ა.წ. 17 თებერვალს, მუხრან ბურჭულაძეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პირადად გაუგზავნა გაფრთხილების წერილი, შეეწყვიტა საჯარო რეესტრის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება და გამოეჩინა მისი თანამდებობისათვის აუცილებელი თავშეკავება და კორექტულობა, აღარ დაეცინა საჯაროდ საკუთარი თანამშრომლებისთვის და გაეთავისებინა, რომ მის პროფესიულ მოვალეობებს შორის ერთ-ერთი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა იყო. იუსტიციის მინისტრი თვლის, რომ მის გამგებლობაში შემავალი ყველა სფეროს მუშაკი არა ერთი რომელიმე პოლიტიკური მიმდინარეობის, არამედ ხალხის სამსახურში უნდა იდგეს. მუხრან ბურჭულაძემ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინა. ამასთან, მუხრან ბურჭულაძეს, ა.წ. 18 მარტს შიდა კონტროლის სამსახურს გამოტანილი აქვს გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ.
რაც შეეხება ამავე სამსახურის ორ სხვა თანამშრომელს – მანანა ნატროშვილსა და იმედო არჯევანიძეს, მათთან მიმართებაში საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობას აქვს იგივე პრეტენზიები და თვლის, რომ ისინი არასათანადოდ ასრულებენ საკუთარ მოვალეობებს. მანანა ნატროშვილის მიმართ, ა.წ. 22 თებერვალს, შიდა კონტროლის სამსახურს გამოტანილი აქვს გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ. თუმცა, დღეს დილით, იუსტიციის მინისტრი არ დაეთანხმა ამ ორი თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას და მომცა ინსტრუქცია, ეს პროცესი შემეჩერებინა და მათთვის გამოსაცდელი პერიოდი მიგვეცა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სამი თანამშრომელი საჯარო რეესტრის მუშაობის პარალიზებას შეეცადა და თანამშრომლებს გაფიცვისაკენ მოუწოდა, იუსტიციის მინისტრმა აზრი შეიცვალა და ეს ორი თანამშრომელიც, ამ წუთიდან, გათავისუფლებულნი არიან დაკავებული თანამდებობებიდან.
“საჯარო რეესტრის იურიდიული სამსახური აგრძელებს მუშაობას და მოქალაქეების მომსახურებას საფრთხე არ ემუქრება. პირიქით, მიმდინარე საკადრო ცვლილებები სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ წლების მანძილზე საჯარო რეესტრის იურიდიული სამსახურის მოქალაქეებისადმი აგდებული დამოკიდებულება შეიცვალოს და ის მხოლოდდამხოლოდ მოქალაქის ინტერესისა და საჭიროებების დაკმაყოფილებაზე იყოს ორიენტირებული.”– ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს