როგორც სახლის ბანადრები ამბობენ, მათ გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. ამას დაემატა ისიც, რომ 2008 წელს კორპუსი დაბომბვისას დაზარალდა.
მაყვალა პაპავა, აფხაზეთიდან დევნილი: “არ გვაქვს ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები, არ არის სველი წერტილები, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა. 2008 წელს დაბომბვის შედეგად შენობა დაზარალდა. გამოგვიცვალეს მარტო ფანჯრები, მერე გვითხრეს, დაზარალებული არ ხართ და რა დახმარებას ითხოვთო. გვაწვიმს, ლოგინებს აქეთ-იქით ვატარებთ წვიმის დროს. ფართების დაკანონებას ვითხოვთ და ამასაც ვერ მივაღწიეთ. წინა ხელისუფლებას ელემენტარული ყურადღება არ მოუქცევია. რამდენჯერ მივმართეთ სუბელიანს, მაგრამ ერთხელაც არ მოვუკითხივართ. ახალი მთავრობა ჯერ ახალი მოსულია, მაგრამ ვხედავთ, რომ დევნილებისთვის ბევრი რამ გაკეთდა უკვე. თხოვნა გვაქვს, შემდგომისთვის გაითვალისწინონ ჩვენი მდგომარეობა, ადგილზე მოვიდნენ და თავისი თვალით ნახონ. თუ არ გვეკუთვნის, ნუ გაგვიკეთებენ, მაგრამ მაინც ნახონ, რა პირობებში გვიწევს ცხოვრება.”
მაკა ჯოჯუა, დევნილი: “არაფერი ჩვენთვის არ არის. ფართი არ გვყოფნის, წყალი არ გვაქვს, სველი წერტილები არ მუშაობს. ბინები მაინც დაგვიკანონდეს, რომ ნელ-ნელა ჩვენი ხელით გავაკეთოთ. ახლა რომ გავარემონტოთ და მერე გვითხრან, დაცალეთო? რას ვითხოვთ ამისთანა უსაშველოს _ ვიცოდეთ, რომ ჩვენია ეს ბინები და არ გვქონდეს ღია ცის ქვეშ დარჩენის შიში. ვხედავთ, რომ ახალი მინისტრი საქმეს გულითადად ეკიდება და ვთხოვთ, მოვიდეს და მოგვისმინოს. ჩვენს პირობებს რომ ნახავს, დარწმუნდება, რომ ერთ პატარა ტყუილსაც არ ვამბობთ და 21-ე საუკუნეში ასეთ პირობებში გვიწევს ცხოვრება.”
“გურია ნიუსმა” გაარკვია, რომ ყოფილი მე-5 ტრესტის შენობა, სადაც დევნილები ცხოვრობენ, კერძო საკუთრებაა და სწორედ ამიტომ არ გარემონტებულა. ფართების დაკანონება კი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო შეძლებს ამ შენობის შესყიდვას. სხვა შემთხვევაში, დევნილებს მოუწევთ ლოდინი, სანამ ახალი ფართები იქნება გამოყოფილი.