტემის შესაბამისად, სპეციალური ფორმულის საფუძველზე გადანაწილდება იმ ადგილობრივ თვითმმართველობებზე, რომლებიც ფინანსურად იქნებიან ღარიბი ერთეულები. ტრანსფერის ფორმულა ძალიან ბევრ პარამეტრზე იქნება დამოკიდებული: ტერიტორია, მოსახლეობის რაოდენობა, სხვა სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. მუშაობის პროცესში დადგინდება, კონკრეტულად რა პარამეტრები ჩაიდება გათანაბრებით ტრანსფერის ფორმულაში.