_ 286 000-ლარიანი პარკის გამწვანებაზე დახარჯული 70 000 ლარი, რომლის ნასახიც კი არ არის დღეს შემორჩენილი; 55 000 ლარი სპორტის სფეროს მუშაკებს, მაშინ როცა სპორტსმენებს მხოლოდ 3 000 ლარი ხმარდება _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც გამო, გასულ კვირას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 2012 წლის ბიუჯეტის შესრულებას მხარი არ დაუჭირა ფრაქციამ “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო”.
_ ჩოხატაურში რაღაც უნდა გაკეთდეს და ნაბიჯი გადაიდგას წინ, თორემ დავრჩებით იგივე დონეზე, რომელზეც 20 წლის წინ ვიყავით, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას ფრაქციის თავმჯდომარე, დავით შარაშიძე, რომელიც ყველა იმ დეტალის შესახებ გვესაუბრება, რის გამოც, მისმა ფრაქციამ გასული წლის ბიუჯეტის შესრულებას მხარი არ დაუჭირა.
_ გასული წლის ბიუჯეტი მორგებული იყო 2012 წლის არჩევნებს და “ნაციონალური მოძრაობის” რეკლამას. მაგალითად, კონცერტი, რომელიც ჩატარდა კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდან დაფინანსდა, არ ვიცით (საუბარია კონცერტზე, რომელიც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, კულტურის ცენტრთან არსებულმა ბენდმა “გურულმა ბიჭებმა”, 7 ნოემბრის და 26 მაისის სისხლიანი დარბევის კადრების ფონზე გამართა. ავტ). კითხვა დავსვით და პასუხი ვერ მივიღეთ _ ვერ გვეუბნებიან, საიდან დაფინანსდა და თუ დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რატომ დაფინანსდა. გარდა ამისა, თუ ავიღებთ 2012 წლის დასაწყისში შტატების აღრიცხვას და შევადარებთ 2012 წლის დასასრულს, ვნახავთ, რომ შტატების რაოდენობა კატასტროფულად გაზრდილია. თანაც, ყველა დასაქმებულს სთხოვდნენ, რომ არჩევნებზე მისი ოჯახის წევრებს და ახლობლებს ხმა “ნაციონალური მოძრაობისთვის” უნდა მიეცათ.
_ ბატონო დავით, საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე, გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა, “გურია ნიუსის” მიერ დასმული კითხვის პასუხად დაადასტურა, რომ წინასაარჩევნოდ შტატების დამატებამ წლის ბოლოს ბიუჯეტის დეფიციტი გამოიწვია. თუმცა, ამას შემდგომი რეაგირება არ მოჰყოლია… თქვენ გაქვთ იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ამ ადამიანებს მხარდამჭერების შეგროვებას აიძულებდნენ?
_ რა თქმა უნდა, არსებობს. ჩვენთან მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ. ეს ცარიელი სიტყვები არ არის. ყურადღება გასამახვილებელია სოციალურ დახმარებებზეც, რა კრიტერიუმებით არჩევდნენ დახმარების მიმღებ პირებს. რატომ იყო გამორჩევა _ მაგალითად, ერთი და იგივე კატეგორიის ადამიანებს სხვადასხვა თანხას აძლევდნენ. ვინ ამოწმებდა, ვინ არჩევდა? ცოტა ხანში, მე წარმოგიდგენთ 2010 და 2012 წელში გაცემული დახმარებების ანალიზს და ნახავთ, რამხელა სხვაობასაც მივიღებთ.
_ ბატონო დავით, ხომ არ დაინტერესებულხართ ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსების ხარჯებით? საკმაოდ ბევრი კითხვაა, რომელიც ახალგაზრდულმა გაზეთმა გასულ კვირას დასვა…
_ არა, მაგრამ აუცილებლად დავინტერესდებით მაგ საკითხითაც, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას დავით შარაშიძე.
მისივე თქმით, შესასწავლია დიდთოვლობის დროს დახარჯული 70 000 ლარის მიზნობრიობაც. ფრაქცია “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ამბობს, რომ აღნიშნული თანხა ზოტი-ჩხაკაურას გზის გაწმენდაზე მხოლოდ იმიტომ დაიხარჯა, რომ თავის დროზე, აღნიშნულ სოფლებს, გზის გასაწმენდად საწვავი არ გამოუყვეს:
_ ამ სოფლებში საწვავის დროულად მიწოდება არ მოხდა, რამაც გამოიწვია გზების ჩახერგვა-ჩაკეტვა და შემდეგ, აუცილებელი გახდა “კამაცოს” ტიპის იაპონური გზის გამწმენდის დაქირავება, რასაც 5 000 ლარი დასჭირდა, _ აღნიშნავს შარაშიძე.
იგი ბაღების თემასაც ეხება და დასძენს, რომ ეს მტკივნეული საკითხი დროულად უნდა მოგვარდეს:
_ სოფელ შუაამაღლების ბაღი გაკეთდა თანადაფინანსებით _ 9 000 ლარი გამოიყო. ბაღი გაიხსნა ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც განთავსებულია სოფლის ხელმძღვანელობა. სხვადასხვა შესასვლელი აქვთ, მაგრამ ეზო ერთია. ბაღს, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა ჰქონდეს მოწყობილი ეზო, რომ ბავშვი ჩავიდეს, ითამაშოს, დაისვენოს. არ ვიცი, მსოფლიოში თუ არის სადმე, რომ ერთ ეზოში იყოს საბავშვო ბაღი და ადმინისტრაციული შენობა. თუ საერთოდ შევეხებით ბაღების თემას, ჩოხატაურში ეს სისტემა ძალიან მოუწესრიგებელია _ კანალიზაცია, წყალგაყვანილობა, კვების საკითხი… ბაღებში აუცილებლად უნდა იყოს ცხელი და ცივი წყალი. ბევრ ბაღში, საპირფარეშო 50 მეტრით არის დაშორებული შენობას. წარმოიდგინეთ, ბავშვი, ზამთარში, სიცივეში უნდა დადიოდეს ამ მანძილზე. რაიონის ბაღებშიც პრობლემაა. მე წინა წლებშიც დავსვი საკრებულოზე ეს საკითხი _ რაოდენობას ხარისხი არ ჯობია? გაკეთდეს რამდენიმე და გაკეთდეს ხარისხიანად, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას დავით შარაშიძე.
საკრებულოს დეპუტატი გურიის რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციის _ “განვითარების სააგენტოს” თემასაც ეხება და მიიჩნევს, რომ ამ ორგანიზაციისთვის მიცემული ფულის და მისი ხარჯვის მიზნობრიობის შესახებ არაფერია ცნობილი:
_ ვითხოვეთ, რომ მოგვეწვია საკრებულოზე ორგანიზაციის ხელმძღვანელი და კითხვები, რომლებიც გვაქვს, დაგვესვა მისთვის. მაგრამ ესეც არ გააკეთეს. ასევე, აუხსნელი დარჩა, ვისი პროექტი იყო პროექტი “შავი ზღვა _ სოლიდარობა და ეკონომიკური აქტივობა”, რომელშიც 16 700 ლარი დაიხარჯა. რა პროექტია, ვინ დაწერა, რას ხმარდება?! თუ საკრებულოსია, რატომ არ გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია დეპუტატებს?! ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხი ვერ მივიღეთ.
შარაშიძის თქმით, გასულ წელს, არამიზნობრივად არის დახარჯული 58 600 ლარი, რომელიც პოლიციას გადაერიცხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან:
_ არც ერთ კანონში არ წერია, რომ პოლიცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს, მაგრამ მათ ეს სჭირდებოდათ იმ დავალებების შესასრულებლად, რომლებსაც პოლიცია მაშინდელი ოპოზიციონერების მისამართით ახორციელებდა. მაგალითად, ბატონ ვლადიმერ სიხარულიძეს ყაჩაღის მსგავსად გადაუგრიხეს ხელები და ისე წაიყვანეს პოლიციაში. ჩვენ კი იმის საშუალებაც არ მოგვცეს, რომ ახალნაოპერაციები ადამიანისთვის წამალი მიგვეწოდებინა. ჩემს ოჯახზეც ბევრი ზეწოლა იყო და ამის გამო მალე აღიძრება საქმე, _ ამბობს შარაშიძე.
შარაშიძე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბიუჯეტის ხარჯვისას მოსახლეობის ინტერესებს არ ითვალისწინებდნენ და არც ანგარიშს აბარებდნენ: _ 695 400 ლარი დაიხარჯა გზებისა და ხიდების რეკონსტრუქციაზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადგილობრივ მოსახლეობას არ აყენებდნენ საქმის კურსში _ რა ხდებოდა და რას აკეთებდნენ, ინფორმაციასაც კი არ აწვდიდნენ. ამასთან ერთად, იქნებ, ვინმემ ახსნას რას ნიშნავს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო სისტემის მოწყობა? დავსვი ეს შეკითხვა საკრებულოზე, მაგრამ პასუხი ამ კითხვაზეც ვერ გამცეს. 7 000 ლარამდე თანხაა დახარჯული. ვინ არის ამ ცენტრის ხელმძღვანელი და საერთოდ რას ემსახურება, ხომ უნდა ვიცოდეთ?
255 600 ლარია კომუნალური სამსახურის ხარჯი. მერამდენე წელია, ამ საკითხს ვსვამ _ როგორ ასუფთავებენ დაბას, სოფლებს _ არავითარი ინფორმაცია ამის შესახებ არ გაგვაჩნია. გარდა ამისა, ურნები, რომელიც დაჯდა 15 000 ლარი, აუშნოებს რაიონს, ამომწვარი და განადგურებულია. რატომ არის ამომწვარი? ნაგავი იწვება ადგილზე, რომ აღარ იყოს საჭირო მისი გატანა. ეს ხდება არა ერთ ან ორ ადგილზე, არამედ რაიონის მასშტაბით.
ასეთ ფაქტი რომ დავაფიქსირე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ უნგიაძე ჩავისვი მანქანაში და ვაჩვენე. რატომ უნდა დაიწვას, როცა უნდა გაიტანონ ნაგავი და როცა გამოყოფილია უზარმაზარი თანხა მის გასატანად?!
_ ჩოხატაურში ნაგავსაყრელიც პრობლემაა, რომელიც აბსოლუტურად არანაირ სტანდარტში არ ჯდება.
_ ეს საკითხი დავაყენე ჯერ კიდევ მაშინ, როცა სანიტარულ სამსახურში ვმუშაობდი 10-11 წლის წინ. ამით უნდა დაინტერესებულიყო გარემოს დაცვაც, რადგან ნაგავი მდინარის პირას იყრება. ვინ უნდა უხელმძღვანელოს ამას, ესეც კი არ არის დაფიქსირებული.
_ საკმაოდ ბევრი უპასუხო შეკითხვაა. აპირებთ თუ არა ამ საკითხების დეტალურად გასარკვევად პროკურატურას მიმართოთ?
_ ჩემს ინტერესებში არ შედის პროკურატურისთვის მიმართვა, იმ გაგებით, თუ კი ეს პრობლემები მოგვარდება.
_ რა ეშველება გასულ წელს არამიზნობრივად დახარჯულ თანხას?
_ ამ საკითხების დასმა პროკურატურაში ჩემ კომპეტენციაში არ შედის _ ამით თვითონ პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.