იგი წარმოშობით ჩოხატაურიდან, სოფელ გორაბერეჟოულიდანაა. საშუალო სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, შემდეგ _ ასპირანტურაში.
ქალბატონი ნანა დღეს ჩვენი გაზეთის სტუმარია.
_ ქალბატონო ნანა, ლექსების წერა როდის დაიწყეთ?
_ ბავშვობიდან ვწერდი ლექსებს, თუმცა, სერიოზული პოეზია ჩემთან მოგვიანებით მოვიდა. შიგადაშიგ კი ვწერდი, მაგრამ მათ ნაკლებად ჰქონდათ რაიმე განსაკუთრებული ღირებულება. სხვის დაწერილ ლექსებს რაც შეეხება, როცა მომეწონებოდა, აუცილებლად ზეპირად ვსწავლობდი.
_ რომელმა პოეტებმა დატოვეს თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?
_ პირველი პოეტი, რომელიც ბავშვობაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გახლავთ ნიკოლოზ ბარათაშვილი. “ფიქრნი მტკვრის პირას” ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექსია, რომელშიც ზოგადსაკაცობრიო საკითხებია დასმული. ჩემთვის საოცრებაა გალაკტიონი თავისი “ცისფერყანწელებით”, მან საქართველოში ევროპული პოეზია შემოიტანა, შექმნა თავისი ფორმა პოეზიისა, იგი არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო პოეზიის მწვერვალია. ძალიან მიყვარს ვაჟა, ჩემს შინაგან სამყაროს ვხედავ მის ნაწარმოებებში. ასევე, ძალიან მიყვარს ილია, როგორც მისი შემოქმედებით, ასევე, მთელი თავისი პიროვნული ღირსებებით. თანამედროვე პოეტებს რაც შეეხება, ბევრი მათგანის ლექსებს ვეცნობი ინტერნეტის საშუალებით. მაინტერესებს, რა იქმნება ქართულ პროზასა და პოეზიაში. საერთოდ, ადამიანი, რასაც ნიჭიერად და კარგად დაწერს, ყველაფერი მისაღებია…
_ თქვენმა შემოქმედებითმა საღამომ _ “შეშლილი დღესასწაული”, რომელიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა, ხელოვნებისმოყვარე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. თქვენს ლექსებზე შექმნილი სიმღერები ცნობილმა მომღერლებმა შეასრულეს. ეს საღამო ჭეშმარიტად იყო პოეზიისა და სიმღერის დღესასწაული.
_ ეს საღამო კინაღამ ჩაიშალა _ მე და ჩემი შვილი ტაქსით წავედით ფილარმონიაში. ყველაფერი, ტანსაცმლით დაწყებული, ჩემს შვილს ჰქონდა ჩაბარებული და ტაქსში დარჩა. წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა! ყველანი მამშვიდებდნენ, მაგრამ რა დამამშვიდებდა? და მართლაც, ცოტა ხნის შემდეგ შემატყობინეს, მძღოლი მოვიდაო. ისე ვიყავი ემოციურად დატვირთული, სახელი და გვარი კი მითხრა, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე, ის კი მახსოვს, მითხრა, გურული ვარო. ყველა ინტერვიუში ვამბობ, იქნებ, გამომეხმაუროს ეს ადამიანი, ლექსების კრებულს მაინც ვაჩუქებ.
_ ახალი ლექსების კრებული როდის გამოვა?
_ სულ მალე გამოვა ჩემი ორი წიგნი _ ერთს ერქმევა “სიყვარულის არითმია” და მეორეს _ “მონატრებიხარ ფიქრებს”, ორივეში მხოლოდ სატრფიალო ხასიათის ლექსები შევა.
_ გურიაზე რას იტყვით?
_ გურიაში ჩასვლა ყოველთვის მახარებს. ჩოხატაურის შესასვლელში, ნოდარ დუმბაძის სიტყვების _ “სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია” _ წაკითხვისას სხვანაირი სიხარულითა და სიამაყით მევსება გული. საოცარია გურულების ნიჭი და ხასიათი. გურულ სიმღერებსა და იუმორში ნათლად ჩანს მათი გონებაგახსნილობა, თუმცა ზოგჯერ მგონია, რომ გურულები, რომლებიც ღვთისგან ბოძებული ასეთი ნიჭის, საოცარი ფანტაზიისა და მრავალხმიანი პოლიფონიის მატარებელნი არიან, სათანადოდ ვერ მოდიან თანხვედრაში შრომისმოყვარეობასთან. მინდა, რომ ის კუთხე, საიდანაც მოდის ჩემი გენეტიკა, უფრო ძლიერად იდგეს ფეხზე. ისე იყოს წარმოჩინებული, როგორც მას ეკადრება… მიუხედავად იმისა, რომ თბილისელი ვარ და ჩოხატაურში ერთი პატარა ქოხიც არ გაგვაჩნია, მე მაინც ჩოხატაურის მიწის შვილი ვარ. ამ საოცარი კუთხის სიყვარულს, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ყოველთვის მაქსიმალურად ვუნერგავ. მინდა, ჩემს გურიას გონიერი ადამიანები მართავდნენ და არასოდეს არანაირი პრობლემა არ ჰქონოდეს, არც გურიას და არც სრულიად საქართველოს.