მიუხედავად ბატონი კოტეს მოწოდებისა, “გურია ნიუსი” ჩაღრმავებულად წარმოგიდგენთ სქემას, რომლის თანახმადაც სასამართლოებში ფინანსური სახის არაერთ დარღვევას ჰქონდა ადგილი. საუბარია საერთო სასამართლოების ფინანსური აუდიტის აქტზე, რომელიც ლევან ბეჟაშვილის კონტროლის პალატაში სამი წლის წინ ჩატარდა და საგულდაგულოდ ინახებოდა “ვიღაცის” უჯრაში.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, აუდიტის დასკვნა ახლახანს გაიხსენეს, რასაც წინ რამდენიმე ფაქტორი უძღვოდა: მედიაში გავრცელებული ინფორმაცია აღნიშნული აქტის შესახებ, კონტროლის პალატის საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნა და ბუნებრივია, ხელისუფლების შეცვლა.
ბეჟაშვილი, რომელსაც ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ამ საქმეში, როგორც კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, დღეს პარლამენტარის იმუნიტეტით სარგებლობს, მისმა შემცვლელმა კი, როგორც ჩანს დარტყმების საკუთარ თავზე აღება არ ისურვა და სამი წლის დასრულებულ აქტს მსვლელობა მისცა.
დარღვეული ბუღალტრული აღრიცხვები, გაუკონტროლებელი დოკუმენტაცია, ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია, სახელმწიფო შესყიდვებისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების არა რაციონალური ხარჯვა, არა მიზნობრივად გახარჯული საწვავი და მანქანების რემონტის “კორუფციული სქემა”_ აუდიტის 38 გვერდიან აქტში, რომელიც სოსო ჩიქობავამ სიკვდილამდე ორი დღით ადრე გადმოგვცა, ეს ყველაფერი დეტალურად, ცხრილებით და სქემებითაა ასახული.
2012 წლის 25 ნოემბერს, წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიის ეზოსთან განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელი სოსო ჩიქობავა. მკვლელობამდე ორი დღით ადრე, ის “გურია ნიუსის“ რედაქციაში იმყოფებოდა. სწორედ მაშინ გადმოგვცა ფინანსური აუდიტის აქტის ელექტრონული ვერსია, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის შემოწმების შედეგად იქნა შედგენილი აუდიტორების მიერ. მათ შორის, ერთ–ერთი სწორედ სოსო ჩიქობავა გახლდათ.
მისი თქმით, “აუდიტის მიმდინარეობისას, აუდიტორთა ჯგუფმა დაადგინა სასაწყობო მეურნეობაში დიდი ოდენობით დანაკლისის ფაქტი, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ სააღრიცხვო მონაცემებსა (საბუღალტრო დოკუმენტაცია) და ფაქტობრივ მონაცემებს (ადგილზე, საწყობში არსებული ფასეულობები) შორის სხვაობა შეადგენდა 2 335 212 ლარს.
აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემდეგ, საერთო სასამართლოების დეპარტამენტი შეეცადა ფაქტის მიჩქმალვას, რაც იმაში გამოიხატა, რომ აუდიტორთა ჯგუფს წარუდგინეს სრულიად განსხვავებული ბუღალტრული დოკუმენტაცია, რაც არ იქნა მათ მიერ მიღებული.”
ჩვენი რესპონდენტის თქმით, ამის შემდეგ, უკვე გადასწორებული დოკუმენტაცია, საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა წერილობით გაუგზავნა კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ლევან ბეჟაშვილს, რომელმაც წერილი გადააწერა მის ქვემდგომ მოხელეებს და საბოლოოდ, გადაეცა აუდიტორთა ჯგუფს, რომელთაც კვლავ არ გაიზიარეს ეს გასწორებული დოკუმენტაცია და ფაქტი ასახეს აუდიტის დასკვნაში; თან აქტშივე მიუთითეს, რომ ისინი ვერ გაიზიარებდნენ ასეთ მასალებს.
“აუდიტის დასრულების შემდეგ, აუდიტორთა ჯგუფმა, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შეადგინა ფინანსური აუდიტის აქტი, დამოუკიდებელ აუდიტორთა დასკვნა და სარეკომენდაციო წერილი. წარმოდგენილი მასალების სერიოზულობიდან გამომდინარე, აუდიტორებმა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ფინანსური საქმიანობა უარყოფითად შეაფასეს. შემდგომი მსვლელობისას, კონტროლის პალატის ხელმძღვანელობა იძულებული გახდებოდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის დანაკლისის ფაქტებთან დაკავშირებით, მასალები გადაეცა საქართველოს პროკურატურისათვის და დაეყენებინა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხი.” _ აცხადებდა სოსო ჩიქობავა “გურია ნიუსთან” საუბარში.
გადმოცემული მასალებიდან პირველი ნაწილი სახელწოდებით “სასამართლოებში “გამქრალი” მილიონები _ მკვლელობამდე ორი დღით ადრე გადმოცემული აუდიტის აქტი” “გურია ნიუსის” ვებგვერდზე 2013 წლის 22 თებერვალს გამოქვეყნდა. მასალაში საუბარი იყო საერთო სასამართლოების კონტროლიდან გამოსულ ბუღალტერიაზე პრაის-ლისტების გარეშე გაწეულ მომსახურებასა და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთვის გადარიცხულ თანხებზე, ჩაუტარებელი ექსპერტიზებისთვის…
2010 წელი… საერთო სასამართლოების აუდიტი… ბეჟაშვილის ბრძანება
საქართველოს კონტროლის პალატის მაშინდელი თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის 2010 წლის 7 ივნისის N 61/43, 2010 წლის 12 ივლისის N76/43 და 2010 წლის 16 აგვისტოს N84/43 ბრძანებებით, ჩატარდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2006-2010 წლების საფინანსო – სამეურნეო საქმიანობის აუდიტი.
საერთო სასამართლოების დეპარტამენტი: განკარგავს ფინანსებს სასამართლოების საქმიანობისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად; უზრუნველყოფს სასამართლოებს სათანადო შენობა-ნაგებობებით; უზრუნველყოფს სასამართლოებს მათი საქმიანობისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტებითა და სხვა მასალებით; ამოწმებს სასამართლოების მიერ ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვას; ახორციელებს სხვა ღონისძიებებს სასამართლოების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის.
აუდიტის ჯგუფს ძველი რევიზორი, რეზო შავიშვილის დროინდელი კადრი, გია ტუხაშვილი ხელმძღვანელობდა. აუდიტორების უმეტესობა შავიშვილის დროინდელი თანამშრომლები იყვნენ, რომელთანაც ბეჟაშვილი არ კონტაქტობდა. მათთან საურთიერთობოდ მის მოადგილეს, თარხნიშვილს გზავნიდა. ამ ძველი აუდიტორებიდან დღეს, კონტროლის პალატაში თითქმის არცერთი აღარ მუშაობს.
კონტროლიდან გამოსული ბუღალტერია და გამქრალი 2 335 212.50 ლარი
38 გვერდიან აუდიტის აქტში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საერთო სასამართლოების დეპარტამენტში გამოვლენილ დარღვევებს ბუღალტრული აღრიცხვის წესებში. გთავაზობთ ამონარიდს აუდიტის აქტიდან:
“აუდიტის პერიოდში, ყოველი წლის ბოლოს, 4 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების (საწყობის) სავალდებულო ინვენტარიზაცია. ფაქტობრივად საბუღალტრო სამსახურის მიერ არ კონტროლდებოდა საწყობში ფასეულობათა შემოსვლა და ხარჯვა, ასევე არ ხდებოდა ბუღალტრული ჩანაწერების შედარება საწყობში წარმოებულ ჩანაწერებთან, რის გამოც 2006-2009 წლებში საწყობიდან მატერიალური ფასეულობების გაცემის დამადასტურებელი გასავლის ზედდებულების დროული ასახვა არ ხდებოდა საბუღალტრო დოკუმენტებში. აქედან გამომდინარე, ამ პერიოდის ბუღალტრული ჩანაწერები არ შეესაბამებოდა რეალობას.
2010 წლის 8 ივნისის მდგომარეობით მატერიალური ფასეულობების ნაშთების შესახებ აუდიტის ჯგუფისთვის წარმოდგენილი ცნობის თანახმად (რომელსაც ხელს აწერს საწყობის გამგე) საწყობში ირიცხებოდა 3.6 მლნ ლარის ღირებულების 2.6 ათასი სხვადასხვა დასახელების ფასეულობა. 2010 წლის 21 ივნისის მდგომარეობით წარმოდგენილი ცნობის თანახმად კი საწყობზე ირიცხებოდა 1 280 091.20 ლარის ღირებულების 1 354 დასახელების მატერიალური ფასეულობა, ანუ 8 ივნისის მონაცემებთან შედარებით ნაშთებში აღარაა ასახული 2 335 212.50 ლარის ღირებულების 1270 სხვადასხვა დასახელების მატერიალური ფასეულობა.
2010 წლის 9 აგვისტოს №1373 წერილით დეპარტამენტის მიერ კონტროლის პალატაში წარმოდგენილი იქნა ინვენტარიზაციის შედეგები, რომლის მიხედვითაც საწყობში არსებული ნაშთი 30 ივნისის მდგომარეობით შეადგენდა 1 307 729 ლარს, ხოლო საბუღალტრო მონაცემები წარმოდგენილია მხოლოდ საბალანსო ანგარიშების მიხედვით, აქედან გამომდინარე, წინა წლებში ბუღალტრულად აღურიცხავი მატერიალური ფასეულობების მოძრაობის გასწორება ბუღალტრულ ჩანაწერებში ფაქტობრივად განხორციელდა აუდიტის მიმდინარეობისას.”
მკითხველს შევპირდით, რომ უახლოეს მომავალში მეორე ნაწილსაც შევთავაზებდით და პირობას ვასრულებთ. აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მცდელობისა, მათ შორის მეილზე გაგზავნილი კითხვებისა, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე დიმიტრი გეგელია და სხვა პასუხისმგებელი პირები უარს აცხადებენ კომენტარის გაკეთებაზე.
ჩაუტარებელი ექსპერტიზისთვის გადარიცხული თანხები და 33 საქმის ისტორია
აუდიტის პერიოდში დეპარტამენტის მიერ გაწეულია ხარჯები საექსპერტო და სპეციალური სამუშაოებისთვის. სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა” და დეპარტამენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, აღნიშნული ხარჯების ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენდა ექსპერტიზის ბიუროს მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა და მიღება-ჩაბარების აქტები (ფორმა N5).
როგორც “გურია ნიუსისთვის” მოწოდებული აუდიტის აქტის მიხედვით ხდება ცნობილი, საერთო სასამართლოების მიერ ექსპერტიზის ბიუროს ანგარიშზე გადარიცხულია თანხები, რომელიც სინამდვილეში, პროცესის მონაწილე მხარეებს აქვთ გადახდილი. უფრო მეტიც, გამოიკვეთა 4 სისხლის სამართლის და 1 სამოქალაქო საქმე, რომლის მასალებშიც სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები საერთოდ არ არის, მაგრამ ექსპერტიზის ბიუროდან დეპარტამენტში წარმოდგენილი ფორმა N5–ის საფუძველზე გადაირიცხა 4 390 ლარი. საერთო ჯამში, ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობამ 37 075 ათასი ლარი შეადგინა.
ამონარიდი აუდიტის აქტიდან: “ექსპერტიზის ბიუროდან წარმოდგენილ ფორმა N5–ებში დაფიქსირებული, შესრულებული საექსპერტო სამუშაოების და ექსპერტიზის ვადების და გადასახდელი თანხების რეალობის დადგენის მიზნით, რაიონული და საქალაქო სასამართლოებიდან გამოთხოვილ იქნა 185 საქმეში არსებული განჩინებები ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, საექსპერტო დასკვნები და სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელთა შესწავლით დადგინდა, რომ სასამართლო-საექსპერტო მომსახურების მიხედვით დეპარტამენტის მიერ ზედმეტად არის ანაზღაურებული 37 075 ლარი (33 საქმე).
სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე (ამის აუდიო ჩანაწერიც არსებობს, სოსო ჩიქობავამ “გურია ნიუსს” განუცხადა, რომ ეს ნაწილი (37 075 ლარის ეპიზოდი) აუდიტის ჩატარების პროცესშივე გადაეგზავნა პროკურატურას რეაგირებისთვის, თუმცა რაიმე სახის შედეგი, პროკურატურის მხრიდან, არ დამდგარა.
რემონტი ანგარიშ-ფაქტურების გარეშე და დემონტაჟი უნებართვოდ _ საგამოძიებო სამსახურისთვის გადასაგზავნი საქმე
“გურია ნიუსისთვის” მოწოდებულ აუდიტის აქტში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია სასამართლოების შენობების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ანალიზს. აუდიტორების დასკვნით, არსებული დარღვევები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ საჭიროებდა ჯეროვან შესწავლას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მხრიდან.
ამონარიდი აქტიდან: აუდიტის პერიოდში განხორციელებულია 65 სასამართლოს შენობის 21,206.6 ათასი ლარის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაფინანსება (2006 წელს-5,674.2 ათასი; 2007 წელს _ 6,629.6 ათასი; 2008 წელს _ 5,099.4 ათასი (მ.შ .81.1 ათასი ლარის დეპარტამენტის შენობაზე და 44.8 ათასი ლარის სსიპ “იუსტიციის უმაღლესი სკოლის”), 2009 წელს _ 3,803.4 ათასი ლარის).
დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილია ეკონომიკური განვითარების სამინიტროს 2005 წლის 19 დეკემბრის N 1-1/1225 ბრძანება “აგრარული ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობაში (აღმაშენებლის ხეივანი N6) ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განთავსების შესახებ”. 2005 წლის 22 დეკემბერს გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტი უძრავი ქონების მოვლა-პატრონობის ვალდებულებით ჩაბარების თაობაზე. აღნიშნული შენობის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელსაც აწარმოებდა ს.ს. “ჰიდროსპეცგვირაბმშენი” დაწყებული იყო 2006 წელს, თუმცა სამუშაოებისათვის დემონტაჟი ჩატარებულია შესაბამისი ორგანოს ნებართვის გარეშე, მაშინ როცა მოქმედი წესების შესაბამისად ჩამოწერის აქტების დამტკიცებამდე დემონტაჟი შესაბამისი ორგანოს ნებართვის გარეშე არ დაიშვება.
ასევე, ვერ იქნა წარმოდგენილი ბალანსზე რიცხული სხვა შენობების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ნებართვები, გარდა ხარაგაულის და ხულოს სასამართლოს შენობებისა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2006-2007 წლებში გაწეულია 7, 211.2 ათასი ლარის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც გატარებულია მიმდინარე ხარჯებში და 2007 წლის ბალანსში არ არის ასახული როგორც დაუმთავრებელი მშენებლობა (ან დასრულებული სამუშაოების მიხედვით შენობის კაპიტალიზაცია). 2009 წლის 31 დეკემბრისათვის კი აღიარებულია მხოლოდ 943.2 ათასი ლარის ღირებულება, როგორც დაუმთავრებელი მშენებლობა.
აღნიშნულ შენობაზე 2006 წელს შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარმოდგენილი ფორმა N2-ის მიხედვით შეადგენს 2,023.8 ათას ლარს, 2007 წელს – 5,187.4 ათას ლარს, ხოლო 2008 წელს – 824.9 ათას ლარს. სულ აუდიტის პერიოდში შესრულებულია 8,036.1 ათასი ლარის ღირებულების სარეკონსტრუქციო სამუშაოები. საექსპერტო დასკვნები წარმოდგენილია 3,008.8 ათას ლარზე, ხოლო 5,027.3 ათას ლარის ღირებულების სამუშაოებზე ექსპერტიზა აუდიტის მიმდინარეობისას არ იყო დასრულებული. თუმცა, შესრულებული სამუშაოების ღირებულება სრულად არის ანაზღაურებული. შესაბამისად, მომწოდებლისათვის ზედმეტად გადახდილი თანხის დადგენის შემთხვევაში, თანხის დაბრუნებისათვის ხელშეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული ფინანსური უზრუნველყოფის მექანიზმი.
დეპარტამენტმა ვერ წარმოადგინა პირველადი და აუცილებელი დოკუმენტაცია აღნიშნული სასამართლოს შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე (დეფექტური აქტები, პირველადი აზომვითი ნახაზები, დამტკიცებული და შეთანხმებული პროექტი, მშენებლობის ნებართვა, 2006 წლის N59-ე შესყიდვების ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვა 3,029.5 ათასი ლარზე).
შერჩევითი საკონტროლო აზომვით დადგინდა, რომ 8932,5 კვ.მ თაბაშირ-მუყაოს ჭერის მოწყობაზე გაწეულია 118 407.43 ლარის სამუშაოები, ნაცვლად შესრულებული სამუშაოების აქტებში დაფიქსირებული 11250,5 კვ.მ-ზე 149 131.77 ლარის დანახარჯებისა. ანუ, 2317,98 კვ.მ-ზე 30,724.34 ლარი ზედმეტად არის გადახდილი.
აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევაში სხვადასხვა მომწოდებლების ხარჯთაღრიცხვებში და წარმოდგენილ ფორმა N2-ებში დამატებით ჩართული იყო სოციალური გადასახადი (2008 წელს), მაშინ როდესაც სოციალური გადასახადი 2008 წლის 1 იანვრიდან გაუქმებული იყო. აღნიშნულის გამო დეპარტამენტის მიერ ზედმეტად იქნა ანაზღაურებული 19,689.92 ლარი (შპს “ტექნოტერმი” -4,652.79 ლარი, შპს “კოლიზიუმი”- 15,037.13 ლარი).
ამასთან, 2008 წელს ს.ს. “ჰიდროსპეცგვირაბმშენისა” (2008 წლის 25 თებერვლის N142 ხელშეკრულებით – ანაზღაურებულია 824 890 ლარი, მ.შ. დღგ 125830 ლარი) და შპს “ER გრუპის” (2008 წლის 17 ივლისის N337 ხელშეკრულებით -ანაზღაურებულია 36 630 ლარი, მ.შ. დღგ 5587 ლარი) მიერ წარმოდგენილ შესრულებულ სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტებს (ფორმა-2) არ ახლავს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-6 პუნქტის თანახმად ანგარიშსწორების განხორციელებისათვის მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ანგარიშ-ფაქტურა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია ეცნობოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების საგამოძიებო სამსახურს.” – ვკითხულობთ აუდიტის აქტში. თუმცა, არავის არაფერი გადაგზავნია და ამ ფაქტს არც რაიმე რეაგირება მოჰყოლია…
საწვავი ლიმიტის გარეშე …
არანაკლებ საინტერესოა აუდიტორთა დასკვნა სასამართლოების მიერ მოხმარებულ საწვავზე.
როგორც ირკვევა, ადგილი ჰქონდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტიდან დადგენილ ლიმიტს ზევით საწვავის გაცემის ფაქტებს, რაც განპირობებული იყო იმით, რომ ავტოგასამართ სადგურებში საწვავის მიღების მკაცრი კონტროლის დაწესების მიზნით პლასტიკური საბარათე სისტემის დანერგვის პარალელურად, დეპარტამენტის საწყობიდან ხდებოდა საწვავის ტალონების გაცემა.
ამონარიდი აუდიტორთა დასკვნიდან: “მატერიალურ–ტექნიკური სამმართველოს მიერ, ავტომობილების საწვავის ბარათებზე, ლიმიტირებული საწვავის ჩარიცხვის თაობაზე ცხრილის სახით მოწოდებული ცნობის ერთ-ერთი სვეტი მოიცავდა საწყობიდან ტალონებზე გაცემული საწვავის შესახებ მონაცემებს, რომელსაც საწვავის საბარათე სისტემით გაცემაზე პასუხისმგებელ პირს აწვდიდა საწყობის მატერიალურად პასუხისმგებელი პირი. ცნობაში, საწყობიდან გაცემული საწვავის რაოდენობა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა რეალურად გაცემული რაოდენობისგან.
კერძოდ: 2008 წლის იანვარში, ცნობის მიხედვით საწყობიდან გაცემული იყო 500 ლიტრი საწვავი, ფაქტობრივად დადგინდა, რომ გაიცა 2720 ლიტრი; თებერვალში ცნობის მიხედვით გაიცა 420 ლიტრი, ფაქტობრივად კი გაცემული იყო 1170 ლიტრი; მარტში საწყობიდან გაცემა საერთოდ არ არის დაფიქსირებული ცნობაში, ფაქტობრივად კი გაიცა 3100 ლიტრი. აპრილში ცნობის მიხედვით გაიცა 540 ლიტრი, ფაქტობრივად კი გაცემული იყო 3930 ლიტრი საწვავი. აღნიშნული არაკოორდინირებულობის გამო, საწვავის ლიმიტით განსაზღვრული რაოდენობა ჩაიტვირთებოდა პლასტიკურ ბარათზე, მაგრამ პასუხისმგებელი პირი არ ფლობდა რეალურ ინფორმაციას, საწყობიდან ტალონებით გაცემული საწვავის შესახებ,
არაკოორდინირებული ქმედება იწვევდა საწვავის დადგენილ ლიმიტს ზევით გაცემას. აუდიტის პერიოდში ადგილი ქონდა დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ლიმიტების ხშირ ცვლილებებს (წელიწადში 13-18-ჯერ). რიგ შემთხვევებში საწვავი გაიცემოდა დადგენილ ლიმიტზე მეტი ოდენობით. კერძოდ, აუდიტის პერიოდში ლიმიტს ზევით გაცემულია 14220.1 ლარის ღირებულების 8665 ლიტრი საწვავი.” _ ნათქვამი აუდიტორთა მიერ მომზადებულ დასკვნაში.
იცოდა თუ არა ეს ყველაფერი უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა, რომელსაც უშუალოდ ექვემდებარება საერთო სასამართლოების დეპარტამენტი? რა თქმა უნდა, იცოდა.
კოტე კუბლაშვილი: “2 მილიონ გარკვეული ლარის დანაკლისი კი არ იყო, უბრალოდ რატომღაც ასე ჩაიწერა…”
_ ბატონო კოტე, 2010 წელს კონტროლის პალატამ საერთო სასამართლოების დეპარტამენტში აუდიტი ჩაატარა, რომლის დასკვნაშიც აღნიშნულია, რომ 2 მილიონ ნახევარ ლარამდეა აღმოჩენილი დანაკლისი. თუ დაინტერესდით ამ საკითხით? საკმაოდ დიდ თანხაზეა საუბარი…
_ მოგახსენებთ, ვიცი ამის შესახებ. ბუნებრივია, შემოწმების შედეგებით დავინტერესდი, თუმცა მთავარია, რომ ეს, როგორც დასკვნა არ არსებობს, პროექტია. უკვე ხელმოწერილ დასკვნად იმიტომ ვერ გადაკეთდა, რომ რეალურად ისეთი დარღვევა არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. 2 მილიონ გარკვეული ლარის დანაკლისი კი არ იყო, მერე ყველაფერი გაირკვა, უბრალოდ რატომღაც ასე ჩაიწერა და ყველამ იცის, რომ სწორი ჩანაწერი არ არის… იმ აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც შემოსული იყო, თანამდებობიდან არაეთიკური საქციელის გამო გათავისუფლდა. ამიტომ მის მიერ ჩატარებული დასკვნაც გარკვეული ეჭვის ქვეშ დგას. ეჭვის ქვეშ არის იმიტომაც, რომ ეს 2 მილიონ რამდენიმე ათასის დანაკლისი რეალურად კი არ იყო, ფორმა იყო სხვადასხვა. ყველაფერი აღწერილი და გაწერილი იყო კომპიუტერული წესით, მაგრამ კანონიდან გამომდინარე, კომპიუტერიდან უნდა ყოფილიყო ამოღებული და ქაღალდზე დაწერილი. ანუ დაკარგული კი არ არის რამე, რაც შეიძინეს, ეს აღწერილია, ერთადერთი გაკეთებული არ არის გაწერა, რომ ეს ყველაფერი გაწერილი ყოფილიყო ქაღალდზე. მსგავს შემთხვევაში კონტროლის პალატა და აუდიტის სამსახური ყოველთვის რეკომენდაციას აძლევს, რომ ასე არ მოხდეს. ეს არ იწვევს ისეთ შედეგებს, რომ დიდი დარღვევა მოხდა. ამიტომ, ბუნებრივია, თუ საჭირო იქნება, შემიძლია კიდევ ერთხელ მივმართო კონტროლის პალატას და კიდევ ერთხელ შევამოწმოთ იგივე წლები, რაც მაშინ ნახეს, რადგანაც ის დასკვნა საბოლოო სახით არ დადებულა.
კოტე კუბლაშვილის მიერ ნახსენები აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი, რომლის არაეთიკური საქციელის გამოც (როგორც კუბლაშვილი ამბობს. ავტ) თითქოს აუდიტის შემოწმება ეჭვის ქვეშ დადგა, გია ტუხაშვილი გახლავთ. “გურია ნიუსთან” საუბრისას ის ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება მის არაეთიკურ საქციელთან დაკავშირებით, სრული აბსურდია.
_ ბატონო გია, კუბლაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი წესრიგშია, ერთადერთი გაკეთებული არ არის გაწერა, რომ ეს ყველაფერი გაწერილი ყოფილიყო ქაღალდზე.
_ მთავარი ის არის, რომ მიღებაზე უნდა მოეწეროს ხელი და თუ მაგის საბუთი არ არის, როგორ არის ყველაფერი რიგზე? არც ელექტრონულად ჩანდა მაშინ, რომ საბუთი სახეზე იყო და არც ისე ჰქონდათ არაფერი. დასკვნა, სადაც ეს ყველაფერი აღწერილია, დევს კონტროლის პალატაში.
_ანუ როდესაც კოტე კუბლაშვილი ამბობს, რომ ეს მხოლოდ პროექტი იყო, იტყუება?
_ რა თქმა უნდა. ჯერ ერთი, ამ აუდიტის ჩატარებაზე ხარჯი გაიწია, ხელფასები გამოეწერათ აუდიტორებს და შედეგი არ არის არაფერი? არაფერი არ დაიდო? დასკვნა როგორ არ არსებობს? და თუ არ არსებობს, ეგ უკვე მეორე დარღვევაა.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, იყო თუ არა მასზე რაიმე ზეწოლა მუშაობის პერიოდში, გია ტუხაშვილმა განაცხადა:
_ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უფროსი, დიმიტრი გეგელია მეუბნებოდა, ტყუილად იკლავ თავს, მაგ საქმიდან არაფერი შედეგი არ იქნება, კუბლაშვილთან ყველაფერი მოგვარებულია და რა აქტიც არ უნდა დადო, არავინ დაისჯებაო.
აუდიტორების განმარტებით, საერთო სასამართლოების აუდიტის ჩატარებისთვის განსაზღვრული ვადა 2010 წლის 30 აგვისტოს ამოიწურა. შესაბამისად, აქტიც ამ დროს უნდა შედგენილიყო და ხელმოწერილიყო აუდიტორების მიერ. რის შემდეგაც, გასაცნობად გადასცემოდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტს.
“გურია ნიუსმა” მოთხოვნით, გადმოეცათ ჩვენთვის საერთო სასამართლოების აუდიტის დასკვნა, კონტროლის პალატას 2011 წლის 19 დეკემბერს მიმართა.
კონტროლის პალატის პასუხში, რომელსაც ხელს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ბოტკოველი აწერს, ვკითხულობთ: “კონტროლის პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტში ჩატარებული აუდიტის მასალები რეალიზაციის პროცესშია…”
აუდიტის აქტის დაწყება და დასრულება კი კანონით განსაზღვრულ ვადებში უნდა ჯდებოდეს. აუდიტის სამსახურის მიერ მოწერილი პასუხიდან ცალსახად დგინდება, რომ ვადები დარღვეულია…
და ბოლოს, თუ თვალს გადავავლებთ აუდიტის სამსახურის მიერ გასაჯაროვებულ (მათ შორის საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არ აღმოჩნდა. ავტ.) აუდიტის აქტებს, რომელიც აუდიტის სამსახურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, “აღმოვაჩენთ”, რომ ისეთი სერიოზული სახელმწიფო დაწესებულებებში ჩატარებული აუდიტის დასარულებლად, როგორიცაა: ფინანსთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, აფხაზეთის კულტურის სამინისტრო, აუდიტის სამსახურისთვის სულ რაღაც 2-3 თვე აღმოჩნდა საკმარისი…