მეუღლეს, 20 წელია, გაშორებულია და ოჯახის რჩენა მარტოს უხდება. სამი შვილის დედაა, უფროსი ცალკე ცხოვრობს, შუათანა, 37 წლის ირაკლი მჟავანაძე შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, უმცროსი ვაჟი იმედა 28 წლისაა, ჰყავს 10 თვის ბავშვი და თვითონ და მისი მეუღლეც უმუშევრები არიან. უკიდურესად უჭირთ, თუმცა, მეოთხე წელია, სოციალური დახმარების დანიშვნას ამაოდ ელიან.
_ მეოთხე კლასში იყო ირაკლი, როცა მოულოდნელად დამბლით მოწყდა და მას შემდეგ გადაადგილება აღარ შეუძლია. ბევრჯერ მყავდა სამკურნალოდ, მაგრამ არაფერი ეშველა. მალე ქმარმაც მიმატოვა და დამრჩა შვილები ჩემს ამარა. უმცროსი ვაჟი, სამუშაო რომც იყოს, ვერსად მიდის, რადგან ძმა ავადმყოფი ჰყავს და მის ერთი სკამიდან მეორეზე გადაყვანას, კაცის ღონე სჭირდება. ასეთ უბედურებაში მყოფს, ოთხი წელია, მაწამებენ და სოციალურ დახმარებას არ მინიშნავენ, რა აზრი აქვს ლაპარაკს? ახლა მაჟორიტარ დეპუტატთან, კვაჭანტირაძესთან ვიყავი და დამპირდა, აუცილებლად დაგეხმარებიო. ამ იმედით ვარ, თორემ საშველი აღარაა და არც არავისი მჯერა, _ გვიამბობს გუგული მჟავანაძე.
ირაკლის 100-ლარიანი პენსია აქვს. ხუთსულიანი ოჯახის შემოსავალი სწორედ ეს ასი ლარია, რომელიც ხშირად მხოლოდ წამალს არ ჰყოფნის:
_ ჩემს ათი თვის შვილს, რასაც ჩვენ ვჭამთ, იმას ვაჭმევთ, ჩვილისთვის აუცილებელი საკვები სად გვაქვს? ამას ხომ ფაფა, რძე და ხილი სჭირდება, მაგრამ ეს ყველაფერი ნაკლებად გაუსინჯავს და უჭამია, რა ვქნათ? _ ამბობს გუგული მჟავანაძის ახალგაზრდა რძალი.
მჟავანაძეების ოჯახი სარგებლობს სამედიცინო პოლისით. ესაა მათი ერთადერთი შეღავათი, სოციალური მომსახურების სააგენტოში მრავალწლიანი სირბილის შემდეგ.
_ ალბათ, დაუჯერებლად მოგეჩვენებათ, მაგრამ ხუთი ოპერაცია მაქვს გაკეთებული და აქედან ორჯერ სიმსივნე ამომკვეთეს. სული კი მიდგას, ესაა. პოლისი მქონდა და ესეც რომ არ ყოფილიყო, ახლა ცოცხალიც არ ვიქნებოდი. 59 წლის ვარ და პენსია ჯერ კიდევ არ მაქვს. ადრე მეორე ჯგუფის ინვალიდის სტატუსი მქონდა, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მომიხსნეს, ასეა საჭიროო. ხუთჯერ რომ ადამიანს ოპერაციას გაუკეთებენ, იმისთვის რაა საჭირო, იმას თუ მეტყვიან? _ გვეკითხება ქალბატონი გუგული.
გასული წლის მაისში მას 58 ათასი ქულა მიანიჭეს და ახლა კიდევ ერთი თვე სჭირდება, რომ ხელახალი განცხადების დაწერის უფლება მისცენ. თუმცა, ძალიან იმედდაკარგულია და ამბობს, ცოცხალი თავით ოზურგეთის სააგენტოში არ მივალო: _ დეპუტატს ველოდები და ის თუ მიშველის. მაგათი იმედი მე არ მაქვს, ერთხელ საბუთები მოვითხოვე, ასეთი ავადმყოფი შვილის პატრონს მომვლელის პენსია მაინც მომეცით, თბილისში უნდა წავიდე,-მეთქიდა იცით, რა მითხრეს? ფეხით წადი, ფეხითო!
მჟავანაძეების საკარმიდამო ნაკვეთი, სულ 1500 კვ. მეტრია. რამდენიმე ძირი მანდარინი და სხვადასხვა სახის ხილი აქვთ, რომელსაც მცირე რაოდენობით იწევენ და საჭმელად თუ ჰყოფნით. კმაყოფილი მხოლოდ საბოსტნე ადგილით არიან. თუმცა, მხოლოდ ბოსტანში მოწეულით თავის გატანა, თვიდან თვემდე, სეზონზე თუ შეიძლება.
_ გუშინ ვისესხე 25 ლარი, ნახევარი ტომარა ფქვილი ვიყიდე, ხუთ სულს ხუთ დღეს თუ გვეყოფა. ახლა ვფიქრობ, რა ვქნა ხუთი დღის შემდეგ, როცა ვალი ცალკე უნდა გავისტუმრო, ფქვილი უნდა ვიყიდო და რით, არ ვიცი. ასევე, შუქისა და წყლის გადასახადისთვისაც მომაკითხავენ. ეს სიცოცხლეა? სახლის ფანჯრებზე “კარდონი” მაქვს აკრული, მინის ნაცვლად, მაგრამ ამას ვინ დაეძებს, შიმშილისგან თავის დაღწევაზე მაქვს საქმე, რით ვუშველო ოჯახს? _ გვეუბნება გუგული მჟავანაძე და აღნიშნავს, რომ დეკლარაცია, რომელსაც წლების მანძილზე ავსებდა და ეუბნებოდნენ, მხოლოდ მისგან მიღებული მონაცემების საფუძველზე ენიშნებოდა ან არ ენიშნებოდა დახმარება, თურმე, ოჯახის უფროსის შევსებულ დეკლარაციაში, ასევე სააგენტოს უფლებამოსილი პირის შეფასებაც შედიოდა, რომელსაც დახმარების დანიშვნისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ხალხს კი ეუბნებოდნენ, შენ რაც დაწერე და ხელი რაზეც მოაწერე, იმის მიხედვით დაგენიშნა დახმარებაო. ეს ამბავი ახლახან გახდა ცნობილი, რისთვისაც ყველა გაჭირვებული გაბრაზებული და გაღიზიანებულია, მათ შორის, გუგული მჟავანაძეც.
აღნიშნულის თაობაზე ჩვენ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსს ვასილ ხომერიკს მივმართეთ.
_ ბატონო ვასილ, ჩვენ არაერთი სოციალურად დაუცველი მოგვმართავს უსამართლოდ გაუქმებული დახმარების გამო. ამასთანავე საუბრობენ დეკლარაციაში არსებული ერთი გრაფის გამო _ “სააგენტოს უფლებამოსილი პირის შეფასება”, რომელიც, თურმე, ოჯახის უფროსისგან მალულად ივსებოდა. სწორედ ამ პირის შევსებული მონაცემების საფუძველზე ხდებოდა დახმარების დანიშვნა. ხალხს კი პირიქით ეუბნებოდნენ. იცოდით თუ არა, რომ ასე ატყუებდნენ ადამიანებს?
_ თქვენ, ეტყობა, არ ხართ კარგად გარკვეული და კითხვას არ მისვამთ სწორად თუ კონკრეტულად გაინტერესებთ, წერილობით მოგვმართეთ და კონკრეტულ პასუხს გაგცემთ.
_ მე მგონი, კითხვა დავაკონკრეტე _ სოციალურად დაუცველები ამბობენ, რომ თურმე, დახმარება გაჭირვებულებს გვენიშნებოდა სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შევსებული მონაცემების მიხედვით და არა ისე, როგორც წლების მანძილზე გვარწმუნებდნენ, თქვენი შევსებული მონაცემების მიხედვით გიწერთ კომპიუტერი ქულებსო…
_ ვერ ვიგებ(?) რას მეუბნები, ეს პროგრამა იხვეწება ყოველდღე, არის სიახლეები, მოგვმართეთ, კონკრეტულად რა გაინტერესებთ და გაგცემთ პასუხს.
_ რაკი წერილობითი კითხვა გაინტერესებთ, მოგმართავთ და საოჯახო დეკლარაციის ასლსაც გაახლებთ…
იურისტი ია მემანიშვილი: “საოჯახო დეკლარაციის ამ ფურცელს უმალავდნენ იურისტებს, სასამართლოს, თვით სოციალურად დაუცველს. ეს არის, ასე ვთქვათ, უსამართლობის აღმოჩენა. ეს არის დარღვევა კონკრეტულად იმ იმ პიროვნების უფლებებისა, ვისთანაც აღწერა ჩაატარა სააგენტომ. ჩნდება სერიოზული ეჭვი, რომ ახლა სურთ სერიოზული დარღვევების დამალვა, რაც შემდგომი კვლევის საგანი უნდა გახდეს და ამაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოთ ჟურნალისტებმა. მე პირადად, ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი შემხვდა, რომელიც სააგენტოსგან ითხოვს აღნიშნულ ფურცელს, რომ ნახონ, რა ჩაუწერეს შიგ, თუმცა, დღემდე პასუხი არ აღირსეს. რამდენიმე პირს კი, გამოკითხვაც დაუწყეს, თქვენ ვინ გითხრათ ამ ფურცლის არსებობის შესახებო? ვიმედოვნებ, რაკი ახალი ხელისუფლება მოვიდა, ამის გამოკვლევა მოხდება. მერე კი, თავისთავად, შედარებით მაღალი შემოსავლების მქონენი აღარ მოხვდებიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში და _ პირიქით.”