ცოტა ხნის წინ, ფოლკლორის ცენტრში გამართული პრეზენტაცია მოწმობს, თუ რა დიდია ამ პროექტისადმი ინტერესი და რა სამომავლო მნიშვნელობა აქვს მის გახორციელებას. წარდგენაზე ახალი პროექტი მოიწონეს და დადებითად შეაფასეს მეცნიერებმა, ეთნომუსიკოლოგებმა, ლოტბარებმა, მომღერლებმა, მოცეკვავეებმა, ქორეოგრაფ-ქორეოლოგებმა, ფოლკლორისტებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა, ეთნოგრაფებმა, საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებმა.
ჩვენ ვესაუბრეთ ენციკლოპედიური გამოცემის იდეის ავტორს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორს, გიორგი უშიკიშვილს: _ ენციკლოპედიის ასეთი ტიპის გამოცემის იდეას დასაბამი მისცა ცენტრის ძველ არქივში დაცულმა მასალებმა _ ფოლკლორის დარგის გამოჩენილი მოღვაწეების ბიოგრაფიებმა (დედნებმა), რომელთა მოძიება, ჩაწერა და შეგროვება დღესაც ინტენსიურად გრძელდება. გამოცემაში, ბუნებრივია, შევლენ თანამედროვენი, რომელთა შემოქმედებასაც გასულ საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. ჩაფიქრებული გვაქვს ენციკლოპედიური ტიპის ხუთტომეულის გამოშვება, რომლებიც ასე განაწილდება: პირველი ტომი _ მომღერლები, ლოტბარები, ეთნომუსიკოლოგები; მეორე _ ფოლკლორული ანსამბლები; მესამე _ ქორეოგრაფები, მოცეკვავეები, ქორეოლოგები; მეოთხე _ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები და მკვლევარები (ალბომი-კატალოგი); მეხუთე _ სახალხო მთქმელები, ავტორმთქმელები (ნიმუშებითურთ), შემკრებნი, მკვლევარები. რა თქმა უნდა, ფოლკლორის ცენტრი ამ საქმეს ნულიდან არ იწყებს _ არსებობს საკმაოდ მდიდარი მასალა ქართული ფოლკლორის თითოეულ დარგში, რაც ჩვენი პროექტის წარმატების საწინდარია. არ ვმალავთ, საკმაოდ ამბიციური პროექტია, მაგრამ თუ არა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, სხვა ვინ წამოიწყებდა და განახორციელებდა ამ საქმეს? მრავალი მონოგრაფიაა გამოცემული კუთხეების მიხედვით, რომელთა გამოყენებას ჩვენ შევძლებთ. ეს ენციკლოპედია მნიშვნელოვანი იქნება იმითაც, რომ აქ შევლენ შემოქმედნი, ის ადამიანები, რომელთაც ფართო საზოგადოება არ იცნობს, მაგრამ თავიანთი კუთხეებისთვის ბევრი გაუკეთებიათ და ახლაც აკეთებენ. თითოეული თავად დაწერს საკუთარ ბიოგრაფიას და მოგვაწვდის. ამით ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი არქივის ტრადიციას. ფოლკლორის ცენტრის ახალი პროექტი დროში გათვლილია და იგი სამომავლოდ უფრო ფართო და ტევადი იქნება, მუშაობის პროცესში დაგროვებული მასალებისა და თემატიკის მიხედვით შესაძლებელია ტომეულთა გაზრდა და შევსება.
_ როდიდან აპირებთ რეგიონებში გასვლას?
_ მომავალი კვირიდან ვიწყებთ შეხვედრებს რეგიონებში კულტურის სამსახურის ხელმძღვანელებთან. ასევე, მჭიდრო კავშირი გვექნება მხარეთმცოდნეობის მუზეუმებთან, რომლებშიც მრავალი საინტერესო მასალა ინახება. ჩვენ გვეყოლება სარედაქციო ჯგუფები და კუთხეების მიხედვით კოორდინატორები. ბევრი მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ ვინმე არ გამოგვრჩეს. უახლოეს მომავალში კულტურის სამსახურებსა და კულტურის ცენტრებს მივაწოდებთ ერთგვარ გზამკვლევს _ როგორ უნდა იმუშაონ მასალების მოსაძიებლად, როგორ უნდა დამუშავდეს და დაარქივდეს მოპოვებული მასალა, როგორ უნდა მოიპოვონ და შეინახონ ინფორმაცია და ა. შ.
_ როგორც ვიცით, გრძელდება რეგიონული ანსამბლების ჩაწერა…
_ დიახ, ეს ძალიან საინტერესო პროექტია. მალე დასრულდება რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების ჩაწერა. გურიაში გარკვეული გეგმები გვაქვს: ჩავწერთ და გამოსაცემად მოვამზადებთ ჩოხატაურის ფოლკლორულ ანსამბლ “გურიას” აუდიოალბომს. არ უნდა დაიკარგოს ბატონი ვაჟა გოგოლაძის ღვაწლი. ფართო საზოგადოებამ უნდა ნახოს, რომ ანსამბლი კვლავ წარმატებით მუშაობს. მოგეხსენებათ, დიდია ტურისტების ინტერესი ქართული ფოლკლორისადმი. როცა მას მიაწოდებ საჩუქრად შენი კუთხის ანსამბლის კომპაქტდისკს, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს?! ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, როგორია ამ ანსამბლის და, ზოგადად, გურული ხალხური სიმღერის მიმართ ახალგაზრდების ინტერესი. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ცოდნა ახალგაზრდებს გადავცეთ, რათა ტრადიცია არ დაიკარგოს.
_ ექსპედიციებზე რას გვეტყვით?
_ ამ ზაფხულს დაგეგმილია ექსპედიცია გურიაში. ჩვენი ხმის ჩამწერი მოძრავი სტუდიით ადგილზე ჩავწერთ ფოლკლორის ნიმუშებსა და ფოლკლორული ანსამბლების რეპერტუარს. იმედი მაქვს, რომ რეგიონებთან, ამ შემთხვევაში გურიასთან, ჩვენი თანამშრომლობა საინტერესო და ნაყოფიერი იქნება. ჩვენს პროექტში აქტიურად უნდა ჩაერთოს საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ქართული ფოლკლორი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის საგანძურია და მისი მოძიება, დაცვა და აღორძინება თითოეული ჩვენგანის ვალია.