წინასაარჩევნო დადგენილებით დამტკიცებული პროგრამით, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ “სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა” და მონაცემთა ბაზის შექმნა, 2012 წლის ივლისიდან 25 ქალაქში ინტენსიურად მიმდინარეობდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების აგენტების მიერ ხდებოდა შესაბამისი კითხვარების შევსება და მონაცემების ელექტრონულ ბაზებში შეყვანა.
2012 წლის 3 სექტემბერს სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტომ” გამოსცა ბრძანება, რომლის შესაბამისად, ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში, შტატგარეშედ, საქართველოს ყველა რეგიონში დამატებითი კონტრაქტები გაუფორმდა 21 837 პირს, რომლებსაც პროგრამის ფარგლებში უნდა შეესრულებინათ მოქალაქეთა დასაქმებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო სამუშაოები.
მიუხედავად ამისა, 2012 წლის სექტემბრის ბოლოს ყველა მათგანს სს “ლიბერთი ბანკის“ შესაბამის ფილიალებში ხელფასის სახით დაერიცხათ 240 ლარი.
სულ, ამ პირებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხულია 5 240 880 ლარი.
გამოძიების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ყველა რეგიონში, მოწმის სახით დაიკითხა 2000-მდე პირი, რომელთა ჩვენებებით დადგინდა, რომ ზემოხსენებულ 21 837 მოქალაქეს “სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის“ ფარგლებში არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ და რომ მათ თანხა მიიღეს პოლიტიკური გაერთიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად წარმოებული წინასაარჩევნო აქტიურობისათვის, რაც გამოიხატებოდა საქართველოს პრეზიდენტთან დაგეგმილ წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობის მიღებაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ბროშურების, ფლაერების და სიმბოლიკების დარიგებაში, პარტიული აგიტააციისა და პროპაგანდის განხორციელებაში და სხვა.
გამოძიების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის იმჟამინდელი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილისა და საქართველოს იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის მოწმის სახით დაკითხვის შესახებ. ზურაბ ჭიაბერაშვილი და ივანე მერაბიშვილი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში 2012 წლის 13 თებერვალს დაიბარეს.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის ილია ჯალაღანიას განცხადებით, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დღესაც მიმდინარეობს გამოძიება “სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამასთან” დაკავშირებით.
_ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, ძალიან დიდი მოცულობის საქმეა და როცა მივა კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხამდე, ეს უკვე საჯარო გახდება, _ გვითხრა ჯალაღანიამ.
“გურია ნიუსი” ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელს ნოე ქინქლაძესაც ესაუბრა.
_ ბატონო ნოე, ერთერთი ყველაზე დიდი სამსახური, რომელიც აქტიურად იყო ჩართული წინასაარჩვენო პროცესებში, ძირითადად სოციალური დახმარებები იმ ოჯახებს ენიშნებოდათ, რომლებსაც “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები იყვნენ, ჩვენ არაერთხელ ვწერდით ამაზე….
_ იყო ნამდვილად…
_არჩევნების შემდეგ, თქვენს სააგენტოში განხორციელდა თუ არა საკადრო ცვლილებები? ენდობით წინა ხელისუფლებაში მომუშავე ხელმძღვანელ პირებს? არ გიფიქრიათ რომ ისინი უნდა შეიცვალონ?
_შეიცვალონ, არა. თუ მე არ მექნება კონკრეტული საბუთი იმისა, რომ ხელმძღვანელი პირები დანაშაულს ჩადიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, არავის გავათავისუფლებ და არავის შევცვლი. არჩევნების შემდეგ, არცერთ რეგიონში არ შემიცვლია ხელმძღვანელი, საკადრო ცვლილებები არ განმიხორციელებია და არც ვაპირებ. მე მაქვს რაღაც ასეთი პრინციპი და გაფრთხილებული მყავს ყველა, ვართ აპოლიტიკური ორგანიზაცია, მაგრამ ის რაც იყო, იყო…
_ რას გვეტყვით “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ვანო მერაბიშვილის დადგენილებაზე, “სამუშაოს მაძიებელთა შესახებ“, რის გამოც უამრავი მოქალაქე დაიკითხა, რომელთაც სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ჰქონდათ გაფორმებული ერთთვიანი ხელშეკრულებები თითქოსდა დასაქმების კუთხით, სინამდვილეში მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩაერიცხათ თანხები. ამ ბრძანებას ხელს სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი დირექტორი რამაზ სულამანიძე აწერდა, რის საფუძველზეც უკვე რეგიონებში, სააგენტოს თანამშრომლებმა უშუალოდ ამ ბრძანების საფუძველზე გააფორმეს მოქალაქეებთან ხელშეკრულებები. უნდა დადგეს თუ არა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი?
_აღნიშნულ საქმეს იძიებს პროკურატურა და მე ამ საკითხზე დღეს კომენტარს არ გავაკეთებ. საქართველოს ყველა რეგიონისა და რაიონის საქმე არის პროკურატურაში, ვნახოთ რა დადგება გამოძიების შემდეგ. მე ხშირად მთხოვენ პროკურატურიდან გარკვეული საბუთების გაცემას, მაქვს ინფორმაციები და ვიცი, რომ ჩემი თანამშრომლები ახლაც დადიან დაკითხვებზე. ვნახოთ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუ იქ გამოიკვეთება რომელიმე თანამშრომლის დანაშაულის ნიშნები და ბრალეულობა, კანონის მიხედვით ვიმოქმედებთ.
_ “გურია ნიუსს” ყოველდღე, დაახლოებით 4 გაჭირვებული ოჯახი მაინც მომართავს ხოლმე, რომლებიც თვლიან, რომ სოციალური დახმარება ეკუთვნით, მაგრამ აგენტმა მათ არაკეთილსინდისიერად მიანიჭა ქულები, როდის შეიძლება ეს საკითხი დარეგულირდეს ან ისე მოგვარდეს, რომ ხალხის უკმაყოფილება ცოტათი ჩაცხრეს მაინც?
_ ეს არის პოლიტიკური საკითხი და რატომ ახლავე აგიხსნით. პრობლემა რომ ზოგადად დარეგულირდეს, ქვეყანაში უნდა იყოს რეალურად თვითმმართველობა, მაშინ ჩათვალეთ, რომ ეს საკითხი მოგვარდება. თუ სოფელს ეყოლება არჩეული ხელმძღვანელობა, რომელიც გამოიტანს ამ სიას ხალხის სამსჯავროზე და ეტყვის ხალხო, აი აქედან ვის უჭირს ყველაზე მეტად? ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, აი, ამას, აი -იმას და ამის შემდეგ სოფლის ხელმძღვანელობა რომ წარმომიდგეს მე სიას, გადაამოწმეთ ეს ოჯახებიო, ამის შემდეგ დარეგულირდება სწორედ ეს საკითხი. დღეს ძალიან რთულია და ამიტომაა ბევრი გაუგებრობა. თუ ქვეყანაში არ იქნება თვითმმართველობა, არაფერი არ იქნება, მე ამაში დავრწმუნდი.