“მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმე შეგნებულად ჭიანურდება და არ იხსნება. თქვენი გუნდის წევრმა, რომელიც ეხლა ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზეა, პირადად მე დამაბრალა ამ ბავშვის მკვლელობა. ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი პოზიცია”, _ განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.
“რაც შეეხება ბარბარე რაფალიანცის საქმეს, მისი გამოძიება ცხელ კვალზე არ მოხდა, ერთი თვე რეალურად დაიკარგა, რამაც ჩიხში შეიყვანა გამოძიება. მე ბარბარე რაფალიანცის ოჯახს ბოდიში მოვუხადე, რადგან შევპირდი, რომ ძალიან მალე დავდებდით გამოძიების მასალებს და ეს ვერ მოხერხდა. ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ იმ ეტაპზე სხვა ინფორმაცია მქონდა. ეს არ არის მარტივი საქმე”, _ განაცხადა ღარიბაშვილმა.
გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, რამდენიმე თვის წინ ჩადენილი დანაშაულის გახსნა ადვილი უნდა იყოს: “მანანა ბერიკაშვილმა ბრალი დამდო უმძიმეს დანაშაულში, რაც არის ცრუ დასმენა. ამაზე უნდა იყოს თუ არა გამოძიება დაწყებული, თქვენი აზრი მაინტერესებს”, _ მიმართა მან ღარიბაშვილს.
ამ კითხვას ღარიბაშვილმა კითხვითვე უპასუხა: “მე არ მინდოდა გამეხსენებინა ეს საქმე, მაგრამ რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ… 4 თუ 5 წელი იყო შეჩერებული ეს საქმე, პროკურატურამ დაგიბარათ, რათა ჩვენება მიგეცათ, რატომ არ მიხვედით? მე რომ თქვენთვის, უმცირესობისთვის მეთქვა, მე არ მოვალ, თქვენ მობრძანდით და ჩემს კაბინეტში დავილაპარაკოთო, მოგეწონებოდათ?
ჩვენ პატივს ვცემთ კანონის უზენაესობას. როდესაც გამოძიებას თქვენს მიმართ კონკრეტული შეკითხვები აქვს, ეს არ უნდა აქციოთ სალაპარაკოდ და პოლიტიკური განცხადებების გაკეთების საფუძვლად. მეც მინდა თქვენი პოზიცია მოვისმინო, რატომ არ მოხვედით?” _ შეუბრუნა კითხვა ღარიბაშვილმა.