ამის შესახებ ვაშაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს და სინოდის დასკვნასაც აქვეყნებს.
_ “2012 წლის 5 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში შედგა წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავჯდომარეობდა სრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II.
განხილული იყო საკითხი ახალი ტიპის პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. წმინდა სინოდი აცხადებს: სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია,საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია,მაგრამ, რადგანაც ეს საკითხი იწვევს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებულ იქნას ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები” _ წერს ვაშაძე და დასძენს, რომ “იმედია ამას წულუკიანი წაიკითხავს.”
ვაშაძემ ეს პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც თეა წულუკიანმა, ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრისას აღნიშნა, რომ წმინდა სინოდს მიმართავს და მისგან მოითხოვს რელიგიურ შეფასებას ID ბარათზე არსებული მონაცემების შესახებ.
_ “მე პირადად ვიყავი ჩართული ახალი პირადობის მოწმობის, როგორც წინა ხელისუფლებამ უწოდა მას ბარბარიზმით – ID ბარათის შიდაუწყებრივ კვლევაში და დავადგინე ყველა ინფორმაცია, რომელიც დღეს არის დაცული ჩიპზე. ეს არის გვარი სახელი, დაბადების ადგილი, თარიღი, პირადი ნომერი და მისამართი. ჩემი გადაწყვეტილებაა, რომელსაც მთავრობაც იზიარებს, რომ დამატებითი ინფორმაცია ID ბარათის ჩიპზე არ უნდა შეინახოს. მომავალ დღეებში მივმართავ წმინდა სინოდს და მისგან მოვითხოვ რელიგიურ შეფასებას ამ მონაცემების შესახებ. მინდა მათგან მოვისმინო კვალიფიციური აზრი, რამდენად შეიძლება მონაცემთა ეს ნუსხა ეწინააღმდეგებოდეს რელიგიურ დოგმებს და მართლადიდებლურ რწმენას. ასევე, იგივე შეკითხვით მინდა მივმართო რელიგიურ უმცირესობებს. მას შემდეგ, რაც იქნება მიღებული პასუხი, შეგვეძლება ზაფხულისთვის ამ ბარათებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.