მათ შორის იყო საჯარო სამსახურებში გატარებული საკადრო პოლიტიკა: _ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სამსახურებში სერიოზული ცვლილებები გახორციელდა ან მიმდინარეობს. საჯარო უწყებების გარკვეულ ოდენობაში საკმაოდ ბევრმა ადამიანმა უკვე დაკარგა სამსახური და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. გათავისუფლებები მიმდინარეობს, როგორც სახელმწიფო უწყებების ცენტრალურ აპარატებში, ასევე _ რეგიონებში. აღნიშნული პროცესის დროს, რამდენიმე არასასურველი ტენდენცია და ფაქტი იკვეთება, კერძოდ: საჯარო მოსამსახურეების დიდი ნაწილი თვითონ წერს განცხადებას სამსახურიდან წასვლის შესახებ, რაც საქართველოში უმუშევრობის მაღალი დონის ფონზე კითხვებს ბადებს; ბევრ შემთხვევაში ამ ადამიანებს ზემდგომი თანამდებობის პირები აიძულებენ განცხადების დაწერას. აღნიშნულ ფაქტებს ზოგიერთი თანამდებობის პირი საჯაროდაც ადასტურებს; რეგიონებში სამსახურიდან დათხოვნები ძირითადად ხასიათდება იმით, რომ არ იქმნება საატესტაციო კომისიები ან ასეთის არსებობის შემთხვევაში არ არის უზრუნველყოფილი მათი მიუკერძოებლობა; ახალი კადრების აყვანის პროცესი ხასიათდება იმით, რომ კონკურსის გარეშე და ხშირ შემთხვევაში გაუგებარი კრიტერიუმებით ხდება თანამშრომლების აყვანა, _ აღნიშნა “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს” წარმომადგენელმა, ლევან ნატროშვილმა.
კონფერენციაზე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ადგილობრივ თვითმმართველობებში განვითარებული მოვლენები “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” თავმჯდომარემ, ნინო ლომჯარიამაც შეაფასა:
_ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ცვლილების პროცესი, ერთ შეხედვით, არ უნდა შეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, არჩევნების დასრულებისთანავე ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ხელმძღვანელი პირების შეცვლის პროცესი დაიწყო. ცვლილებები ადგილობრივ თვითმმართველობებში, უმეტეს შემთხვევაში, მოქალაქეთა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. ადგილობრივი მოსახლეობა, უმეტესად „ქართული ოცნების“ ადგილობრივი მხარდამჭერები და აქტივისტები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირთა გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მათთვის მისაღები კანდიდატურის დანიშვნის მოთხოვნით მართავდნენ. 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, თანამდებობა დატოვა 46-მა გამგებელმა და 24-მა საკრებულოს თავმჯდომარემ. აქციები დღემდე 28 მუნიციპალიტეტში გაიმართა, აქედან 24 შემთხვევაში საზოგადოების პროტესტი უკანონო ქმედებებში, კერძოდ, ძალადობაში, შენობების შესასვლელების ბლოკირებაში, შენობაში შეჭრასა და საკრებულოს სხდომის ჩაშლაში გამოიხატა.
ახლად დანიშნულმა თანამდებობის პირებმა საკადრო ცვლილებების გახორციელება გამგეობისა და საკრებულოს აპარატებში დაიწყეს. მასიური საკადრო ცვლილებები ძირითადად 21 მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. როგორც წესი, თანამშრომლები პირადი განცხადების საფუძველზე თავისუფლდებიან, რასაც, ხშირად წინ უძღვის ხელმძღვანელ პირებთან თათბირი, _ დასძინა ლომჯარიამ.
1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ჩოხატაურში საკადრო ცვლილება მხოლოდ ორ ადამიანს შეეხო _ თანამდებობა დატოვა გამგებელმა ლელა იმედაშვილმა და მისმა მოადგილემ დიმიტრი კორიფაძემ.
იმედაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო. იგივეს ამბობს დიმიტრი კორიფაძე, მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მტკიცებით, მას თანამდებობის დატოვება ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თემურ ჭკუასელმა და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, თამაზ ჯინჭარაძემ აიძულეს.
ჩოხატაურში სხვა საკადრო ცვლილება არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ იმედაშვილის ერთ-ერთი მოადგილე ჩამოაქვეითეს და სამსახურის უფროსად დანიშნეს. თანამდებობის ყველა სხვა პირს კი სამსახური არ დაუკარგავს.
სწორედ ეს გახდა მიზეზი “ქართული ოცნების” ჩოხატაურელი აქტივისტების განაწყენებისა:
_ ჩვენ ცვლილებებს ველოდით, თუმცა, შედეგად ვერაფერი მივიღეთ. ზეწოლისთვის, შანტაჟისთვის, დევნისთვის იმის გამო არ გაგვიძლია, რომ ახალი გამგებელი დანიშნულიყო და ჯინჭარაძეს 2 000-ლარიანი ხელფასი ჰქონოდა. გვეგონა, რომ იმ პირებს მაინც გაათავისუფლებდნენ, რომლებსაც წინასაარჩევნოდ “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორების ფუნქცია ჰქონდათ შეთავსებული და არჩევნების წინ, თუ არჩევნების დღეს ჩვენს წინააღმდეგ ყველაფერს აკეთებდნენ _ ხალხს სახლებში უვარდებოდნენ, ზოგს შვილის დაკავებით ემუქრებოდნენ, ზოგს ახლობლის სამსახურიდან გათავისუფლებით. რატომ გონია ვინმეს, რომ ეს დაგვავიწყდა?! _ ამბობენ “გურია ნიუსთან” საუბრისას ჩოხატაურელები.
ის, რომ თანამდებობაზე “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების დარჩენა მისასალმებელი არ არის, ჩვენთან საუბრისას კოალიციის წევრმა, გია ნინიძემაც აღნიშნა. იგივე მოსაზრება აქვს “რესპუბლიკელ” მამუკა ცინცაძეს, რომელიც ამბობს, რომ ე. წ. კოჰაბიტაცია საზოგადოებისთვის გაურკვეველია და მათი პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია: _ ის, რომ “ნაციონალები” თანამდებობაზე უნდა დარჩენილიყვნენ, ამის მითითება გამგებელმა, ალბათ, ზემოდან მიიღო, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მამუკა ცინცაძემ.
“ქართული ოცნების” აქტივისტები აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი თამაზ ჯინჭარაძე სერიოზულ საკადრო პოლიტიკას არ გატარებს, აქციებს დაიწყებენ. როგორც ამბობენ, თამაზ ჯინჭარაძემ სამსახურის განყოფილებები სპეციალურად “ნაციონალებისთვის” შექმნა. თავად ჯინჭარაძე ამ ინფორმაციებს უარყოფს და ამბობს, რომ ცვლილებებს დრო სჭირდება.
_ ბატონო თამაზ, საზოგადოება თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით _ თანამდებობებზე “ნაციონალების” დატოვებით უკმაყოფილოა. “ქართული ოცნების” აქტივისტები, ადამიანები, რომლებიც მართლაც მძიმე პირობებში ყველაფერს აკეთებდნენ კოალიციის გამარჯვებისთვის ამბობენ, რომ აქციებს მოაწყობენ. რატომ დატოვეთ თანამდებობებზე “ნაციონალები”?
_ არ მგონია, ეგ საზოგადოების აზრი იყოს. მოვყვეთ თავიდან. თანამდებობაზე არჩევნებიდან 3 თვეში დავინიშნე. მიუხედავად იმისა, რომ აქციებზე ვიღაცა მაშინაც აკეთებდა აქცენტს, მაინც ასე მოხდა. წინა გამგებელს ან საკუთარი სურვილით უნდა დაეტოვებინა თანამდებობა ან დანაშაული უნდა დაემტკიცებინა ვინმეს. ამის შემდეგ წინასაახალწლო დღეები იყო. მე ჩემი მორალური კაპიტალი მაქვს და ამ დღეებში ცვლილებებსაც რომ მოვერიდებოდი, ფაქტია. თვის ბოლოსთვის მომყავს მოადგილეები როგორც თავიდან ვამბობდი, და მივიყვანე ორივე ერთად ისე, რომ ზეწოლაზე საუბარიც კი უსინდისობად მიმაჩნია. ამის დასტურად, თუნდაც, კორიფაძის კომენტარიც კმარა.
ამ ყბადაღებულ განყოფილებების თემას რაც შეეხება, ეს, რა თქმა უნდა, პროცედურებს მოითხოვს. “საკანონმდებლო მაცნეში” პარასკევს გამოქვეყნდა და ორშაბათიდან დაიწყო ცვლილებები. ეს განყოფილებები “ნაციონალებისთვის” არ შემიქმნია. ეს რანგირება საჭიროა და არამარტო განყოფილებების _ სპეციალისტის და წამყვანი სპეციალისტის რანგირებასაც შევეცდები.
რაც შეეხება სოფლებს, მარტის ბოლოსთვის უმრავლესობა შეცვლილი იქნება და იცის საზოგადოებამ, რომ ჩემამდე ეს არ გაკეთებულა არასდროს _ მთავარი და გადამწყვეტი იქნება სოფლის და ხალხის აზრი.
საზოგადოებას და უმრავლესობას კითხვებს არ დაუტოვებ, მაგრამ ისეც ვერ გავაკეთებ, ყველაფერს რომ ყველას მოსაწონი იყოს.
რაც შეეხება “ნაციონალების” დატოვებას, ჯერჯერობით აუცილებელია, ის ხალხი აქ მუშაობდეს. მთავარია, სამსახურის უფროსები შევცვალო. პარიტეტს, ასე თუ ისე, ვიცავ, მაგრამ ყველა დონეზე მე ვერ გავათავისუფლებ ხალხს. მიხედონ დანარჩენ საქმეს სამსახურის უფროსებმა. პირველ ეტაპზე ყველა დავაქვეითე, ყველა ინიშნება გამოსაცდელი ვადით და რომელი სამსახურის უფროსიც წარვადგინე, ყველას დავპირდი, რომ საჯარო სამსახურს გავუხდი სასჯელად.
_ სამსახურის უფროსების შეცვლაში რას გულისხმობთ? ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანას?
_ რატომ ერთი ადგილიდან მეორეზე? თუ გვინდა, რომ მარტო ცუდი დავინახოთ და პრობლემა პრობლემას დავამატოთ ეგ არ ვიცი, მაგრამ ვოვა ლომთათიძე, ვალოდი სიხარულიძე, ნუკრი დუმბაძე, მარინა ბერაძე ერთი ადგილიდან მეორეზე არ გადამიყვანია. არ არის იოლი ადამიანების შერჩევა. გავიგე ის, რომ ყველას ეჩქარება სამსახურის დაწყება, მაგრამ უნდა ვენდობოდე ადამიანებს.
შეიცვლება კადრები თითქმის ყველა სამსახურში და თითქმის ყველა სოფელში. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას არ ეჩქარება, იმიტომ, რომ ხალხი ბრძენია და შეცდომას არ მაპატიებს, ამიტომ ყველა სოფელზე ერთდროულად ვმუშაობ და შევეცდები, უკეთესი გადაწყვეტილება მივიღო.
_ ბატონო თამაზ, თქვენ თქვით, რომ ხელშეკრულებით აყვანილი ყველა პირი გათავისუფლდებოდა. თუმცა, როგორც გავარკვიეთ, ეს ყველას არ შეეხო… ამორჩევა რა პრინციპით მოხდა?
_ ხელშეკრულებით აყვანილ პირებზე მითხარით, ვინ და სად მუშაობს?!
_ მაგალითად, კულტურის ცენტრში ისევ ჰყავთ ხელშეკრულებით აყვანილი პირი…
_ ძალიან ცუდი. რაც შეეხება აიპ-ებს _ თქვენთვის ცნობილია, რომ ერთი აიპ-ი ბახმაროზე იქმნება, შეიცვალა კიდევ ერთი აიპ-ის ხელმძღვანელი _ გოჩა ჯიქია უხელმძღვანელებს სპორტსკოლას. სხვა გეგმებიც არსებობს. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, საერთოდ გავაუქმებდი მაგ აიპ-ებს და ეს ასეც მოხდება, ალბათ, მომავალში.
_ რამდენად დამოუკიდებელი ხართ გადაწყვეტილების მიღების დროს? კოალიციის წევრები ამბობენ, რომ თანამდებობზე “ნაციონალების” დატოვების მითითება ზემოდან მოდის…
_ სრული აბსურდია. ვინც მე მიცნობს, კარგად იცის, რომ ჩემთვის დირექტივები ჩემთვის არსებობს. რჩევას, კი, ბატონო, ყველასგან ვიღებ. დაზუსტებით გეტყვით, რომ თავისუფალი ვარ ჩემს გადაწყვეტილებებში, მაგრამ თავისუფლებაში ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას სულ არ ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვაყენებ ყოველთვის ჩვენს მაჟორიტარს. ასევე შტაბის წევრებთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს და თუკი ვინმე რამეზე ნაწყენია, მობრძანდეს და მითხრას _ საზოგადოების სახელით ნურავინ ისაუბრებს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჯინჭარაძემ.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმართველობა ერთადერთი სტრუქტურა არ არის, რომელთა მისამართით “ქართული ოცნების” აქტივისტების პრეტენზიები ისმის: პოლიცია, პროკურატურა _ ეს ის ორგანოებია, სადაც ისევ ძველი კადრები მუშაობენ. როგორც “მეოცნებეები” ამბობენ, ძალოვან სტრუქტურებში დღემდე ის ადამიანები მუშაობენ, რომლებიც ბოლო 9 წლის განმავლობაში ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანების დევნას ახორციელებდნენ, ასეთი ადამიანების რაოდენობა კი საკმაოდ ბევრია.
“გურია ნიუსის” არქივში ბევრი ფოტო ინახება. მათ შორის იმ პოლიციელებისა, რომლებიც დღეს სხვადასხვა თანამდებობაზე რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე ოპოზიციის ლიდერების დევნით, მათთან შესახვედრად მისული ადამიანების ფოტო და ვიდეო კადრზე აღბეჭდვით, ჟურნალისტებისთვის შეურაცხყოფის მიყენებით და საქმიანობაში ხელის შეშლით იყვნენ დაკავებულები.
უნდა ითქვას ისიც, რომ ზოგიერთი მათგანი ახალმა ხელისუფლებამ დააწინაურა კიდეც _ მათ შორის ტარიელ ცერცვაძე, ადამიანი, რომელიც პოლიციაში შესვლასაც კი გვიშლიდა, “რესპუბლიკელი” მამუკა ცინცაძის დედას (ცინცაძეს, რომელსაც 2009 წელს იარაღი ჩაუდეს, პოლიტპატიმრად აღიარეს, სულ ცოტა ხნის წინ ყველანაირი ბრალი მოუხსნეს და სახელმწიფომ კომპენსანციის გადახდის ვალდებულებაც კი აიღო) პოლიციის კარებთან ხელებს უგრეხდა, ოზურგეთის პოლიციის უფროსის მოადგილე გახდა.
მამუკა ცინცაძე ჩვენთან საუბრისას იმ პოლიციელებს იხსენებს, რომლებიც მის საქმეში ფიგურირებდნენ და დღემდე თანამდებობებზე არიან:
_ ვალერი სალუქვაძე, გოჩა თავაძე, თემურ უჯმაჯურიძე, ტატო ვასაძე… ძალიან ბევრნი არიან. სამწუხაროდ, მათ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი არ უგიათ, _ ამბობს ცინცაძე.
დღემდე ჩოხატაურის პოლიციაში მუშაობს ირაკლი ცქვიტინიძე. იგი ოქტომბრის არჩევნებამდე ოპოზიციის შეკრებებს ვიდეოკამერით იღებდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ცქვიტინიძე იყო გოჩა ჯიქიას საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე _ სწორედ მან “აღმოუჩინა” ოპოზიციონერს ავტომანქანაში “ტროტილი”.
ჩოხატაურის პოლიციის უფროსის მოადგილეა მალხაზ მამალაძე, რომელიც არჩევნების წინა ღამეს, “ქართული ოცნების” აქტივისტებს პირადად ურეკავდა და არჩევნების დღეს დაკითხვაზე იბარებდა.
რიგით პოლიციელებზე რომ არაფერი ვთქვათ, გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე (ამჟამად უფროსის მოვალეობის შემსრულებელი) გოჩა ფერსაშვილი “ნაციონალური” ხელისუფლების დროს ოპოზიციონერებს აქტიურად დასდევდა. უფრო მეტიც, როგორც წყარო ამბობს, მანამდე ფერსაშვილმა სერიოზული გამოცდა ჩააბარა. უფრო დაზუსტებით კი, სწორედ მას დაევალა დამატებითი ძალების ჩაყვანა 7 ნოემბრის აქციაზე. ამასთან ერთად, ფერსაშვილს და მის რაზმს ოზურგეთელი ოპოზიციონერებისთვის “ჭკუის სწავლებაც” დაავალეს. “ჭკუანასწავლებს” შორის კი, როგორც წყარო ამბობს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის ამჟამინდელი შემსრულებელი კოტე შარაშინიძეც იყო:
_ აქციაზე ჩემი მანქანით მივდიოდი. მაშინ პოლიციის სამმართველო რუსთაველის ქუჩის ბოლოში იყო. დამირეკეს და გამაფრთხილეს, რომ პოლიცია მითვალთვალებდა. სამმართველოს გადასახვევთან გავაჩერე მანქანა და შემოვლითი გზით, ფეხით წავედი. როგორც მოგვიანებით მითხრეს, დიდხანს მითვალთვალებდნენ და რომ არ გამოვედი, მანქანა სრულად დალეწეს, _ იხსენებს ჩვენთან საუბრისას კოტე შარაშენიძე.
პოლიციის ერთ-ერთი ყოფილი გურული მაღალჩინოსანი, რომელიც 7 ნოემბრის და 26 მაისის აქციებში იღებდა მონაწილეობას, ამბობს, რომ ორივე აქციაზე გოჩა ფერსაშვილი და მისი ე. წ. “რაზმი”, რომლის შემადგენლობაში 14 ადამიანი იყო და რომელთა უმრავლესობა დღესაც პოლიციაში მუშაობს (ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ მათ ვინაობას), აქციის მონაწილეებს სასტიკად უსწორდებოდა.
თავად ფერსაშვილი, ჩვენს კითხვებს არ პასუხობს და ამბობს, რომ არ იცის, იღებდა თუ არა მონაწილეობას 7 ნოემბრის და 26 მაისის აქციების დარბევაში. არც ის იცის, ჰყავდა თუ არა შექმნილი ე. წ. “სპეცრაზმი”, რომელიც ოპოზიციონერებს დასდევდა და არც ის, ვისი ლობირების დამსახურებაა, რომ არჩევნების შემდეგ (აღსანიშნავია, რომ ფერსაშვილი ოქტომბრის არჩევნებში “ნაციონალების” გასამარჯვებლად ძალებს არ ზოგავდა) სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
რაც შეეხება პროკურატურას, ცვლილება აქაც არ მომხდარა _ დღემდე პროკურორია მალხაზ სირაძე, რომელიც ყველა ოპოზიციონერის საქმეში ფიგურირებს და მის მიმართ არსებული ბრალდებები საკმაოდ ვრცელი და ყურადსაღებია.