სასწრაფო დახმარების ბრიგადები დღეს მოშიმშილეთა დასახმარებლად ორჯერ გამოიძახეს. მოშიმშილეები პროკურორ ავთანდილ კილაძის უპირობო გადაყენებას ითხოვენ. მათი განცხადებით, პროკურორის საქმიანობით უკმაყოფილოები არიან და ამბობენ, რომ მათი ოჯახის წევრები პროკურორმა ავთანდილ კილაძემ უკანონოდ დააპატიმრა.
მოშიმშილეები გუშინ ამბობდნენ, რომ ღამით ადგილი ჰქონდა პროკურორის მამის, შოთა კილაძის მხრიდან მათი მისამართით განხორციელებულ ზეწოლას და შეურაცხყოფას. მომხდარს პროკურატურა იძიებს.
ავთანდილ კილაძე პროკურატურის საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად რამდენიმე წელია მუშაობს.
თავად ავთანდილ კილაძე აცხადებს, რომ დეტალებს გამოძიება დაადგენს, რაც შეეხება მისი თანამდებობიდან გადადგომას, პროკურორი ამბობს, რომ გადადგომის გადაწყვეტილებას იგი მხოლოდ კომპეტენტური პირების მიერ წარმოდგენილი საფუძვლიანი არგუმენტების შემთხვევაში მიიღებს.