იგი პირველად აჭარის რეგიონის აქტივს შეხვდა, და ბათუმში მიხეილ მაჭავარიანთან ერთად ჩავიდა. შემდეგ ვახტანგ ბალავაძესთან ერთად სამტრედიას ესტუმრა. მას სამტრედიის შტაბის ხელმძღვანელი ავთანდილ სტურუა უწევდა მასპინძლობას. შეხვედრა ბაღდათშიც შედგა.
როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, იგი ყველა რეგიონულ ოფისში ჩავა და თანაპარტიელებთან სამომავლო გეგმებს განიხილავს. მერაბიშვილის თქმით, პარტაქტივთან იმ კანდიდატებზე მსჯელობს, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა მომავალი შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის დაასახელებს.
მერაბიშვილის ვიზიტის შემდეგ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ოფისში პარლამენტის წევრმა გიორგი თევდორაძემ და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთანდილ სტურუამ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. მათ ავთანდილ სტურუას პროკურატურაში მესამედ დაბარება გააპროტესტეს და ხელისუფლებას მიმართეს. გიორგი თევდორაძე ავთანდილ სტურუას საოლქო პროკურატურაში დაბარებას შუალედური არჩევნებისთვის მომზადებაში ხელის შეშლის მცდელობად მიიჩნევს.
ჩვენი ბევრი წყაროს ინფორმაციით, მერაბიშვილის ვიზიტები 19 აპრილის აქციის ორგანიზებას ეხება,
ჩვენ ამ და სხვა საკითხებზე, პოლიტიკაში დაბრუნებულ ვალერი ხაბურძანიას ვესაუბრეთ.
_ რას ემსახურება ვანო მერაბიშვილის ვიზიტები რაიონებში? რაიონის მოსახლეობა საკმაოდ დაშინდა. ამბობენ, 19 აპრილის მერე ნაციონალები ისევ დაბრუნდებიანო და ისინიც კი გაჩუმდნენ, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში საკმაოდ აქტიურები იყვნენ. რატომ დაშინდა მოსახლეობა და რამ გაუცრუა იმედი?
_ მაგათ მარტო ხალხი თუ დააბრუნებს, რაც გამორიცხულია. განწირული პროვოკაციის გარდა ნაციონალებს არაფერი შეუძლიათ, ხალხმა კი ღირსება გაიხსენოს, როგორ შეიძლება გაკოტრებული იმიჯების ეშინოდეთ? მთავარია, ხელისუფლებას არაფერი გამოეპაროს, ხელისუფლება მარტო თავის თავზე არ აგებს პასუხს _ ქვეყანას მიადგება ზიანი.
_ როგორ ფიქრობთ, 19 აპრილს ბევრი ხალხი მივა აქციაზე?
_ არ მგონია, ალბათ, მაქსიმუმ 5-7 ათასი, თუ ფულით არ ჩაიყვანეს და ისიც საღამოს შემოეცლებათ. მთავარია, იქ ვინმე არ დაიჭრას ან არ დაზიანდეს. ამ ტიპის პროვოკაციას გეგმავენ, ეს მე აქ გავიგე და მანდ თუ არ იციან…
_ ამ აქციას წინ უძღვის 14 აპრილს პოლიტპატიმრების აქცია. როგორ ფიქრობთ, ამ აქციის შემდეგ შეიძლება 19 აპრილის აქცია აღარ გაიმართოს?
_ ნაციონალების ეგ მცირე ჯგუფი დიდი ვაჟკაცობით არ გამოირჩევა, მაგრამ უტიფრები და ყველაფერზე წამსვლელები კი არიან, სამწუხაროდ. ასე რომ, გაიმართება. გამოსავალს ერთში ვხედავ _ ხალხი უნდა გამოფხიზლდეს და გამოერკვეს, სხვას ყველაფერს კატასტროფისკენ მივყავართ.
_ რუსეთში მცხოვრები ქართველების აზრი როგორია დღევანდელი მთავრობის კურსზე?
_ არაერთგვაროვანი, მაგრამ უმეტესობა ურთიერთობის აღდგენის მომხრეა, სხვა აზრი ანომალიურია, თუმცა, სამწუხაროდ აქაც არიან ასეთები. ნორმალური ურთიერთობების აღდგენა აუცილებელია, საქართველოს პოლიტიკურ სისტემას გაუჭირდება პრორუსული ორიენტაციის გარეშე.