და გაიზრდება ისეთი ადგილების რაოდენობა, სადაც სიგარეტის მოწევა აკრძალული იქნება.
“მინდა ყურადღება მივაპყრო სიგარეტის გამოყენების კონტროლის კამპანიას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აპრილის ბოლო კვირიდან იწყებს. კაფეებში, რესტორნებსა და ბარებში მოზარდების მიერ ალკოჰოლის გამოყენების ფაქტებიც გახშირდა. პირველ ეტაპზე, მწეველებს დავეხმარებით მოწევაზე უარი თქვან. ამავდროულად, გამკაცრდება კონტროლიც და ისეთი ადგილების რაოდენობა გაიზრდება სადაც, სიგარეტის მოწევა აკრძალული იქნება. სიგარეტის მოხმარების შედეგად მსოფლიოში წუთში ათი ადამიანი იღუპება. სიკვდილიანობის გამომწვევი ათი ძირითადი მიზეზიდან 7 სიგარეტთანაა კავშირში. საქართველო მოწინავე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლის მოსახლეობაც მაღალი არტერიული წნევით იღუპება. 2013 წელი ჩვენმა ჯანდაცვის სამინისტრომ მაღალ არტერიულ წნევასთან ბრძოლის წლად გამოაცხადა,” _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საინტერესოა, რას ფიქრობს ხალხი ამ აკრძალვასთან დაკავშირებით, რამდენად დაემორჩილებიან ქართველები აკრძალვას და ხომ არ გამოიწვევს ახალი დადგენილება თამბაქოს გაძვირებას? ამ კითხვით საზოგადოების სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანებს მივმართეთ.
მამუკა გუნცაძე: “არ მგონია, აკრძალვამ გაძვირება გამოიწვიოს. საქართველოში ეს წესი აუცილებელია, მაგრამ ადგილები უნდა შეესაბამებოდეს რეალობას და არა ისე, რომ ადამიანს შეუზღუდო საკუთარ აივანზე ან ქუჩაში სიგარეტის მოწევა. უნდა იზრუნონ იმაზეც, რომ ნებისმიერ დაწესებულებასა და თავშეყრის ადგილებში იყოს სპეციალური ოთახი სიგარეტის მწევლებისთვის. პირველ რიგში, ეს უნდა მოაგვარონ. უნდა იყოს ამკრძალავი ნიშანიც. სადაც ეს ნიშანი არ იქნება, შესაბამისად, ჯარიმასაც ვერ გამოწერენ. მწეველმა უნდა იცოდეს სად ეკრძალება და სად არა სიგარეტის მოწევა.”
ნანა ხატიაშვილი: “მე ვფიქრობ, კარგი ეტაპი დაიწყო. მე რუსთავში ვცხოვრობ და ვიცი, რომ მთელი რუსთავი, ბავშვებიც კი მწეველებია. ასე რომ, მიხარია თუ გამკაცრდება კონტროლი და ბავშვები სიკვდილს გაუზრებლად აღარ მიუახლოვდებიან. აი, ქართველი და აკრძალვა ცოტა რთული თემაა, მაგრამ ვფიქრობ ეს საკითხიც დარეგულირდება.”
შადიმან ხარშილაძე: “მე ცხოვრებაში არასდროს მომიწევია სიგარეტი. ვეთანხმები პრემიერს, აუცილებელია ეს დადგენილება მალე ამოქმედდეს. კაფეებსა და ბარებში დიდ ხანს ვერ ვჩერდები, თამბაქოს სუნის გამო. არ არის მწეველებისათვის გამოყოფილი ადგილი და არამწეველ ადამიანს აწუხებს სიგარეტის მავნე კვამლი. განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მიექცეს არასრულწლოვნებზე თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის აკრძალვას.”
ლელა გელაშვილი: “თუ ევროპის კურსი გვინდა, ეგეც ევროპული სტანდარტია. მე მივესალმები და გეტყვით, რომ საერთო არ აქვს ფასის გაზრდას აკრძალვასთან. თუ არ დაემორჩილებიან აკრძალვას, გადაიხდიან ჯარიმას. ამით პრობლემა ნამდვილად მოგვარდება. ავტომობილის მართვას აკრძალვები იმისთვის აქვს, რომ სხვას არ ავნო და შენმა დაუდევრობამ სხვისი სიცოცხლე არ იმსხვერპლოს. ასევე არსებობს კანონები ადამიანებთან მიმართებაში. შენი მოწევით სხვის ჯანმრთელობას ვნებ. ნება იბოძე და ნუ მოწევ. ან მოწიე იქ, სადაც ამის უფლებას მოგცემენ. მე 20 წლის მწეველმა სიგარეტს თავი დავანებე მხოლოდ ასეთი შეზღუდვების გამო. ერთი წლის წინ. სიგარეტი დისკომფორტს მიქმნიდა. უდიდეს მადლობას ვწირავ ევროპას ამ კანონებისთვის და აკრძალვებისთვის. გარდა იმისა რომ პირადად მიშველა და ჯანმრთელობაზე დამაწყებინა ფიქრი, ფულიც აღარ მეფლანგება, არც სხვებს აღარ ვნებ.”
გიორგი უთურაშვილი: “მე ზოგადად ნებისმიერ შეზღუდვას სკეპტიკურად ვუყურებ. შეზღუდვებით გადაჭრილი რომელიმე პრობლემა ჯერ არ მინახავს, გარდა ბიუჯეტის შევსებისა. აუცილებელია, რომ არსებობდეს მკაცრად განსაზღვრული ადგილები, სადაც არ მოწევენ სიგარეტს, მაგრამ არა მგონია ამ გადაწყვეტილებამ დღის განმავლობაში მოწეული სიგარეტების რაოდენობა შეამციროს.”
თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში თამბაქოს მოხმარების შედეგად სიკვდილიანობის რაოდენობრივი მაჩვენებელი დაახლოებით 11 000 ადამიანს შეადგენს, რაც საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებლის დაახლოებით 25%-ია. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 10 მოზარდიდან 7 თამბაქოს მწეველია, რაც მათ ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის.