საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით 4 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქცია სასტიკი დარბევით დასრულდა. მიტინგის დაშლის შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეულმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, კიდევ უფრო მეტის ჯანმრთელობა კი სამხედროების მიერ გაშვებულმა მხუთავმა გაზმა შეიწირა. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად რუსთაველის გამზირზე, ტრადიციულად, წელსაც ბევრი ადამიანი უკვე იწყებს შეკრებას.
ძნელია ემოციის გარეშე გაიხსენო “ბართლომეს ღამედ” ქცეული 8 აპრილის ღამე. ჩვენ რამდენიმე ადამიანს გავესაუბრეთ 24 წლის წინანდელი ამბების გასახსენებლად.
დავით გიორგობიანი, მსახიობი: _ მაშინ სამების ეკლესიის დარაჯი ვიყავი. 8 აპრილს, დილით, ტაძარში სანთლების გამყიდველი სათნო მანდილოსანი ტაძარში გარდაცვლილი დაგვხვდა. თითქოს ეს ნიშანი იყო. ქუჩაში გავედი და ახალგაზრდა დემონსტრანტებს ვაფრთხილებდი, რომ მალე დიდი განსაცდელი დაგვატყდებოდა. სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის, უმეფო ქვეყანაში შეეწირა უბრალო ხალხი, ქართველი გოგონები, ყველასგან დაუცველნი, ნაშიმშილებნი. ადრე წინ მეფე მიგვიძღოდა გულანთებული და ერისთვის სულისდამდები, მის მერე და ახლაც კი ვეღარავინ მიგვიძღვის, რადგან სულის დადება მოყვასისთვის და თავგანწირვა, ღვთის მადლია და რჩეულთა ხვედრი.
_ თქვენ იყავით აქციაზე?
_ არა, მე დემონსტრაციაზე ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, მით უფრო დიდ მარხვაში, როცა მორწმუნეთა კრებული უნდა ლოცულობდეს. მაგრამ სადღაა რწმენა? ადამიანები ცდილობენ, ღვთის გარეშე თვითონ გადაარჩინონ საქართველო და დღეს იქამდე მივედით, რომ მალე ხბოებივით ჩიპების დამღის დადებას დაგვიპირებენ ხელზე და ურწმუნო შუბლზე. სამწუხაროდ, უარესი ტრაგედია მოგველოდება მომავალში, თუ ერი და ბერი არ იკითხავს და არ მოიძევს, აბა როგორ გადავრჩეთო. როდესაც იცი, ვინ არის ქრისტე, მაშინ ყველაფერი გეცოდინება. არ იცი, ვინ არის შენი უფალი, არაფერი არ იცი! დიდი უსამართლობა მოხდა, ადამიანურად თუ ვიტყვი, თორემ ვინც შეეწირა, უფალთან არიან. მე ასე მწამს, როდესაც ერი მიგყავს და გაქვს ამხელა კადნიერება, ჯერ შენ უნდა მიიღო მთავარი დარტყმა, რომელიც წინ მიუძღვი. ამიტომაცაა მეფე აუცილებელი. ის პრეზიდენტივით კაბინეტში კი არ იჯდება ბრძანებების გასაცემად, არამედ ყოველთვის წინა ხაზზე იქნება.
ჯონდი ბაღათურია, “ქართული დასის” ლიდერი: _ 9 აპრილი იყო ქართველების უპრეცედენტო ერთიანობის და თავგანწირვის უნარის დემონსტრირება, სადაც პირდაპირი გაგებით შიშველი ხელებით ვებრძოდით უზარმაზარ იმპერიას და სატანკო ნაწილებს რუსთაველზე. ერთ-ერთი მძიმე დღე ჩვენს ისტორიაში, დღე ცრემლის და სიხარულის ერთდროულად, რადგან ყველას გვტკივა ჩვენი დახოცილი ძმები და დები და ყველას გვიხარია ერთობა და ურთიერთ სიყვარული, გმირობა და თავდადება, რაც ამ დღეს ქართველებმა ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს. მადლობა ღმერთს, რომ ამ დღის ერთ-ერთი მონაწილე ვარ.
_ 9 აპრილის ღამეს იქ იყავით?
_ კი, რა თქმა უნდა, სხვაგან სად შეიძლება ვყოფილიყავი? ვიყავი ჩემს მეუღლესთან ერთად, მაშინ ახალი დაქორწინებულები გახლდით და უკვე ველოდებოდით ჩვენს პირველ შვილს. იქ ბევრი ფეხმძიმე ქალი იყო, იქ მაშინ მთელი საქართველო იდგა. ამ სირთულეს ქართული ერთობა და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა, ადამიანი მიერ ადამიანის გასაჭირის გაზიარება ამსუბუქებდა. არც ერთი შეშინებული სახე იმ დღეს მე არ მინახავს _ იყო მხოლოდ დიდი ტკივილი და სრული უპირობო მზადყოფნა თავგანწირვისთვის და რაც მთავარია, რწმენა ღმერთის და სამშობლოს უკეთესი მომავლის. მინდა თქვენთან ერთად მოვიხსენიო მათი სულები, მოვიხსენიო, ვინც თავი დადო ღმერთისთვის, სამშობლოსთვის და ადამიანისთვის.
ლეილა კვარაცხელია, პედაგოგი: _ ყველაფერი ასე დაიწყო: აფხაზეთში, “ილია ჭავჭავაძის საზოგადოება” მიტინგებს ატარებდა. ერთ-ერთი აქციის შემდეგ სოხუმისაკენ მიმავალ ავტობუსს, რომელშიც მომიტინგეები ისხდნენ, თავს დაესხნენ (მიტინგი ანტიაფხაზური კი არა, ანტიიმპერიალისტური იყო). 1989 წლის 2 აპრილს, ამის გამო სოხუმში გრანდიოზული აქცია გაიმართა, რომელშიც ბევრი აფხაზი მონაწილეობდა. “ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ” ქართველებსა და აფხაზებს შორის შეტაკების პროვოცირების თავიდან ასაცილებლად წინააღმდეგობის ცენტრის თბილისში გადატანა გადაწყვიტა.
4 აპრილიდან, თბილისში საყოველთაო გაფიცვა დღის 3 საათზე დაიწყო. უკვე 7 აპრილისათვის მთავრობის სახლის წინ საშუალოდ 10-20 ათასი კაცი იმყოფებოდა. აქციის ლიდერებმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს მიმართეს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გამოყენება ეცნოთ. მომიტინგეთა მოთხოვნები ხელისუფლებისათვის მიუღებელი იყო. მთავრობასა და ეროვნულ მოძრაობას შორის მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. 8 აპრილს, კრემლის ზეგავლენით, საქართველოს რესპუბლიკური აქტივის სხდომაზე მომიტინგეთა დარბევის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. გამოქვეყნდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ბრძანებულება, რომლის თანახმადაც მიტინგებისა და დემონსტრაციების აღკვეთის პირობები მკაცრდებოდა. ეს ბრძანებულება უშუალოდ თბილისის მოვლენების შეჩერების მიზნით მიიღეს. ყოველივე ამით კი მიტინგის დარბევის იურიდიული საფუძველი შეიქმნა. 8 აპრილსვე დღის მეორე ნახევარში გავრცელდა ხმა, თითქოს შინაგან სამინისტროს სპეციალურ ქვედანაყოფებს მიტინგის დაშლის შესახებ მითითება ჰქონდათ მიცემული. ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევის მიზნით ლიდერების ხელმძღვანელობით მიტინგის ადგილის ირგვლივ მდებარე ქუჩების ავტობუსებითა და სატვირთო მანქანებით ჩაკეტვა დაიწყეს. 9 აპრილის დილისათვის დამსჯელმა ნაწილებმა მომიტინგეებს ალყა ყველა მხრიდან შემოგვარტყეს. შეიარაღებულნი იყვნენ ხელკეტებით, ორლესული ნიჩბებით და მომწამვლელი გაზით. მთავრობის სასახლის წინ ასეული ჯარისკაცი იერიშით შემოიჭრა და მომიტინგეებსა და მოშიმშილეებს შეუბრალებლად დაგვიწყეს ჩეხვა. ალესილ ნიჩბებსა და ხელკეტებს გვირტყამდნენ და თან ყვიროდნენ _ “სტალინისათვის!”. მიტინგი სულ რამდენიმე წუთში დაიშალა. მოედანზე მხოლოდ საშინლად დასახიჩრებული და ბარბაროსულად მოკლული ადამიანების გვამები დარჩა. 200-ზე მეტი კაცი გაზით მოიწამლა, მრავალი კი – დაიჭრა.
ქედს ვიხრით 9 აპრილს დაღუპული ქართველების წინაშე და კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე გასწირა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის: ადამია აზა, 22 წლის; ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის; ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის; გიორგაძე ნატო, 23 წლის; დოლიძე თამუნა, 28 წლის; ენუქიძე თინა, 70 წლის; თოიძე ნინო, 25 წლის; კიკვიძე ზაირა, 61 წლის; ლოლაძე მანანა, 33 წლის; მამულიშვილი თამარი, 50 წლის; მეტრეველი ვენერა; ნოზაძე მამუკა, 22 წლის; სამარგულიანი ნანა, 41 წლის; ქვასროლიაშვილი შალვა; ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის; ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის; ჭოველიძე თამარი, 16 წლის; ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის; ჯინჭარაძე მზია, 43 წლის; მელქაძე მანანა 23 წლის; ქარსელაძე გია 25 წლის.
ამ წუთებში 9 აპრილის მემორიალთან თავს იყრიან 9 აპრილს გარდაცვლილი გმირების მშობლები, ოჯახის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც პატივს მიაგებენ 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენების დროს გარდაცვლილი ადამიანების სულებს.