“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ლანჩხუთის გამგეობაში სამოცამდე თანამშრომელს დაურიგდებათ ბრძანება, რომლის მიხედვით, გათავისუფლებული იქნებიან თანამდებობიდან რეორგანიზაციის გამო. გამონაკლისი დაუშვეს გამგებლის ერთ-ერთ მოადგილეზე, რომელსაც არ შეეხო ეს რეორგანიზაცია, რადგან ახალი დანიშნულია და “ოცნებიდანაა”. სამაგიეროდ, შეეხო მეორე მოადგილეს. ასევე, სამი ფეხმძიმე ქალბატონი დატოვეს სამსახურში და აპარატის ერთი თანამშრომელი, რომელიც, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ამ ბრძანებებს წერს.
ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო სწორედ ამ დროისთვის და მე ამიტომ ჩამოვედი _ მინდოდა, ადგილზე მენახა ეს ამბავი. როგორც ჩანს, გაიგეს, რომ ჩვენ ამ თემაზე პრესკონფერენციას ვმართავთ და ეს პროცესი დროებით შეჩერებულია. თუ მართლა შეაჩერებენ, მხოლოდ და მხოლოდ კმაყოფილი ვიქნებით და ის ადამიანებიც არ დაკარგავენ სამსახურს. ჩემი შეშფოთების მიზეზია არა რეორგანიზაცია, არამედ ის, თუ როგორ ნიშნავენ სამსახურებში თანამშრომლებს _ გამოცდილება ისეთია, რომ პირადი გემოვნების მიხედვით ნიშნავენ ადამიანებს. სწორედ ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ ამ განცხადების გაკეთება _ მე აუცილებლად ბოლომდე მივადევნებ თვალს ამ პროცესს და დაველოდები, რა მოხდება.
ამ წუთებში ვიცით, რომ განცხადებები სეიფშია ჩაკეტილი, მაგრამ პროცესი შეჩერებულია. ეს ინფორმაცია იმ ადამიანისგან მაქვს, ვინც იქ მუშაობს. ლანჩხუთის გამგებელს მინდა ვთხოვო, რომ ნუ უყურებს ამ ადამიანებს, როგორც მტრებს, საკუთარ მოწინააღმდეგეებს. საჯარო სამსახურში ყოფნა ნაციონალური მოძრაობის დროს არ ნიშნავდა პარტიულ კუთვნილებას. ეს ადამიანები მზად არიან, იმუშაონ მათთან ერთად და თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ ახალ ხელისუფლებას,” _ თქვა ნადირაშვილმა.