2013 წლის ბიუჯეტით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამაში 150.000 ლარია გათვალისწინებული.
ეს მონაცემები “გურია ნიუსის” მიერ გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციით დასტურდება.
ჩვენ რამდენიმე ოჯახს ვესტუმრეთ იმის გასარკვევად, როგორ ცხოვრობენ ისინი დღეს.
ოზურგეთელმა ლალი წეროძემ 2012 წელს 5 000 ლარი მიიღო: _ უკიდურეს მდგომარეობაში ვიყავით. საცხოვრებელ სახლში წყალი ჩამოდიოდა და აუცილებლად საჭიროებდა გარემონტებას. თანხით, რომელიც მივიღეთ, შევაკეთეთ სახურავი. ერთი პრობლემა კი მოვაგვარეთ, მაგრამ სხვა დაგვრჩა, ძალიან ავარიულ სახლში გვიწევს ცხოვრება, _ გვითხრა ლალი წეროძემ.
ქალაქ ოზურგეთში, 76 წლის ეთერ ჯაში სხვის სახლში ცხოვრობს. ის, დიდი ხანია, ითხოვს ხელისუფლებისგან დახმარებას, რომ საკუთარი სახლი ჰქონდეს. მისი პრობლემით საქართველოს პირველი ლედი, სანდრა რულოვსი დაინტერესდა და ადგილობრივ ხელისუფლებას მიუთითა, რომ ეთერ ჯაშისთვის დახმარება გაეწია. ეთერ ჯაშის თქმით, ხელისუფლებისგან 1000 ლარი მიიღო, ხოლო გურიის გუბერნიისგან _ 500 ლარი: _ ახლა სხვის სახლში ვცხოვრობ და ეს სახლიც იყიდება. კვირაში რამდენჯერმე მოდიან და კითხულობენ სახლის პირობებს. არ არის გამორიცხული, რომ ძალიან მალე გაიყიდოს და უცებ, ღია ცის ქვეშ დავრჩე. 1500 ლარი კი მივიღე, მაგრამ მაინც ვერ მოვაგვარე პრობლემა. სადაც ახლა ვცხოვრობ, მოპირდაპირე მხარეს არის საცხოვრებელი ერთოთახიანი ბინა, რომელიც იყიდება. გადავწყვიტე, მეყიდა, მაგრამ ბანკმა სესხი არ მომცა, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ეთერ ჯაშმა.
ოზურგეთში, ჩოხატაურის ქუჩაზე, 60 წელს გადაცილებული ციური თალაკვაძე ცხოვრობს. 2011 წელს საცხოვრებელი ბინა დაეწვა, მხოლოდ მაცივარი გადაურჩა ხანძარს. ოჯახმა კი გამგეობისგან დახმარების სახით 500 ლარი მიიღო: _ ნამდვილად მივიღე გამგეობისგან დახმარება, 500 ლარი გადმომეცა. სახლში ოთხი სული ვცხოვრობთ და არცერთი არ ვმუშაობთ. სოციალური დახმარება არ გვაქვს _ როდესაც ბინა დაგვეწვა, მაშინ შეგვამოწმეს და მაინც მაღალი ქულები მივიღეთ. პენსია მაქვს და ამით ვცხოვრობთ. არ ვიცი, ასე სანამდე უნდა გავძლოთ, _ გვითხრა ციური თალაკვაძემ.
გულნარა ზოიძე ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას 1994 წლიდან ითხოვდა. 2012 წელს მას 3000 ლარი გადმოერიცხა საცხოვრებელი სახლის შესაკეთებლად: _ ახლა მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და იმედია, რომ მალე მომიწევს საკუთარ სახლში ცხოვრება. 1994 წლიდან მე და ჩემი და, ხან სად ვიყავით და ხან კიდევ სად. სამწუხაროდ, ჩემი და რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. სოციალური დახმარება არ მაქვს და არც სამუშაო ადგილი… _ განაცხადა გულნარა ზოიძემ.
ოზურგეთელმა აბესალომ ხავთასმა, 2010 წელს, გამგეობიდან მიღებული 5 000 ლარით საცხოვრებელი სახლის სახურავის პრობლემა მოაგვარა. ხავთასის ოჯახში 7 ადამიანი ცხოვრობს, ყველაზე პატარა აბესალომ ხავთასის უმცროსი შვილია, უხუცესი კი _ მისი დედა, რომელიც 88 წლის არის.
აბესალომ ხავთასი: _ ორი წლის წინ მივიღე 5 000 ლარი, ერთი პრობლემა მოვაგვარეთ. სახლში არავინ არ ვმუშაობთ. მეუღლე გარდამეცვალა და ჩემს უმცროს შვილს უფროსი შვილი უვლის. სოციალურ დახმარებას ვიღებთ და ამით ვყიდულობთ პროდუქტებს.
სოციალური დახმარების იმედზე არის ანასეულში მცხოვრები მადონა მესხიშვილის რვასულიანი ოჯახი. მან დახმარებისთვის მხოლოდ ერთხელ მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას და 2012 წელს 200 ლარი გადასცეს. ანასეულში, უნივერსიტეტის ქუჩაზე 2012 წელს 8 ოჯახს გადასცეს 200-200 ლარი.
მადონა მესხიშვილი: _ სახლში ამჟამად მე და ჩემი შვილები ვცხოვრობთ. ჩემი მეუღლე ციხეშია. სოციალური დახმარების სახით თვეში 150 ლარს ვიღებთ. მეტი შემოსავალი არაფერი გვაქვს. ძალიან მძიმე ცხოვრებაა. ერთჯერადი დახმარება 2012 წელს მივიღეთ, მაგრამ ის თანხა წამში დავხარჯეთ.
200 ლარი ასევე ანასეულში მცხოვრებმა, მერი ჯიოშვილმაც მიიღო. მერი ჯიოშვილის თქმით, აღებული თანხა სახლში მცირე რემონტისთვის გამოიყენა.
მერი ჯიოშვილი: _ სოციალურ დახმარებას ჩვენ არ ვიღებთ და სახლში არავინ არ მუშაობს. მთელი წელი თხილის იმედზე ვართ. ძალიან გვიჭირს და ეს თანხა მინიმალური იყო.
ირმა ჭეიშვილი ანასეულში საერთო ბინაში ცხოვრობს. ერთოთახიან ბინაში სამი სულია: _ მინდოდა ფართის მომატება და ამისთვის ვითხოვდი სამშენებლო მასალებს. გამგეობისგან მივიღე 1000 ლარი. ამ ფულით ეს პრობლემა ვერ გადავჭერი და წყალი შემოვიყვანე. სოციალურ დახმარებას ადრე ვიღებდი, მაგრამ მომიხსნეს და მხოლოდ პოლისი დამიტოვეს. არც ქათამი მყავს და არც ძროხა, მაგრამ მაინც დიდი ქულები მივიღე, _ გვითხრა ირმა ჭეიშვილმა.