სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იყო ქვეყნის ურბანიზაციის სტრატეგიაზე, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მომზადდება. დოკუმენტი რეგიონული განვითარებისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი იქნება და დაგეგმილ რეფორმასთან ერთად გახორციელდება. ამ ეტაპისთვის დასრულებულია სტრატეგიაზე მუშაობის პირველი ფაზა, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის, საცხოვრისის პრობლემებს, დემოგრაფიულ საკითხებს სხვადასხვა რეგიონებთან მიმართებით. დაიწყება მუშაობა სტრატეგიის მეორე ნაწილზე, რომელიც ურბანიზაციის სტრატეგიის საკითხებს ეხება.
„მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მომზადდება საქართველოს ურბანიზაციის განვითარების სტრატეგია. ამ დოკუმენტის მნიშვნელობა იმით არის ხაზგასასმელი, რომ ის იქნება ჩვენი რეგიონული განვითარებისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ნაწილი და ჩვენს მიერ დაგემილ რეფორმასთან ერთად განხორციელდება“, – განაცხადა შეხვედრის დასრულებისას დავით ნარმანიამ.
საქართველოში მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორის, აჰმედ აივეიდას თქმით, შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა საკითხები, რომელიც საქართველოში ურბანულ მართვას უკავშირდება.
„ახლა გადავდივართ მეორე ფაზაზე, რომელიც ურბანიზაციის სტრატეგიის საკითხებს ეხება. მოუთმენლად ველოდებით მთავრობასთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობას ამ მიმართულებით. ველოდებით ურბანული სტრატეგიის მეორე ფაზის დაწყებას, სადაც აქცენტი იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე გაკეთდება, რისი შემოთავაზებაც ქალაქებს შეუძლიათ“, – განაცხადა აივეიდამ.