ფაქტია, რომ ამ ეტაპამდე, რეალურად არაფერი გაკეთებულა და არც იმის გათვლა მომხდარა, რა არის გასაკეთებელი. იმ პერიოდიდან დიდი დრო გავიდა. წინა ხელისუფლებამ ახლოსაც არ გაიკარა ეს საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის და “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი დაპირება სწორედ ის იყო, რომ ამ ვალებს გაისტუმრებდნენ. მაგრამ, არაფერი გაუკეთებიათ. ფაქტია, რომ მათ ეს არ შეასრულეს.
როგორც ექსპერტები ამბობენ, საბჭოთა ანაბრების საკითხი, სრულყოფილი კომპენსაციით, არცერთ პოსტაბჭოთა ქვეყანაში არ არის გადაწყვეტილი. მაგრამ გარკვეული კომპენსაცია რომ მოხდეს, ამ თვალსაზრისით, ბევრმა პოსტსაბჭოურმა ქვეყანამ შეიძინა გამოცდილება, მათ შორის საქართველოშიც იყო დაგეგმილი ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში გარკვეული კომპენსაციის გაცემა. შეიძლება ეს არ იყო საკმარისი, მაგრამ ამაზე ფიქრობდნენ და დაგეგმილი იყო, რომ დროთა განმავლობაში მომხდარიყო ამ ვალის გასტუმრება. ნაწილობრივ გასტუმრებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, რადგან მთლიანობაში ძალიან რთულია ამის გაკეთება, თუნდაც ახალი მთავრობის პირობებში. თუმცა, ექსპერტები დასძენენ, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა პასუხისმგებლიანი ხელისუფლების საქმეა.
აპირებს თუ არა ახალი მოწვევის პარლამენტი ამ საკითხზე მსჯელობას და რა გეგმები ახალ ხელისუფლებას, “გურია ნიუსმა” ამასთან დაკავშირებით კომენტარი ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ზაქარია ქუცნაშვილს სთხოვა.
ზაქარია ქუცნაშვილი: საბჭოთა ანაბრების თემა საკმაოდ მტკივნეულია და ეხება ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ავბედითი 90-იანი წლებს, როდესაც ფულის დევალვაციის შედეგად მოხდა უამრავი ქართული ოჯახის საარსებო წყაროს გარეშე დატოვება.
ეს ძალიან აქტუალური თემაა, თუმცა მინდა მოგახსენოთ, რომ “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნო პროგრამაში არ შეგვიტანია. ჩვენ “ნაციონალურ მოძრაობას” ვთხოვდით, მათ გაეცათ პასუხი, 9 წლიანი მმართველობის განმავლობაში, როდესაც მათ სახელმძღვანელო პრინციპად აიყვანეს ანაბრების დაბრუნება, რატომ არ შეასრულეს ეს დანაპირები, ისევე როგორც სხვა უამრავი?
იმსჯელებს თუ არა ამ საკითხზე ახალი მოწვევის პარლამენტი, ამაზე არ შემიძლია კონკრეტული პასუხის გაცემა, მაგრამ ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში, ამ საკითხის განხილვა არ დადგება დღის წესრიგში.
_ პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი “გურია ნიუსთან” აცხადებს, რომ: “ნაციონალური მოძრაობის” მიერ განიავებული ქონებით თავისუფლად შეიძლებოდა მეანაბრეების ნაწილობრივ დაკმაყოფილება…” თქვენ როგორ ფიქრობთ?
_ მაშინ, უამრავი ინსტრუმენტი არსებობდა სახელმწიფოს მიერ აღიარებული საშინაო ვალის გასტუმრების, ეს იყო საპრივატიზაციო ქონება, ფასიანი ქაღალდები, ობლიგაციები, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ახლა, ამ საკითხის განხილვისას, ძალიან მნიშვნელოვანია სისტემური დამოკიდებულება.
ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ვალდებულება ვერ ავიღეთ იმიტომ, რადგან კარგად ვათვითცნობიერებდით, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დროს დაგვხვდებოდა ახალ ქონებაწართმეულთა დიდი მასა. საბჭოთა ანაბრების თემის წინ წამოწევას მოვერიდეთ, რადგან მიგვაჩნდა, რომ საბჭოთა ანაბრების დაბრუნებაზე პასუხისმგებელი უნდა ყოფილიყო “ნაციონალური მოძრაობა”, ჩვენ კი პირველ რიგში იმ ქონების დაბრუნებაზე უნდა აგვეღო პასუხისმგებლობა, რომელიც სააკაშვილის და “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს წაართვეს ხალხს.
პოლიტიკოსი იმიტომ ხარ პოლიტიკოსი, რომ სიტყვის ფასი იცოდე. ამიტომ, მე მირჩევნია მოკრძალებული პოზიცია დავიჭირო, ვიდრე ვინმეს ოქროს კოშკების აგებას დავპირდე.