“მიმდინარე წლის 22 თებერვლიდან სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეწყვეტს აღდგენებსა და დასაქმებასთან დაკავშირებული განცხადებების მიღებას. ასეთ განცხადებებს მომავალში თავდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი თანამდებობრივი საკვალიფიკაციო კომისია განიხილავს. ის ცენტრალიზებულად იმუშავებს, დასაქმების მსურველებს სპეციალურ ტესტირებას და შემოწმებას ჩაუტარებს და ამის შემდეგ მოამზადებს სარეკომენდაციო გადაწყვეტილებებს მათი დანიშვნისა თუ დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.” _ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
ამ განცხადებაში არაფერია ნათქვამი წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ დათხოვნილი სამხედრო პირების საქმეების შესწავლაზე.
რა გახდა ჯგუფის მუშაობის შეწყვეტის მიზეზი და ვის უნდა მიმართონ სამხედრო პირებმა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით? ამის გარკვევას “გურია ნიუსი” თავდაცვის სფეროსა და სამართლის ექსპერტებთან შეეცადა.
თეონა აქუბარდია (არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში” წარმომადგენელი):
“პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ თავდაცვის უწყებაში წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი პროფესიონალი იქნა დათხოვნილი პოლიტიკური თუ სხვა მიზეზების გამო, რაზეც წლების განმავლობაში წერდა მედია. რაც მთავარია, ამ ხალხს შორის არიან ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც დასავლეთში სხვადასხვა სამხედრო სასწავლებლებში მიიღეს განათლება და ქვეყანას ამ რესურსის დაკარგვის უფლება არ აქვს. მინისტრი ალასანია თავდაცვის უწყებაში მისვლის დღიდან აცხადებდა, რომ შეიქმნებოდა სპეციალური კომისია, რომელიც განიხილავდა უკანონოდ დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთა პირად საქმეებს და რომ მოხდებოდა საქმეების შესწავლის შემდგომ მათი აღდგენა სამსახურში. მინისტრის ხედვის პრეზენტაციაზე ბატონი ალასანია აცხადებდა, რომ 3000 შესული განცხადებიდან 500 იყო დაკმაყოფილებული და 300 ადამიანი იყო მოლოდინის რეჟიმში. არსებობს ინფორმაცია, რომ განცხადებების ოდენობამ 5000 -ს მიაღწია და კომისიამ საბუთების მიღება ამ მოტივაციით შეაჩერა. იმ ფონზე, როდესაც თავდაცვის უწყებას აქვს აღებული სტრატეგია მაქსიმალურად გამჭვირვალედ მუშაობის საზოგადოებისთვის, და მით უფრო რომ ეს საკითხი არის დიდი ინტერესის საგანი უშუალოდ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, მნიშვნელოვანია თავდაცვის უწყებამ მაქსიმალურად საქმის კურსში ჩააყენოს არა მხოლოდ განმცხადებლები, არამედ საზოგადოება ამ პროცესის მიმდინარეობის შესახებ. რიგი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები აცხადებენ, რომ მათ განცხადება 3 თვის წინ შეიტანეს კომისიაში, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ სამინისტროსგან. მესმის, რომ კომისიას აქვს ბევრის საქმე და დროში ვერ ესწრება განცხადებების განხილვა, თუმცა ვფიქრობ შესაძლებელია გარვეული ვადები იყოს თითოეული განცხადების განსახილველად დადგენილი, რათა თითეულმა ადამიანმა იცოდეს რა ვადაში მოხდება მისი პირადი საქმის განხილვა და როდის ექნება პასუხი უწყებიდან. ასევე საინტერესოა რა უნდა ქნას იმ ხალხმა, რომელსაც მიაჩნია რომ უკანონოდ დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან და ვერ მოხვდა ამ ხუთიათას კაცში? რა ბერკეტი აქვს მოფიქრებული თავდაცვის სამინისტროს ასეთი კატეგორიის ხალხისთვის?
კონკურსის წესით ამ ხალხის მიღება კარგია, თუმცა როგორ მოხდება მათი უფლებების აღდგენა, იმ შემთხვევაში თუ ს უფლება დარღვეულია ეს ის კითხვაა, რომელიც გაჩნდება ასეთ შემთხვევაში.”
“გურია ნიუსი” ამ საკითხთან დაკავშირებით სამართლის ექსპერტს ლევან ალაფიშვილს დაუკავშირდა:
” დავიწყოთ იქედან, რომ ეს ადამიანები თავდაცვის სამინისტროდან სხვადასხვა მიზეზებით გაათავისუფლეს, ძირითადად სუბიექტურით. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ გადახედილი ყოფილიყო მათი საქმეები. თუმცა ამ კომისიის მიერ, მოხდებოდა მათი ბიოგრაფიის გადახედვა შესწავლა და არა აღდგენა, არამედ ხელახლა აყვანა სამსახურში. იმიტომ, რომ რეაბილიტაციას ახდენს სასამართლო, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში ვადების თვალსაზრისით გავლილი იყო ან არ იყო გავლილი, იმიტომ, რომ ეს ხალხი ვერ ხედავდა იმის საჭიროებას, მიემართათ სასამართლოსთვის. შესაბამისად, რჩებოდა მხოლოდ ერთი საშუალება, თუკი რეაბილიტაციის გზით წავიდოდნენ, მინისტრს ბათილად ეცნო თავისივე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, მაგრამ ამას თავისი თანმდევი შედეგები მოსდევს. ალასანიას ბათილად რომ ეცნო 2006 ან 2007 წელს გამოცემული აქტი, მაშინ ამ ადამიანებისთვის სრულად უნდა აენაზღაურებინათ ამ წლების განაცდური. შესაბამისად, ამ კომისიის ჩარჩოში მოუხდათ მოქმედება, რომელიც ერთის მხრივ, შესაძლოა კეთილშობილური მიზანი იყო, მაგრამ სამართლებრივად არასწორად დაგეგმილი. ფაქტია, რომ ყველაფერი უნდა მომხდარიყო კანონის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მკაცრ რეგულაციებს, მათ შორის სამსახურში აღდგენის თვალსაზრისითაც” _ განაცხადა ლევან ალაფიშვილმა “გურია ნიუსთან”.
ფაქტი ისაა, რომ საკითხი ღია რჩება. “გურია ნიუსი” შეეცადა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურთან დაკავშირებას დეტალების გასარკვევად, თუმცა რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
თუ სამინისტროს წარმომადგენლებს დამატებითი ინფორმაციის მოწოდების სურვილი გაუჩნდება, ჩვენ მზად ვართ, გამოვაქვეყნოთ
თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად კი: “2012 წლის 25 ოქტომბრიდან 12 თებერვლის ჩათვლით თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აღდგენისა და დასაქმების თხოვნით 3 323 პირმა მიმართა. მათ შორის, 443 უფროსი ოფიცერი, 409 უმცროსი ოფიცერი, 1 976 კაპრალი და სერჟანტი და 495 სამოქალაქო პირია.
მიღებული განცხადებებიდან 435 სამხედრო და სამოქალაქო პირი უკვე აღდგენილია, ხოლო 500-მდე პირი დანიშვნის პროცედურებს გადის.”
მიღებულ განცხადებებს გაერთიანებულ შტაბში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი განიხილავდა. მის შემადგენლობაში თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები შედიოდნენ.
სამუშაო ჯგუფი შემოსულ განცხადებებს წოდების, დათხოვნის საფუძვლის და ქვედანაყოფების მიხედვით ახარისხებდა და მათ დამატებით შესასწავლად სტრუქტურულ ქვედანაყოფებს უგზავნიდა.