2012 წლის ივლისის ბოლოს, ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან ყველა მსხვილმა კომპანიამ მიიღო დავალება, რომ მმართველი პარტიის ანგარიშზე მინიმუმ 300 000 ლარი გადაერიცხა.
წყარო, რომელმაც ეს ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში მოგვაწოდა, თავად გახლდათ ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ასეთი დავალება მიიღო. სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე დავიწყეთ მაშინ იმ შემომწირველთა გადამოწმება, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანგარიშზე ირიცხებოდა.
კომპანია “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია”, “ვინგს ანდ ფრიმან კაპიტალ”, “უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ” იგივე “უნიქარდი”, “ვი თი ბი ბანკი”, კომპანია “ლოპალი”, სადაზღვევო კომპანია “აისი ჯგუფი”, “საქკაბელი” და უამრავი სხვა კომპანია, რომლის თითქმის ყველა მეწილე ცალ-ცალკე სწირავდა “ნაცმოძრაობას” კანონით გათვალისწინებულ მაქსიმალურ თანხას 60 000ლარს, საერთო ჯამში სწორედ “დავალებულ” 300 000-ზე ადიოდნენ.
ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, მიმართეს თუ არა მათ პროკურატურას პარტიული სახელით განხორციელებულ ბიზნესტერორზე. ადვოკატი დიმიტრი გაბუნია მიიჩნევს, რომ მის მიერ შეტანილ საჩივრებთან დაკავშირებით, რომლებიც სწორედ დატერორებულ ბიზნესმენებს ეხება, პროკურატურა რეაგირებას აგვიანებს.
“ყველაფერი 2006-2007 წლიდან დაიწყო, 2008 წლიდან კი აღმოაჩინა ყოფილმა ხელისუფლებამ, რომ მე მათთვის საინტერესო პერსონა ვიყავი. მათი მხრიდან ინტერესი იმაში გამოიხატებოდა, რომ უნდა დამეფინანსებინა “ნაციონალური მოძრაობა”. მე, რა თქმა უნდა, ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც მითითებდნენ, იმიტომ, რომ ჩემი გარემოცვიდან, ბიზნესურთიერთობებიდან, გაგებული მქონდა, რომ თუ მათ მოთხოვნას არ შევასრულებდი, ამას სერიოზული პრობლემები მოყვებოდა…”_ აცხადებს “გურია ნიუსთან” საუბრისას ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი, რომელიც დეტალურად საუბრობს იმ სქემაზე, რომლითაც მას “ნაცმოძრაობისთვის” ფულის გადახდას აიძულებდნენ.
“ ესენი ძირითადად იყვნენ ფინანსური პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მარტივად, სატელეფონო ზარით მიბარებდნენ ფინანსურ პოლიციაში და მეც მივდიოდი მათთან კაბინეტში. ისინი პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ ფული უნდა გადამეხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის.”
“ნაცმოძრაობისთვის” ფულის გადახდის ბიზნესვალდებულება ყველა არჩევნებზე ჰქონდა. ვალერი შოშიაშვილის განცხადებით, მან თანხა გადაიხადა 2008 წელსაც, 2010 -შიც, 2011-შიც და 2012 -შიც, რამაც საბოლოო ჯამში, მილიონნახევარი შეადგინა. ფულის გადახდა ხდებოდა როგორც პირდაპირ პარტიის ანგარიშზე გადარიცხვით, ისე სხვა მეთოდებითაც: ითხოვდნენ უძრავ ქონებას, ავტომანქანებს და თუ რომელიმე მათგანი იპოთეკით დატვირთული აღმოჩნდებოდა, მიმართავდნენ გეგმა “ბ”-ს სახელწოდებით _ “SMS –აუქციონი.“
პროკურატურისა და ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნები აუქციონის პირობებს, ანუ როგორ უნდა “ეყიდათ” ბიზნესმენებს 8 000 ლარიანი ქონება 700 000 ლარად, მესიჯებით უგზავნიდნენ ადრესატებს. “ქონება”, რომელშიც მილიონებს იხდიდნენ, ბიზნესმენებს თვალითაც არ ჰქონდათ ნანახი და არც აუქციონში მონაწილეობის მიღების თხოვნით “აწუხებდნენ”. ჩატარებული აუქციონის ნომერ მიუნიჭებელ ფურცლებს აბარებდნენ და ფულის გადახდას სასწრაფო წესით სთხოვდნენ:
“2010 წლის 10 აპრილს, ჩემს მობილურ ტელეფონზე განხორციელდა ზარი. უცნობი გამეცნო როგორც პროკურატურის თანამშრომელი ვინმე ბექა ბასილაია. მან მთხოვა სასწრაფოდ გამოვცხადებულიყავი მთავარ პროკურატურაში, რომელიც მდებარეობს გულუას მოედანთან. იქ მისვლის შემდეგ მან ამიხსნა, რომ უნდა წარმედგინა ჩემი კომპანიების საბუღალტრო დოკუმენტაცია, რისთვისაც მომცა სამი დღის ვადა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბექა ბასილაიას მოთხოვნის საფუძველზე დოკუმენტაცია გადავიტანე აუდიტის სამსახურში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არანაირი მიღება–ჩაბარების აქტი აუდიტის სამსახურს არ წარუდგენია. აუდიტის ეზოში დამხვდა ვინმე მამუკა ლაშხია და ეთერ სახოკია, მათი მითითებით, ჩემი კომპანიების საბუღალტრო დოკუმენტაცია მოვათავსეთ შენობის პირველ სართულზე შესასვლელში.”
რამდენიმე დღის შემდეგ, ვალერი შოშიაშვილი მამასთან ერთად დაიბარეს პროკურორ ზაზა მალუძის სამუშაო ოთახში და მოთხოვეს, რომ აღნიშნული ქონება, რაც კი გააჩნდა, უნდა გადაეცათ კონკრეტული პირისთვის უსასყიდლოდ. მას შემდეგ, რაც ბიზნესმენებმა განუცხადეს, რომ ყველა ქონება ბანკის სასარგებლოდ იყო დატვირთული, პროკურორმა განუცხადა, რომ ეს ფაქტი მისთვის ცნობილი იყო და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავდა და ალტერნატიულ ვარიანტს გამოძებნიდა. და გამოძებნა კიდეც…
“ორი დღის შემდეგ ჩემს მობილურზე მოვიდა შეტყობინება, რომ კახეთში, კერძოდ ყვარლის რაიონის სოფელ გრემში ტარდებოდა აუქციონი, რომელზეც გატანილი იქნებოდა გრემის კულტურის სახლი.
მე მონაწილეობა უნდა მიმეღო აუქციონში და შემეძინა იგი 700 000 ლარად. თუმცა მისი რეალური ფასი შეადგენდა 8130 ლარს (რაც დასტურდება დამოუკიდებელი აუდიტის მიერ შედგენილი დასკვნით).
აღნიშნული ქონების საწყისი ფასი 100 000 ლარი. მე დიდი გაჭირვებით მოვიძიე ბეს თანხა, რაც შეადგენდა 30 ათას ლარს და შევიძინე აუქციონში მონაწილეობის ბილეთი. რამოდენიმე დღის შემდეგ ჩემთვის უცნობმა პირმა თბილისში მომაწოდა აუქციონში გამარჯვების დოკუმენტი. პირი გამეცნო როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. აქვე მინდა აღვნიშნო,რომ აუქციონში მონაწილეობა არ მიმიღია. მე არ გამაჩნდა ინფორმაცია გამოტანილი ქონების შესახებ. ბ.ბ.-მ განმიმარტა, რომ ამ ქონების გარდა სექტემბრის თვეში უნდა მიმეტანა 300 ათასი ლარი, რის შედეგაც დამიბრუნებდნენ ჩემი კომპანიების საბუღალტრო დოკუმენტაციას. ერთ ერთი შეხვედრის დროს მე განვუცხადე თუ რაიმე სახის ჯარიმა მეკუთვნოდა იგი დაეკისრა აუდიტის სამსახურს. რის პასუხადაც ისენი დამემუქრნენ, რომ შემესრულებინა ყველა მათი მითითება წინააღმდეგ შემთხვევაში დაიჭერდნენ ჩემი ოჯახის წევრებს.” _ აცხადებს ბიზნესმენი ჩვენთან საუბრისას.
შოშიაშვილს “ნაციონალური მოძრაობის” გარდა სხვა “საზრუნავიც” ჰქონდა, მას “ქრისტიან-დემოკრატებისთვის” საეთერო დრო უნდა შეეძინა ტელეკომპანია “რუსთავში 2”-ში:
“მათთვის როდესმე არც ფულის გადარიცხვის სურვილი მქონია და არც საეთერო დროის ყიდვის და საერთოდ, მე რატომ უნდა მეყიდა მათთვის საეთერო დრო?” _ კითხულობს შოშიაშვილი, რომელსაც ეს “მომსახურება” 50 000 დოლარი დაუჯდა.
საერთო ჯამში, ვალერი შოშიაშვილის ბიზნესი გაკოტრებამდე მივიდა, რასაც მოყვა ქსელების შემცირება და მუშა-ხელის დათხოვნა სამსახურიდან. ამ ყველაფერს ზედ დაემატა სესხი “საქართველოს ბანკში”, რომელიც აუქციონში “მონაწილეობის მისაღებად” აიღო 700 000 ლარის ოდენობით.
ბიზნესმენის განცხადებით, მისი დატერორების მცდელობა ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც გრძელდებოდა:
“ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მე მივმართე ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას და მამუკა მდინარაძეს, რათა აღდგენილიყო სამართლიანობა და დამნაშავეები დასჯილიყვნენ. 19 ოქტომბერს მე დამიკავშირდა ბექა ბასილაია და მთხოვა შეხვედრა მთავარ პროკურატურაში, შეხვედრას ესწრებოდა პროკურორი ზაზა მალუძე, რომელმაც მითხრა, რომ 2000 ლარის გადახდის შემთხვევაში (შეიძლებოდა თანხის კიდევ უფრო შემცირება) გაფორმდებოდა საპროცესო განრიდება და დამიბრუნებდნენ ბუღალტრულ საბუთებს. მე თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი და დავპირდი, რომ დამნაშავეები დაისჯებოდნენ. ბექა ბასილაიამ ამაზე მიპასუხა, რომ სამწუხაროა ახალი პოლიტიკური ხანა რომ დადგა, თორემ სხვანაირად გაგისწორდებოდიო.”
ვალერი შოშიაშვილი ამბობს, რომ გამოძიებისგან და მთავარი პროკურატურისგან გაცილებით მეტს ელოდა, ვიდრე ამ ეტაპისთვის კეთდება. ყველაზე დიდი იმედგაცრუება მისთვის ის არის, რომ გამომძიებელი, რომელიც მას მესიჯებს წერდა, დღეს კვლავ პროკურატურაში მუშაობს და სხვა ადამიანების დაკითხვითაა დაკავებული.
რატომ სდუმდნენ აქამდე ბიზნესმენები, რატომ აკოტრებინებდნენ თავიანთ შექმნილ კომპანიებს მმართველ პარტიას, ამაზე ყველა მათგანს ერთნარი, სტანდარტულიდა რიტორიკული პასუხი აქვთ: რომელი ორგანოსთვის მიგვემართა, ვინც გვაშანტაჟებდა და გვატერორებდა, იმისთვის?
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნამდვილად მუშაობენ სამართალდამცავ სტრუქტურებში. ბასილია – პროკურატურაში, მალუძე კი _ შსს-ში…