ორგანიზაცია ორიენტირებულია ბავშვებზე ზრუნვასა და განვითარებაზე, აგრეთვე იმ ბავშვების მოძიებაზე, რომლებიც ქუჩაში ატარებენ დროის დიდ მონაკვეთს.
ორგანიზაცია “მომავლის ბავშვები” მჭიდროდ ითანამშრომლებს განათლებისა და კულტურის სამინისტროებთან.
ნათია სვანიძე, ორგანიზაციის ხელმძღვანელი: “ჩვენი მთავარი მიმართულებაა ბავშვებზე ზრუნვა, რომ მომავალი თაობა იყოს საზოგადოების სრულფასოვანი ნაწილი, შექმნან ღირებულად მატერიალური დოვლათი და საქართველოს ხვალინდელი დღის განვითარებისთვის თავიანთი სიტყვა თქვან. ჩვენი ძირითადი მიზანია ბავშვების არაფორმალური აღზრდა-განვითარება. სკოლა ამას დღეს ვერ ახერხებს, რადგან პედაგოგს იმდენი მოვალეობა აქვს, რომ მას აღარ რჩება დრო ბავშვის ფსიქოლოგიურ, სოციოლოგიურ განვითარებაზე იზრუნოს, ამიტომ ჩვენი ორგანიზაცია ყველანაირად შეუწყობს ხელს ბავშვების განვითარებას. განსაკუთრებით იმ ბავშვებთან ვიმუშავებთ, რომელთა მშობლები სხვა ქვეყანაში მუშაობენ და ბავშვებს აკლიათ დედის ხელი. გარდა ამისა, სხვა ორგანიზაციებთან ერთად გვინდა ქუჩას მოვწყვიტოთ ის ბავშვები, რომლებიც დროის უმეტეს ნაწილს აქ ატარებენ. ჩვენ გვინდა სკოლების ბაზაზე, თუ მოგვცემენ ამის უფლებას, ჩამოვაყალიბოთ სხვადასხვა წრეები, რომ თუნდაც კვირაში სამჯერ შესაძლებლობა გვქონდეს, ეს ბავშვები ამ წრეებში დავაკავოთ, რათა ნახონ, რომ მოწყალების და ქუჩაში დგომის გარდა, არსებობს დიდი ღირებულების სამყარო. არავინ იცის, ქუჩაში მდგომ ბავშვებში, რა პოტენციალი იმალება”.
პრეზენტაციაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა საზოგადოებას თავიანთი მიზნები, საქმიანობის ფორმები, მოკლევადიანი პროექტები და სამოქმედო პროგრამა გააცნეს.