როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2006-2013 წლებში არა ერთმა კერძო იურიდიულმა პირმა უსასყიდლოდ აჩუქა სახელმწიფოს საკუთარი კომპანიის წილები. ზოგ შემთხვევაში საკუთრების გადაცემა ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს პროცესის გამჭვირვალობისა და კომპანიის მფლობელებზე შესაძლო სახელმწიფო ზეწოლის კუთხით.
14.09.2012 – შპს “ლოგოსი“– წილის 100%, (ღირებულება არ არის მითითებული)
შეიქმნა 2002 წლის 17 აპრილს, და თავდაპირველად ერქვა შპს “მზიური XXI საუკუნე”. 2006 წლის 19 აპრილს მას დაერქვა შპს “ლოგოსი”, და ამავე დროს, რუსუდან კერვალიშვილმა კომპანიის წილის 29% დაუთმო გიორგი ისაკაძეს, რომელიც 100%-ის მფლობელი გახდა. 2007 წლის 28 სექტემბერს გიორგი ისაკაძემ შპს “ლოგოსის” წილის 100% დაუთმო კომპანია “ფიშერ აილენდ ლიმითედს”-ს, რომელიც ინგლისისა და უელსის კომპანიების რეესტრში რეგისტრირებული იყო 2007 წლის 28 თებერვალს. თუმცა, ამის მიუხედავად, საჯარო რეესტრში 2010 წლის 12 იანვრიდან 2012 წლის 20 აპრილის ჩათვლით არსებულ ამონაწერებში გიორგი ისაკაძე არის მითითებული კომპანიის წილის 100%-ის მფლობელი.
09.08.2011 – შპს “საქართველოს ლატარიის კომპანია“ – წილის 70% (ღირებულება არ არის მითითებული)
“ლექსორ კაპიტალ კორპ”-ის წარმომადგენელმა დიმიტრი ჩიქოვანმა სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა კომპანიის წილის 70%.
13.01.2012 – “ქართულ ბრიტანული ნავთობკომპანია ნაზვრევი“, “ქართულ–ბრიტანული ნავთობის კომპანია–ნორიო“ და “ქართულ–ბრიტანული ნავთობკომპანია–ნინოწმინდა“ – წილის 50-50% (თითოს წილის ღირებულება 1000 ლარი).
2012 წელს მიხეილ ნიბლაძემ სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო სამი კომპანიის 50-50% წილი, თითოეული შეფასებული 1000 ლარად: ქართულ-ბრიტანული ნავთობკომპანია “ნაზვრევი”, “ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია-ნორიო” და “ქართულ-ბრიტანული ნავთობკომპანია-ნინოწმინდა”.
ეს კომპანიები დაფუძნდა საქართველოს სახელმწიფოსა და ჩანელის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიების – “ნინოწმინდის “კანარგო-ნაზვრევი” და “კანარგო-ნორიო” მიერ – რომლებიც კანადური „კანარგოს“ შვილობილი კომპანიები არიან. სამივე შემთხვევაში საქართველოს მხარეს წარმოადგენდა “საქნავთობი”, ხოლო მეორე პარტნიორის სახით წარმოდგენილი იყო ოფშორში რეგისტრირებული “კანარგოს” სამი შვილობილი კომპანიიდან ერთ-ერთი. თითოეული ახლადდაარსებული კომპანიის შემთხვევაში როგორც საქართველოს სახელმწიფო (წარმოდგენილი “საქნავთობით”), ისე ოფშორული კომპანია ფლობდნენ კომპანიის წილის 50-50%-ს.
2012 წლის 13 იანვარს გაფორმებული სამი ხელშეკრულებით ოფშორულმა კომპანიებმა საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმეს წილის საკუთარი 50-50%, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო გახდა სამივე კომპანიის სრული მფლობელი. ხოლო 2012 წლის ივნისში დასრულდა სამივე კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი.
“საბოლოო ჯამში ეს გარემოებები ქმნის სურათს, როდესაც სახელმწიფო კერძო ბიზნესის ხელშეწყობისა და წახალისების ნაცვლად ხელს უწყობს მონოპოლიების ჩამოყალიბებას და თავად ერევა კომპანიების მართვაში, დამატებითი მოგების ან ეკონომიკაში არასასურველი მოთამაშეების ჩამოშორების მიზნით. კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად დამატებითი კვლევა და გამოძიება არის საჭირო, თუმცა აქ შეიძლება იმის თქმა, რომ ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთ ფასეულობას წარმოადგენს სახელმწიფოს ქონების მიღება-გასხვისების გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, და კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა კერძო ბიზნესისთვის. არსებული მონაცემები კი, ბადებს ეჭვებს, სულ მცირე, ამ ფასეულობების დაცვის კუთხით”. _ ნათქვამია IDFI-ს დასკვნით ნაწილში.