მინისტრმა პრესკონფერენციის დაწყებამდე იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტები მიმოიხილა. მან მოსამართლეებს საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მიღება მიულოცა და დასძინა, რომ იმ მოსამართლეებსაც კი, რომლებმაც საზოგადოებისათვის მტკივნეული გადაწყვეტილებები მიიღეს, შანსი უნდა მიეცეთ, დაიბრუნონ მოსამართლის სახე.
მინისტრი, ასევე, შეეხო კანონს პროკურატურის შესახებ, რომლის ამოქმედებისთანავე წულუკიანს პროკურორის ფუნქციები აღარ ექნება, თუმცა, მინისტრის თქმით, ის გააგრძელებს კონტროლის გახორციელებას პროკურორებზე: “მინდა მივმართო პროკურორებს _ იუსტიციის მინისტრი შეინარჩუნებს კონტროლს პროკურორებზე, არც ერთ პროკურორს არ მიეცემა საშუალება დაარღვიოს კანონი”
მინისტრის თქმით, პროკურატურაში ძალიან მალე დაიმსხვრევა ადეიშვილისდროინდელი პროკურორის სტერეოტიპი..
თეა წულუკიანმა დამსაქმებლებს და დასაქმებულებს ახალი შრომის კოდექსის შესახებ ესაუბრა _ მინისტრის თქმით, კოდექსი თანაბრად იცავს დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებებს.
იუსტიციის მინისტრის ჩიპიან პირადობის მოწმობებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ბარათზე მფლობელის ვინაობის და მისამართის გარდა, არანაირი ინფორმაცია არ განთავსდება.
თეა წულუკიანი აცხადებს, რომ რომ მალე გამოქვეყნდება ვიდეორგოლი რომელიც აჩვენებს, თუ რა ინფორმაციის შენახვას გეგმავდა წინა ხელისუფლება ამ ჩიპზე, მაგრამ ვერ მოასწრო,
“მე მივმართავ წმინდა სინოდს და მინდა მათგან მოვისმინო კვალიფიციური აზრი, რამდენად შეიძლება მონაცემების ეს ნუსხა ეწინააღმდეგებოდეს მართლმადიდებლურ დოგმებს; მე, ასევე, მივმართავ რელიგიურ უმცირესობებს ამ საკითხთან დაკავშირებით.”
იუსტიციის მინისტრი იუსტიციის მშენებარე სახლების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ყველა დაწყებული მშენებლობა დასრულდება, თუ ის არ ეწინააღმდეგება კულტურულ ინტერესებს: “ის იუსტიციის სახლები, რომლებიც არის საძირკველჩაყრილი, ჩემი სურვილია, რომ დასრულდეს, გარდა იმ შემთხვევებსა, სადაც აღმოჩენილია შეუსაბამობა ქართული კულტურის ინტერესებთან. თუ აღმოჩნდა, რომ მცხეთის იუსტიციის სახლი შენდება იმ ადგილას, რომელიც დაცულია იუნესკოს მიერ, მომიწევს გადაწყვეტილების მიღება, შევწყვიტოთ ეს მშენებლობა და მოვახდინოთ დაწყებული კედლების კონსერვაცია. გადაწყვეტილება მკაცრად იქნება შესაბამისობაში ქართული კულტურის ინტერესებთან,” _ განაცხადა მინისტრმა