რამდენიმე წლის წინ, სოფლის ცენტრში მდებარე სკოლას საკუთარი ბიუჯეტით სასმელი წყალის მიწოდება მოუწესრიგდა, რომლითაც თითქმის მთელი სოფელი სარგებლობს.
ერთი წლის წინ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა; როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, 130 ათასი ლარის ოდენობით.
_ ამ თანხით უნდა მომხდარიყო პრობლემის მოგვარება, მაგრამ მთავარ სათავო ნაგებობას მიუერთეს მილები, რომელშიც ღელის წყალი მიედინება და ამით დამთავრდა სამუშაოები, _ აცხადებენ ადგილობრივები, _ დაწყებული სამუშაოები არ არის ბოლომდე მიყვანილი, ჩაყარეს უხარისხო მილები, ასევე არ არის დაყენებული წყლის ფილტრები, ეს ტექნიკური წყალიც უვარგისია, განსაკუთრებით ნაწვიმარზე საშინელი სიბინძურე მოყვება, დაბანაც კი შეუძლებელია ამ წყლით.
ჩოლობარგის დასახლება ახალ მთავრობას თხოვნით მიმართავს: _ იქნებ გაგრძელდეს დაწყებული სამუშაოები და ბოლომდე იქნას მოგვარებული ეს პრობლემა. გამოიძიოთ რაში გაიხარჯა ის 130 ათასი ლარი, რომელიც სასმელი წყლისთვის გამოიყო. 150 ოჯახი ღელის წყალს ვსვამთ, რაც უვარგისია და ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას, _ ამბობენ ადგილობრივები.
აღნიშნულ პრობლემაზე სასაუბროდ სოფელ ნიგოითის დეპუტატს და საკრებულოს წევრს გოჩა ჯანაშიას ვესაუბრეთ: _ თავდაპირველად, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 104 ათასი ლარი გამოიყო, მაგრამ ტენდერის შედეგად, 76 ათასი ლარი დაიხარჯა. აქ საუბარი იყო მხოლოდ ტექნიკურ წყალზე, მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ ის ტექნიკური სამუშაოები, რაც ჩატარდა, საკმარისი არ აღმოჩნდა; ამიტომ, სოფლის მოსახლეობასთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ, რომ სოფლის პროგრამით სათავო ნაგებობა გაგვეკეთებინა იქ არსებულ მდინარეზე. რაც შეეხება სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას, არსებულ ძველ წყალსადენს უნდა გაუკეთდეს ფილტრები, რომელიც გაწმენდს წვიმის მიერ ჩამოსულ წყალს. თუმცა ამ პრობლემის მოგვარება სოფლის პროგრამით შეუძლებელია, ვინაიდან დიდ თანხას მოითხოვს, _ გვითხრა ჯანაშიამ.
როგორც დეპუტატმა გოჩა ჯანაშიამ განაცხადა, საკრებულო ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს ამ პრობლემის გადაჭრას და როდემდე მოუწევს ჩოლობარგის 200-მდე ოჯახს ღელის წყლის სმა, გაურკვეველია.