თუმცა, მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემაში ყველა მიმართულებით არის სისტემური პრობლემები. არ მუშაობდა კონტროლის და მონიტორინგის სისტემა.
“რაც შეეხება გარდაცვალების დადასტურებულ მიზეზს, თავის პროცედურა აქვს და პათანატომიურ კვლევასაც მოიცავს. ამ შემთხვევაში, ასევე ჩემი პირადი გამოცდილებით და კოლეგებთან კონსულტაციით შემიძლია გითხრათ, რომ აქ იყო დაუბალანსებელი კვება, რომელმაც გამოიწვია არაკომპენსირებადი მდგომარეობა, რომლის მართვა რთული ან შეუძლებელი გახდა. არსებობს შიმშილი სტარვაცია, როდესაც სიკვდილის მიზეზი ხდება გამოფიტვა. ცნობილია რომ 2-დან 4 დღემდე შეუძლია გაუძლოს წყლის არარსებობას და 40 დღემდე საკვების არარსებობას. ანუ სტარვაციით გარდაცვალება აქ არ ყოფილა, იყო დაუბალანსებელი კვება, რომელმაც გამოიწვია მძიმე მეტაბოლური დარღვევები, რომლის მართვაც სისტემური ნივთიერების ცვლის მერე უკვე ვეღარ მოხდა.”
მინისტრის განმარტებით, დეტალურად იქნა გამოკვლეული მცირეწლოვანის გარდაცვალების მიზეზი.
“ეს შემთხვევა დეტალურად გამოვიკვლიეთ. მე კატეგორიულად არ შევეხები ოჯახს, მათ საკუთარი ტრაგედიაც ეყოფათ. არ დავიწყებ იმის განსჯას, შეეძლოთ თუ არა არსებულ პირობებში ეს ფაქტი არ მომხდარიყო. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სისტემური პრობლემები, რომელიც პრაქტიკულად ჯანდაცვის სისტემაში ყველა მიმართულებით არის. სამწუხაროდ, არ მუშაობდა კონტროლის და მონიტორინგის სისტემა. რომელიც საერთოდ არ არსებობდა. უბრალოდ სახელმწიფომ ხარისხის კონტროლის მოვლის ადექვატურობის ვალდებულება საკუთარ თავს ჩამოართვა. ამის აღდგენას მოსვლის პირველი დღიდანვე ვცდილობთ. განსაკუთრებით პრობლემაა სოფლის ექიმების შემთხვევაში. მათი მართვა ჩამოშორებულია ჯანდაცვის სამინისტროს, რეგულირდება მხოლოდ ბრძანებით. სამწუხაროდ, არავინ აკონტროლებდა როგორ ხორციელდებოდა ოჯახში ექიმის ვიზიტი, აცრების გაკეთება და ა.შ. ეს არის სისტემური პრობლემა, რომლის პასუხისმგებლობას გვერდს ვერანაირად ვერ ავუვლით. ნებისმიერი სოციალური და ჯანდაცვის საკითხი, რომელიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეხება, რა თქმა უნდა ჯანდაცვის სამინისტროს და პირადად ჩემი პასუხისმგებლობა არის.
“მინისტრმა უბნის ექიმთან ერთად, სოციალური აგენტიც დაადანაშაულა:
“სოციალურ აგენტს, სოციალურ მუშაკს, როდესაც მათ თვალწინ ერთი წლის განმავლობაში, ეს ყველაფერი ხდებოდა. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით განგაში უნდა აეტეხათ.”
მისი თქმით, პროფესიული განვითარების საბჭოში განიხილეს უბნის ექიმის საქმე.
“4 თვის განმავლობაში შეუჩერდა პროფესიული სერტიფიკატის მოქმედება და სავალდებულოდ დაეკისრა კვალიფიკაციის კურსების გავლა.”
დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ “სოფლის ექიმის პროექტი არაჩვეულებრივად არის დაწერილი. მისი ნახევარი მაინც რომ სრულდებოდეს, ჩვენ უბრალოდ არაჩვეულებრივი შედეგი გვექნებოდა.”