როგორც ისინი ამბობენ, მათ გარემოვაჭრეების გამო პროდუქციის გასაღებაში ხელი ეშლებათ.
“ყველა რაიონში აიკრძალა გარევაჭრობა. 2012 წლის ივნისის დადგენილებით აკრძალული გვაქვს გარევაჭრობაო, ასე გვითხრა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. ჩვენ მუშაობაში ხელი გვეშლება _ ხალხი ბაზარში აღარ შემოდის, მიუხედავად იმისა, რომ ფასებში დიდი განსხვავება არ არის. შეიძლება იყოს 5 ან 10 თეთრი, ესეც იმის გამო, ჩვენ ინდმეწარმეები ვართ, სახელმწიფო გადასახადთან ერთად 60 ლარსაც ვიხდით, ისინი არაფერს არ იხდიან.
სურსათის უვნებლობის სამსახურმა ჩვენ მოგვთხოვა საბუთი, იმათთვის კი არაფერი არ მოუთხოვით. ჩვენ მოვითხოვთ, კანონი შესრულდეს.
ოქტომბერში მივმართეთ კახას ასკურავას, რომელმაც გააფრთხილა გარემოვაჭრეები, შემდეგ საქმეში ჩაერია ჩვენი დეპუტატი თემურ ჩხაიძე და მან ისევ დართო ნება გარემოვაჭრეებს, ევაჭრათ. თუმცა, ეს ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო პირველ დეკემბერს.
როცა მთავრობა შეიცვალა, ზენაიშვილთან ვიყავით. გვითხრა, ავკრძალავთო, თუმცა, გარევაჭრობა ისევ გრძელდება. პოლიციასაც მივმართეთ, რომ აღსრულებაში მოეყვანათ ის კანონი, რომელიც გარევაჭრობას კრძალავს. ისინიც გვეუბნებიან, რომ მათზე არაფერი არ არის დამოკიდებული _ დაგვირეკავენ და გვეტყვიან, მიდით, აღასრულეთ კანონი, მერე დაგვირეკავენ და გვეუბნებიან ცოტა ხანს მოიცადეთო. ასე გრძელდება დღემდე, ამასობაში კი ჩვენ ვზარალდებით,” _ ამბობენ ბაზრის მოვაჭრეები.
გარემოვაჭრეების თქმით, გარევაჭრობა არ არის კანონიერი: “მაგრამ რა ვქნათ? არც ჩვენ გვსიამოვნებს ქუჩაში დგომა. ბაზარში გადასახადი დიდია, ოჯახები რომ ვარჩინოთ, გვირჩევნია, აქ ვიდგეთ. აშენდება თუ არა ახალი ბაზარი, მაშინვე გადავალთ და იქ გავაგრძელებთ ვაჭრობას”, _ ამბობენ გარემოვაჭრეები და ახალი ბაზრის აშენებამდე ბაზარ “იმერეთში” გადასვლაზე უარს აცხადებენ.
ამ საკითხზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, ზაზა ურუშაძეს ვესაუბრეთ: “ორი დღის წინ გვქონდა სწორედ მაგ თემაზე საუბარი. იხსნება ახალი ბაზარი, რომლის დირექტორმა გვითხრა, რომ გარემოვაჭრეებთან მოლაპარაკება აქვს და როგორც კი დასრულდება ბაზრის მშენებლობა, გარემოვაჭრეებს მაშინვე გადავიყვანო. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ორი დღე მიგვეცა მათთვის _ შეგვეცოდა. როგორც მე ვიცი ამ კვირის ბოლომდე ახალი ბაზარი უნდა გაიხსნას და გარემოვაჭრეები იქ გადაინაცვლებენ. თუ არ შევლენ , მაშინ კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავთ. ქუჩაში რომ კაცი დადგება, იმას ძალიან უჭირს და მეცოდება ყველა. თან მინდა, ყველაფერი მშვიდობიანად,” _ გვითხრა ურუშაძემ.