სასოფლო- სამეურნეო ბარათი 1 ჰექტარზე 510 ლარის ოდენობის თანხით დახმარებას ითვალისწინებს. მასში შედის ნიადაგის ხვნა, ხნულის დადისკვა/გაფხვიერება და ამავდროულად, 300 ლარის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა.
გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში კი „გურია ნიუსის“ ინფორმაციით ამ ბარათებით ვაჭრობა და ფულით განაღდება ხდება. ამ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო _ საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ჭყონიაც არ უარყოფს და აღნიშნავს, რომ ეს არის თაღლითური სქემა, თუმცა ფაქტი ვერ ნახა.
„გურია ნიუსმა“ მსგავსი ინფორმაციების გადამოწმება სცადა. მივედით იქ, სადაც აღნიშნულ ბარათებში ნახევარ ფასს იძლევიან. გამოცდის მიზნით ერთ პიროვნებას შევევაჭრე.
_თქვენ ვაუჩერი გაქვთ? _ გვეკითხება ერთ-ერთი ..
_ დიახ.
_ რამდენ ლარიანი?
_ 300 ლარიანი….
_მაშინ გადაგიხდით 195 ლარს… რა ვქნათ, ასეა, 100 ლარიან ვაუჩერში 65 ლარს ვიძლევით…
ფლობდა თუ არა ინფორმაციას თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, საინფორმაციო _ საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ჭყონია და რა რეაგირება ხდება მსგავის ფაქტების აღმოსაფხვრელად, ამაზე „გურია ნიუსთან“ თავად საუბრობს.
_ბატონო გიორგი, ფლობთ თუ არა ინფორმაციას სასოფლო _ სამეურნეო ბარათების გაყიდვასთან დაკავშირებით?
_ეს ინფორმაცია არაერთხელ გაჟღერდა. ხდება, სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები და არა მარტო ოზურგეთში.
_ ბატონო გიორგი, ხდება თუ არა ამაზე რეაგირება ?
_მიმდინარეობს მონიტორინგი, რომ მოხდეს ასეთი სამწუხარო ფაქტის გამოვლინება.
_ ბატონო გიორგი, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ხდება ვაუჩერების ფულზე გაყიდვა და თან ძალიან მიზერულ ფასში.
_ კი, ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ სამწუხაროდ, ფაქტი არ გვაქვს ხელში, რეაგირებას კი მოახდენს შესაბამისი ორგანოები, კი იცით, რაც ხდება ამასთან დაკავშირებით და არც არავინ არავის არაფერს აპატიებს. ესაა თაღლითური სქემა, არავის არ აქვს უფლება, მანიპულაცია მოახდინოს, ისედაც გაჭირვებულია ხალხი.
_ ვინ ახდენს მანიპულაციას, გაჭირვებული მოსახლეობა? საინტერესოა, ის ადამიანები, რომლებიც იბარებენ ამ სასოფლო ბარათებს ძალიან იაფად, სად მიაქვთ მერე და როგორ ხდება მათი განაღდება?
_ ეს არის თაღლითური სქემა. აკრძალულია ამ ვაუჩერის ფულზე განაღდება. თავიდანვე ჩადო სახელმწიფომ ამაში ეს აზრი. გარკვეული კატეგორიის ადამიანები არსებობენ, რომლებსაც ძალიან უჭირთ და ხდება ამ ეტაპზე ასე.
_ ანუ ყიდიან?
_ კი, ყიდიან. ნუ ყოველ შემთხვევაში, არიან მსურველები, რომლებსაც უნდათ, ვაუჩერის სანაცვლოდ აიღონ ფული. ეს სამწუხაროა, მაგრამ ასე ხდება. წესით, ვაუჩერის გაყიდვა დაუშვებელია, მე მესმის გაჭირვებული ადამიანების, რომლებსაც ურჩევნიათ, რომ 100 ლარიან ვაუჩერში 50 ლარი აიღონ, რაც არასწორია.
თუმცა, ჭყონიას განცხადება, იმის შესახებ, რომ ასეთი ფაქტების დადგენა ვერ მოახერხეს, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. რადგან, “გურია ნიუსს” ამ ექსპერიმენტის ჩატარება და ფაქტის დადგენა არ გაჭირვებია.