29 აპრილს, მოსამართლე ნათია ბუსკაძე მხარეებს, ანუ “გურია ნიუსსა” და აუდიტის სამსახურს დავის სარეზოლუციო ნაწილს გააცნობს.
აუდიტის სამსახურსა და “გურია ნიუსს” შორის დავა 2012 წლის მაისში დაიწყო. მაშინ ამავე უწყებაში საჯარო ინფორმაციის ვერ მიღებას ადმინისტრაციული წესით ვასაჩივრებდით და კონტროლის პალატისგან ნათია მოგელაძის უწყების თანამშრომელთა სახელობით სიას და მათ სახელფასო სარგოების შესახებ ინფორმაციას ვითხოვდით.
“კონტროლის პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, გადმოგცეთ ინფორმაცია ზემოთ აღნიშნულ საშტატო ერთეულებზე მომუშავე საჯარო მოსამსახურეთა ვინაობის შესახებ, მათი თანამდებობრივი სარგოების მითითებით, ვინაიდან ხსენებული ინფორმაცია შეიცავს პერსონალურ მონაცემებს!” _ ასეთი იყო მაშინ მათი პასუხი.
თითქოს დარღვევად ეს არ იყო საკმარისი, ადმინისტრაციული საჩივრის სხდომაზე შესვლამდე, ვინმე ჯიმშერ დობორჯგინიძემ (ასე გაგვეცნო თავად. ავტ) ადვოკატს ლეპტოპის შეტანის უფლება არ მისცა, ჩვენ კი და აუდიო ჩამწერის წართმევა დაგვიპირა. საქმეში პრესსამსახურის ხელმძღვანელი ფატი მამიაშვილიც ჩაერთო, რომელმაც ისე გაიკვირვა ჟურნალისტის მხრიდან აუდიოჩაწერის განხორციელება, თითქოს ცეცხლსასროლი იარაღით ვიყავით შეიარაღებულები. საერთო ჯამში მთელი ეს პროცესი ჩვენს აუდიოჩამწერზე დაფიქსირდა და გამოქვეყნდა კიდეც.
2012 წლის 25 მაისს, საჩივრის განხილვა შედგა კონტროლის პალატაში, სხდომა გამართა იურიდიული სამსახურის წარმომადგენელმა, ივანე პეტრიაშვილმა. მაგრამ, მოხდა უპრეცედენტო ფაქტი, ადმინისტრაციულმა ორგანომ მათ მიერ განხილული ადმინისტრაციული საჩივრის პასუხი გაასაიდუმლოვა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ის არ ჩაგვბარებია. მთელი ამ ხნის განმავლობაში, იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლები იტყუებოდნენ, რომ დოკუმენტი მზად იყო და გადმოგზავნილი ფოსტით. მაგრამ. რომელი ფოსტით გამოგზავნეს, არავინ იცის, რადგან, მსგავს დოკუმენტს ჩვენამდე არ მოუღწევია.
2012 წლის 24 აგვისტოს “გურია ნიუსმა” აუდიტის სამსახურის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა.
“ჩვენ არ ვიცით, რა ბედი ეწია იმ ადმინისტრაციულ საჩივარს რომელიც საჯარო ინფორმაციას შეეხებოდა. გარდა ამისა, ცალკე მოვამზადეთ ადმინისტრაციული საჩივარი ინციდენტთან დაკავშირებით, ვითხოვთ, გამოიკვლიონ ვინ არის ჯიმშერ დობორჯგინიძე, რატომ არ დაგვრთო ჩამწერის შეტანის ნება, 15 აპრილს გამართული საქმის არსებით განხილვისას კი გაირკვა, რომ აუდიტის სამსახურს ამგვარი დოკუმენტი საერთოდ არ მოუმზადებია, გარდა ამისა, მათვე განაცხადეს, რომ ჯიმშერ დობორჯგინიძე ამ უწყებაში არ მუშაობდა”. _ აცხადებს საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ნათია კაპანაძე.
მოსამართლემ წინა სხდომაზე აუდიტის სამსახურს დაავალა, ყველა ის საბუთი წარმოედგინა, რომელიც “გურია ნიუსის” მიერ შეტანილ საჩივრებზე მომზადდა. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით გაირკვა, რომ მათ საჩივრები არც კი განუხილავთ. სამაგიეროდ, წარმოადგინეს ერთი მეტად საინტერესო დოკუმენტი, სამსახურებრივი ბარათი, რომელსაც ხელს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მაშინდელი მოადგილე, ივანე პეტრიაშვილი აწერს.
ბლანკის ზემოთ გაკეთებულ წარწერაზე _ პატივისცემით, ბატონ ივანეს, ეს ფორმა აღმატებით ხარისხში აუყვანია და ხელით მიუწერია _ ” დიდზე დიდი პატივისცემით.”
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, რაიმე ახალი ფორმა ხომ არ აქვთ შემოღებული აუდიტის სამსახურში, რომელიც პატივისცემის გამოხატვის კნინობითი ან აღმატებითი ფორმების ხელით მიწერას გულისხმობს და ამის შესახებ სასამართლო პროცესზე აუდიტის სამსახურის წარმომადგენელს, ნონა ესართიას ჰკითხა.
ქალბატონმა ნონამ განაცხადა, რომ კანონი ამას არ კრძალავს და იქვე დასძინა, მე კარგად ვიცნობ ივანე პეტრიაშვილს და ეს მისი სტილიაო…
ივანე პეტრიაშვილს ჩვენც კარგად ვიცნობთ და მას სხვა სტილიც აქვს. ერთი შეხედვით, ამ ერთი ჩვეულებრივი ჩინოვნიკის მიღმა უამრავი საინტერესო ფაქტი იყრის თავს.
დილით _ კონტროლის პალატის თანამშრომელი, შუადღისას _ ცესკო–ს ტრენერი, საღამოს _ ლევან ბეჟაშვილის მეგობარი და საქმეების მომგვარებელი ივანე პეტრიაშვილი სიღნაღში და არა მხოლოდ სიღნაღში, არაერთ სკანდალურ საქმეში დაფიქსირდა.
“შემაჯამებელი ოქმები ინახებოდა ჩვენთან. დაირეკა კომისიის თავმჯდომარესთან. თავმჯდომარემ გამიყვანა გარეთ. მითხრა, ასეთი დავალებაა, დაიხიოს შემაჯამებელი ოქმებიო. მე ვუთხარი, არავითარ შემთხვევაში არ დაიხევა შემაჯამებელი ოქმები-თქო,” _ ასეთ განცხადებას აკეთებდა ვაქირის N5 საარჩევნო უბნის კომისიის მდივანი, რომელმაც შემაჯამებელი ოქმების ქსეროასლები შეინახა.
ნამდვილი ოქმების ნაცვლად, ახალი დაიწერა. მოწმეების ჩვენებით, რომლებმაც ამოიცნეს და დაადასტურეს ის შემაჯამებელი ოქმი, რომელზეც საკუთარი რეალური ხელმოწერა აქვთ დაფიქსირებული, მთელ ამ ისტორიას, სწორედ სიღნაღის რაიონის მე-13 საოლქო-საარჩევნო კომისიის იურისტები ივანე პეტრიაშვილი და გიორგი კუპრეიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
სწორედ ამ ფაქტსის გამო დააკავეს ივანე პეტრიაშვილი, რომელსაც სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.
როგორც ჩანს, ივანე პეტრიაშვილი იმ პერიოდში მსგავის “ზოგადსაკაცობრიო” საქმეებით იყო დაკავებული და ჩვენი საჩივრების განსახილველად სწორედ ამიტომ ვერ მოიცალა.
“გურია ნიუსის” ინტერესებს სასამართლოში “ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის” ხელმძღვანელი, ნათია კაპანაძე დაიცავს. მისი თქმით, ასეთი უპრეცედენტო სარჩელი, მსგავსი სასარჩელო მოთხოვნით _ დაევალოს საქართველოს აუდიტის სამსახურს 2012 წლის 25 მაისს განხილული საჩივრის შედეგის გადმოცემა, მათ აქამდე სასამართლოში არ შეუტანიათ:
“სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით, დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადები, რომელიც მითითებულია საჯარო ინფორმაციის გაცემისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისათვის. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული მოქმედებების განხორციელებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს დაინტერესებული პირის ინტერესებსა და უფლებას”.