თვითმმართველობის შუალედური არჩევნები სამ სოფელში _ კოხნარში, ბუკისციხესა და შუასურებში უნდა ჩატარდეს.
კოხნარის დეპუტატი, ბონდო ანდღულაძე გარდაიცვალა, ხოლო ბუკისციხის (ედიშერ სიხარულიძე) და შუასურების (ლომგული ტრაპაიძე) დეპუტატები საჯარო სამსახურებში მუშაობენ, რამაც მათი უფლებამოსილების შეწყვეტა გამოიწვია.
ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის, თემურ ჭკუასელის თქმით, პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თემურ კუტუბიძის ინფორმაციით, კანონი აპრილის ბოლოსთვის უნდა შევიდეს ძალაში:
_ პირველი მოსმენა არაფერს ნიშნავს, თუმცა, როგორც ამბობენ, არჩევნები გაიმართება. აპრილის ბოლომდე კანონი უნდა შევიდეს ძალაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგ მოსამზადებლად დრო არ გვეყოფა, _ გვითხრა კუტუბიძემ.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, პოლიტიკური პარტიები, საარჩევნოდ უკვე ემზადებიან. “ნაციონალური მოძრაობის” ჩოხატაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი კორიფაძე ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. როგორც გავიგეთ, იმ შემთხვევაში, თუკი შუალედური არჩევნების ჩატარება გადაწყდა, შესაძლოა, კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალმა პარტიებმა, კანდიდატები ცალ-ცალკე წარადგინონ.