ცესკოს განმარტებით, “საარჩევნო უბანზე ამომრჩევლისათვის საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის განსაზღვრისას, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანილ საერთო რაოდენობას აკლდება ამომრჩეველთა ის რაოდენობა, რომელთა გვარის გასწვრივ სიაში ფაქტობრივ მდგომარეობად მითითებულია, რომ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე უცხოეთში, სამხედრო სამსახურშია, ან პატიმრობაში.”
დღეს გაკეთებულ განცხადებაში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აღნიშნავდა, რომ ისევე, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, დღევანდელ შუალედურ არჩევნებზეც გამოვლინდა საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების ნაკლებობის ტენდენცია: “ცესკოს განცხადების შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ აღნიშნულის სისწორე სამივე ოლქის უბნებზე. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა სტატუსის მქონე ამომრჩეველთა გამოკლების შემთხვევაშიც, უბნებზე ბიულეტენები მაინც არასაკმარისია. მაგალითისთვის:
ნაძალადევი, უბანი #95
ამომრჩეველთა სიითი რაოდენობა: 1440
ბიულეტენების რაოდენობა: 1300
“სტატუსიან” ამომრჩეველთა რაოდენობა: 0
სამტრედია, უბანი #9
ამომრჩეველთა სიითი რაოდენობა: 1178
ბიულეტენების რაოდენობა: 1100
“სტატუსიან” ამომრჩეველთა რაოდენობა: 60
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ უბანზე ბიულეტენების ნაკლებობა მართლაც შეიმჩნევა, დაბალი აქტივობის პირობებში, აღნიშნული გარემოება დიდ პრობლემას წარმოადგენს. თუმცა, სასურველია შემდეგი არჩევნებისთვის მაინც აღმოიფხვრას ეს ხარვეზი,” _ ნათქვამია განცხადებაში.