უბნების დახურვამდე 2 საათით ადრე, ჩვენ „ქართული დასის“ ლიდერს ჯონდი ბაღათურიას თავისი შეხედულების დაფიქსირება ვთხოვეთ.
_ ბატონო ჯონდი, უკვე თითქმის 10 საათია არჩევნები მიმდინარეობს. როგორ შეფასებას მისცემდით დღევანდელ დღეს?
_ კარგი იქნებოდა, დღევანდელ დღემდე საარჩევნო კანონში ელემენტარული ცვლილებები მაინც შესულიყო, რითაც საარჩევნო გარემო უფრო სამართლიანი გახდებოდა. ნაცვლად ამისა, დღევანდელი არჩევნები ზუსტად იმ დრაკონული კანონით ტარდება, რაც სააკაშვილის რეჟიმმა შექმნა თავისი გამარჯვების უზრუნველსაყოფად. სხვათა შორის, ამ კანონს დრაკონულად, ჩვენთან ერთად თავის დროზე, „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიებიც აფასებდნენ.
_ ამ წუთებში დაგვიკავშირდნენ კახა კუკავას მხარდამჭერები. ისინი ლოტკინზე, მე-5 უბანზე არსებულ დარღვევებზე საუბრობენ. თქვენ თუ გაქვთ ასეთი დარღვევის ფაქტები?
_ ამ კონკრეტულ დარღვევაზე ვერაფერს გეტყვით, , კანონი იდეალურად არის მორგებული ნებისმიერ ხელისუფლებაზე, ვისაც არჩევნებში უსამართლოდ და უკანონოდ გამარჯვების სურვილი გაუჩნდება.
_ თქვენი პროგნოზი?
_ მე არ მინდა წინასწარ გავაკეთო რაიმე პროგნოზი. მინდა, რომ არჩევნებმა სამართლიანად ჩაიაროს.