რომლებიც დაწვრილებით საუბრობენ, თუ რა ზიანი შეიძლება მიადგეს ამით ქვეყანას. მანამდე, კონტროლს ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია ახორციელებდა, რომელსაც სამი წლის წინ სახელი შეეცვალა, ე. წ. “ოპტიმიზაცია” ჩატარდა და სამ ათეულზე მეტი თანამშრომელი, სხვადასხვა დარგის სპეციალისტი, უმუშევარი დარჩა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც ამჟამად საქართველოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ეწოდება, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის გახორციელება ევალება. დათხოვილი თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ მათი გათავისუფლება მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვან დასკვნას ხელი არ მოაწერეს (ასახელებენ გაზგაყვანილობის მილებს, მეტროპოლიტენის სარემონტო სამუშაოებს და სხვადასხვა ობიექტებს…) და მათ გათავისუფლებას მაშინდელი ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, რატი ობოლაძეს უკავშირებენ.
“თბილისი ბომბზე ზის!” _ ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში, ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოდან დათხოვნილი სპეციალისტი იმ საშიშროებაზე საუბრობდა, რომელიც თბილისის მოსახლეობას ემუქრება გაზგაყვანილობის, მეტროპოლიტენის, საბაგირო გზების უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამჯერად კი, “გურია ნიუსი” იმით დაინტერესდა, თუ ვინ და როგორ აღრიცხავს, აკონტროლებს ქვეყანაში სამრეწველო მიზნით შემოტანილ ფეთქებად ნივთიერებებს.
ჩვენ საქართველოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ოფიციალური წერილით მივმართეთ, რომლითაც ვითხოვდით, თუ რამდენი აქტ-მიწერილობა იქნა შედგენილი 2010-2012 წლებში ამწე-მექანიზმების, ნავთობის საწარმოების და საშიში ტვირთების გადაზიდვის სამმართველოში.
აღნიშნული უწყების უფროსისგან გიორგი კაკაურიძისგან მივიღეთ პასუხი, რომლითაც ირკვევა, რომ 2010 წლის 8 აპრილის საკანონმდებლო აქტით, ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლზე და ზედამხედველობაზე მიწერილობა აღარ გამოიყენება:
“2010-2012 წლებში მიწერილობის, როგორც სსიპ-საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის სახელით, საშიშ საწარმოო ობიექტებზე შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტის გაცემას ადგენდა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ნოემბრის №243 დადგენილებით დამტკიცებული დებულება “ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ,” საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული კანონი კი, ძალადაკარგულად გამოცხადდა “ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით 2010 წლის 8 აპრილს. ამ საკანონმდებლო აქტებმა კი უკვე განსხვავებულად დაარეგულირა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლსა და ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხები და იგი მიწერილობას არ ითვალისწინებს. ამდენად, 2010 წლიდან მოყოლებული დღეის მდგომარეობით, ზედამხედველობის განხორციელება “მიწერილობა” აღარ გამოიყენება.”
ირაკლი რევია, ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობას თავად ეწეოდა: “სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობაში შედის აღრიცხვა, შესყიდვა, ყიდვა, მიმოქცევა, გახარჯვა. რამდენიმე წელია, ტექნიკური ზედამხედველობის ე. წ. სააგენტომ, ეს სფერო ამოიღო თავისი კომპეტენციიდან და ამაზე კონტროლს არავინ ახორციელებს. ვის შემოაქვს, ვის მოაქვს და რა მოაქვს, ოფიციალურად სახელმწიფოსთვის ცნობილია, მაგრამ, მისი გახარჯვის პროცესი, როგორ და რანაირად იხარჯება ფეთქებადი მასალა, ამის აღრიცხვიანობა აღარ არსებობს. სახელმწიფო არაფერს კითხულობს, აღრიცხვის პროცესი მეწარმეს მიაბარა და უთხრა: თუ ვინმეს მისცემ ფეთქებად მასალას და დაგიჭირე, ხომ კარგი, თუ არა -_ კარგად იყავი!
ფეთქებადი მასალების ბრუნვის სფერო მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციას მიეკუთვნება. სახელმწიფომ კანონმდებლობიდან ამოიღო, საკუთარი კომპეტენციიდან მოხსნა “ფორმა 4”, “ფორმა 5” და ეუბნება მეწარმეს, რომ თავად აღრიცხოს. ადრე, ამ ფორმებს სახელმწიფო ლუქავდა, მისი კონტროლის ქვეშ იყო “ფორმა 4,” “ფორმა 5”. სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექცია თავისი ბეჭდით ამტკიცებდა ზონარგაყრილი-დანომრილ ჟურნალს. ეს ყველაფერი იმისთვის იყო შექმნილი, რომ ფეთქებადი მასალის გაჟონვა არ მომხდარიყო. ამაში ჩართული იყო ყველა ის პირი, ვისაც შეხება ჰქონდა ფეთქებად მასალებთან. სახელმწიფო გაძლევს სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვას, მაგრამ კონტროლის მექანიზმია არ აქვს. ადრე ამას აკონტროლებდა ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია.
ამ სფეროს კარგად ვიცნობ. თუ იძლევი ნებართვას, კეთილი უნდა ინებო და გააკონტროლო კიდეც, არ უნდა მოშალო მაკონტროლებელი სისტემა. უცხოურ კომპანიებს არ აწუხებთ საქართველოს კანონმდებლობა, რადგან ხვდებიან, რომ სახელმწიფო კონტროლი არ არსებობს.
ჩვენს დებულებაში ეწერა, თუ რამე დარღვევაც (ფეთქებადი მასალების გაჟონვა) მოხდებოდა, უნდა მიგვემართა ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციისთვის და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისთვის.
შსს გასცემს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ საქმიანობის ნებართვას. “ფორმა 4″-ის სახით ე.წ. დაშვების და საიდუმლო მიმოწერის უფლებას. ესეც კი გაუფასურებულია: ადამიანს დაშვების უფლებას თუ აძლევ, ისიც უნდა იცოდე ვინ არის, რომელი ქვეყნის მოქალაქეა, რა უკეთებია, ნასამართლევია თუ არა, შეურაცხადი ხომ არ არის. ახლა არაფერი კონტროლდება. ყველაფერში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოა დამნაშავე, რადგან მათი კომპეტენცია ძალიან დაბალია, მათ ჩაიდინეს მავნებლობა _ სამსახურის მთავარი ფუნქცია გააუქმეს”.
როგორც “გურია ნიუსს” წყარომ უთხრა, საქართველოში 1 ტონა ფეთქებადი მასალა დაახლოებით 2400 აშშ დოლარი ღირს. ამჟამად გამოიყენება თურქეთიდან ჩამოტანილი “პოვერჯილ მაგნიუმის მაგნიუმი 365” ე.წ “დინამიტი”, რომლის ერთადერთი მომწოდებელი თურქული კომპანია “ორიკა ნიტროს” წარმომადგენელი შპს “გეო-ნიტროა.”
როგორც გავარკვიეთ, საქართველოს მთავრობის მიერ 2006 წლის 16 მაისს მიღებულ №95 დადგენილებაში “სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქცია”, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, დეტალურად არის გაწერილი, ვინ ახორციელებს ფეთქებად მასალაზე კონტროლს და მიღება-გაცემის აღრიცხვას. აღნიშნულ ინსტრუქციაში ფეთქებადი მასალების აღრიცხვის, შენახვისა და არსებობის სისწორის შემოწმებას ეხება მე-16 მუხლი, რომლის პირველ პუნქტში ფეთქებადი მასალების აღრიცხვის, შენახვის და არსებობის სისწორის შემოწმება ტექნიკური ზედამხედველობის წარმომადგენელს ევალება.
2010 წლის 8 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს კანონს ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ, რომელშიც სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობა ნახსენები არ არის. კანონში არ არის გაწერილი, ვინ ახორციელებს ქვეყანაში სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობის კონტროლს. ამის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის მიერ, შემუშავებული იქნა საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესები, თუმცა არც აქ არის დაკონკრეტებული, თუ ვინ ახორციელებს ქვეყანაში სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვის კონტროლს.
მერაბ მეგრელიძე, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომელი: “სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან დაკავშირებულ ნებართვას ჩვენი სააგენტო გასცემს. მეწარმისთვის ნებართვის გაცემა უვადოა. ნებართვის მიღების შემდეგ, უფლება გვაქვს წელიწადში ერთხელ შევამოწმოთ, იცავს თუ არა მეწარმე სანებართვო პირობების შესრულებას და ნორმატიული აქტის მოთხოვნებს.
ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრს, სამრეწველო ფეთქებადი მასალების გამოყენებას ჩვენ ვაკონტროლებთ, მაგრამ იქ ჩართულია კონტრტერორისტული და კონტრდაზვერვის სამსახურებიც. ისინი თავიანთი კუთხით აკონტროლებენ ამ ამბავს. პრეზიდენტის 2010 წლის დადგენილება შეიცვალა და მთავრობის დადგენილებით გაუქმდა მოკვლევის ინსტრუქცია. დანაკლისის და ა.შ. გაუქმების შემდეგ, სააგენტომ დაარეგისტრირა და დღეს არის ძალაში პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ კოდექსი.”
კითხვაზე, თუ ვინ აკონტროლებს ქვეყანაში სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობას, შსს კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსმა მამუკა ლომიძემ გვითხრა, რომ ეს საკითხი მის კომპეტენციას სცდება და გვირჩია, ოფიციალურად მიგვემართა შსს პრესსამსახურისთვის.
შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნინო გიორგობიანს წერილობით, იგივე კითხვით მივმართეთ: “თქვენს კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე კონტროლის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის,” _ ასეთი იყო სამინისტროს პასუხი.
ამ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი სესიაშვილთან ვცადეთ დაკავშირება, მაგრამ, მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, სესიაშვილმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.