როგორი სიტუაციაა ამ მხრივ ბაკურიანში და მიდიან თუ არა აპრილში დაანონსებულ აქციაზე ბაკურიანელები? ამ თემაზე ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია BMG (ბაკურიანის მომავლის ჯგუფი) წევრს, დავით ბერიძეს გავესაუბრეთ.
_ რა მდგომარეობაა ბაკურიანში არჩევნების შემდეგ _ იგრძნობა ცვლილებები?
_ მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი არაჯანსაღი ფონისა, ჩვენს რეგიონში მაინც პოზიტიური განწყობაა და შენარჩუნებულია რწმენა იმისა, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება და სამართლიანობა აღდგება _ მიუხედავად დღესდღეობით არსებული და ჩვენთვის, ყველასათვის კარგად ნაცნობი უამრავი საწინააღმდეგო ბერკეტისა.
_14 აპრილს სპორტის სასახლეში დაანონსებულ აქციაზე რას ფიქრობთ?
_ აქციას ჩვენც ვუერთდებით. მიმაჩნია, რომ ეს აქცია საჭიროზე მეტიცაა. აუცილებლობას წარმოადგენს და ვთვლი, რომ ჯერ ბევრი არაფერი გაკეთებულა სამართლიანობის აღსადგენად. ხალხი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მთელ ერს ასე არაადამიანურად გვისწორდებოდა, კვლავ აგრძელებს თავისუფლად “მოღვაწეობას” და ხშირ შემთხვევებში, ისევ იგივე თანამდებობებიდან. ყველამ უნდა აგოს პასუხი ერისა და ქვეყნის წინაშე! ასევე საკუთარი სინდისის წინაშე. წინა ხელიფუფლებაც და მის დროს არსებული რეჟიმი ნამდვილად უნდა გასამართლდეს.
_ საზოგადოების ნაწილს დიდი იმედი აქვს, რომ 14 აპრილის აქციის შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
_ 14 აპრილის მერე სიტუაცია რამდენად შეიცვლება, ვერ გეტყვით, თუმცა, იმედი და სურვილი ნამდვილად დიდი არსებობს ვითარების ამ კუთხით გამოსწორებისა.
_ თქვენ საკმაოდ აქტიურად იყავით ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორია ხვალინდელი დღის თქვენეული პროგნოზი.
_ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სიტუაცია ძალიან მალე შეიცვლება და ამის წინაპირობაც არსებობს, რადგან უამრავი საქმე გაკეთდა და ასევე უამრავსაც ყოველდღიურად ეყრება საფუძველი. თუ ეს სადმე არ ჩანს, ან ვინმე ვერ ხედავს, იმითაა გამოწვეული, რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრი, როგორც პოლიტიკაში მოსვლამდე, ასევე მას შემდეგაც, ღიად არასოდეს აკეთებს იმის აფიშირებას, თუ რა გააკეთა (განსხვავებით ყოფილი მთავრობისაგან), რაც არასწორად მიმაჩნია უკვე ამ აპლუაში. ვფიქრობ, რომ აუცილებლად მართებს მისი დეკლარირება. ასე რომ, ნამდვილად ვხედავ მომავალში სასიკეთო ძვრებს და ვხვდები, რომ ჩვენს ბრძოლას უშედეგოდ არ ჩაუვლია.
_ 19 აპრილის აქცია _ ამბობენ, რაიონებში აქციაზე წასასვლელად ხალხს ზოგს აშინებენ, ზოგს ფულს აძლევენ. ბაკურიანში რა ხდება ამ მხრივ და როგორ შეფასებას მისცემდით ამ დღეს?
_ ასეთი რამ პირველად გავიგე ახლა. საინტერესოა როგორ ან რით შეიძლება “ნაციონალურმა მოძრაობამ” დააშინოს ხალხი? თუ მასე ხდება, გამოდის ისევ თავის მხარდამჭერებზე ახდენენ ზეწოლას, რადგან საჯარო სამსახურებში ახალი არავინ დანიშნულა, 19 აპრილს არანაირი ყურადღება არ ექცევა არა მარტო ბაკურიანში, არამედ მთელს ჩვენს რეგიონში. მხოლოდ ხუმრობითა და ირონიით მოიხსენიებენ ამ ხელოვნურად დასადგმელ სპექტაკლს და ბუნებრივია, სერიოზული მიდგომა ნამდვილი სისულელე იქნებოდა ამ თარიღთან დაკავშირებით.