_ გუშინ გავრცელდა დათა ახალაიას მიმართვა. რამდენად გჯერათ მისი ნამდვილობა?
_ ვერ გეტყვით. “იმედი”, ოჯახი და ადვოკატი შეთანხმდებიან ერთიან ვერსიაზე, თუმცა, ლოგიკურია, რომ ახალაიებს აქვთ ერთგვარი განცდა, რომ ამ ოჯახს აჰკიდეს მთელი ბანდის მიერ ჩადენილი დანაშაული.
_ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ როლანდ ახალაიამ “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა. როგორც საინფორმაციო სააგენტოები აცხადებენ, მან განცხადება საკომიტეტო მოსმენის დროს გააკეთა და აღნიშნა, რომ შეუერთდება დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციას. თქვენ თუ იცით რამე ამ ფაქტის შესახებ?
_ არ გამიკვირდება, ასე რომ მოხდეს, რადგან ისინი თავს მიტოვებულად გრძნობენ და ხედავენ, რომ მთავარი დამნაშავეები _ სააკაშვილი-ადეიშვილი-მერაბიშვილი, რომლებიც რეალურად იღებდნენ გადაწყვეტილებებს, გარეთ დასეირნობენ.
_ დათა ახალაია თავის მიმართვაში ციხის კადრების საზღვარგარეთ გატანას მერაბიშვილს უკავშირებს, თუმცა, დღეს მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ გამოძიების ვერსიით, კადრების საზღვარგარეთ გატანა არ არის დაკავშირებული ვანო მერაბიშვილთან.
_ თაგვმა თხარა, თხარაო, ასე დაემართათ მაგათ ერთმანეთთან კინკლაობით, რადგან ვერ იყოფდნენ ნაძარცვს და ნაქურდალ ქონებას. ისე, ამ საკითხზე ახალაიას მეტი ინფორმაცია რომ ექნება, ეს ცხადია.
_ დღეს ჩორგოლეიშვილმა მიმართვის შეფასებისას თქვა: “სისტემა უნდა დაანგრიოს ამ მანიაკმაო”.თქვენ როგორ შეფასებას მისცემდით ამ მიმართვას _ თქვენი აზრით, რა ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში”?
_ ყველა საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს. გემი რომ იძირება, შედარებით ჭკვიანები ცოტა ადრე მიხვდნენ, უფრო მიამიტები _ გვიან. მიშას და მისი ბანდის ეპოქა დამთავრდა, ახლა ახალი ეპოქა _ თავისუფალი ხალხის ეპოქა უნდა დაიწყოს. მართალია, აქაც არიან ძველი ეპოქის გადმონაშთები, მაგრამ მალე ესენიც მიხვდებიან, რომ “მორჩა კინო”.
_ უკვე ბევრი ალაპარაკდა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. თქვენ როგორ გგონიათ, უნდა დაინიშნოს?
_ ვნახოთ, არაფერი არ არის გამორიცხული.
_ უკვე ძალიან ბევრი მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკოსი ალაპარაკდა 19-ში მოსალოდნელ სისხლისღვრაზე. თქვენი აზრით, როგორ ჩაივლის 19 აპრილის აქცია?
_ არ მგონია რამე სერიოზული გაბედონ, ეჭვი მაქვს, რომ ვანო თავს გამოაცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატად და ამით იმუნიტეტს გაიმაგრებს.