“გურია ნიუსი” ოზურგეთში სააღდგომო დღესასწაულზე ჩამოსულ ზვიად კვაჭანტირაძეს შეხვდა და განვლილი ნახევარი წლის შედეგებზე ესაუბრა.
_ბატონო ზვიად, უპირველესად თქვენი ბიუროს საქმიანობის შესახებ გკითხავთ, რა ხდება, ძალიან მალე ხომ არ შეცვალეთ ბიუროს უფროსი?
_ ამ ეტაპზე ბიუროს ხელმძღვანელის მოვალეობას მურთაზ ფოცხიშვილი შეასრულებს. ვნახოთ, იქნებ, ამანაც ერთ თვეში განმიცხადოს, არ მინდა ეგ თანამდებობაო. თუმცა, მე ვიცი მისი შესაძლებლობები. დარწმუნებული ვარ, მუშაობის სტილიც აბსოლუტურად განსხვავებული ექნება. ენერგიულობაზე ხომ არ ვსაუბრობ, საერთოდ. მურთაზი პოლიტიკურ ინტერესებს არ გამოიყენებს. მარინა მაინც თავის პარტიულ ინტერესს გამოყოფდა ხოლმე. მართალია, იგი ხაზს უსვამდა და ამბობდა, მე ამას ვლაპარაკობ, როგორც რესპუბლიკელიო, მაგრამ ეს მაინც რაღაცნაირ დისკომფორტს ქმნიდა. მურთაზის გარდა, კიდევ რამდენიმე ადამიანი იმუშავებს. დღემდე მუშაობდა მხოლოდ ორი ადამიანი და ვერ წვდებოდნენ ამ საქმეებს. ერთ-ერთი აუცილებლად იქნება სპეციალისტი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს სამთავრობო პროექტებს. მათ შორის, სოფლის მეურნეობის საკითხებს. მეორე იქნება სპეციალისტი სოციალური და კულტურული მიმართულებით. მესამე კი _ ტექნიკური პერსონალი და მძღოლი. ბიურო ამ მხრივ ნამდვილად დასალაგებელია.
_ ბატონო ზვიად, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროზე ბევრს საუბრობენ: ამბობენ, რომ ყოველთვიურად ბიუროსთვის გადმორიცხული თანხა _ 5000 ლარი არამიზნობრივად იხარჯება და საერთოდ არ ხმარდება ბიუროს არც ტექნიკური და არც მატერიალური თვალსაზრისით. როგორც ვიცით, ბიუროდან წაიღეს გამგეობის კომპიუტერები, ქსეროქსი. ასევე წაიღო გამგეობამ ავტომანქანაც, რომელიც ბიუროს ემსახურებოდა. 6 თვეა, გამგეობის შენობაში იმყოფებით, რაც არასწორია. ამის შესახებ ოფიციალურად მოგწერეთ კიდეც, სადაც ვითხოვთ, 2013 წლის 1 იანვრიდან აპრილის ჩათვლით, ბიუროს ხარჯთაღრიცხვას. პასუხი ჯერ არ მიგვიღია, რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?
_რაც შეეხება ოფიციალურ წერილს, პასუხი გამოგიგზავნეთ და მიიღებთ აუცილებლად. 5000 ლარი ძირითადად მხოლოდ ხელფასებში იხარჯებოდა და ასევე აუცილებელი საქმისთვის. დანარჩენი კი ამ ეტაპზე შენახულია და გადანაწილდება დანარჩენ თვეებზე. ამ საფუძველზე ვაპირებ, გავაძლიერო საშტატო შემადგენლობა. ის მანქანა, რომელიც გამგეობამ მათხოვა, შეიძლება ვთქვა, რომ 20 მეტრი არ გაუვლია დღემდე,(?) დავაბრუნეთ, აღარ არის ჩვენს ბალანსზე. ტექნიკას რაც შეეხება, სანამ ცენტრალიზებულად არ შეიძენს პარლამენტი, მანამ ჩვენ არ გვექნება. უკვე სამი თვე გავიდა, ტენდერი ვერ დასრულდა პარლამენტის აპარატში, რომ ეს ერთჯერადად გამოყოფილი 5000 ლარი, რომელიც უნდა იყოს დახარჯული მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის, ჩვენ გავაკეთეთ ჩამონათვალი და ველოდებით დღე-დღეზე.
_ არჩევნების შემდეგ რა შეიცვალა ოზურგეთელებისთვის?
_ ალბათ, განსაკუთრებული განსხვავებით სხვა რეგიონებისგან, ოზურგეთში არაფერი შეცვლილა, რაც მოხდა ზოგადად ქვეყანაში. ახალი ხელისუფლების მიმართ ხალხს დიდი ნდობა აქვს. შეიცვალა ის, რომ აღსდგა სამართლიანობის განცდა, სამართლიანობის რწმენა ხალხს ნამდვილად აქვს. დიდი მოლოდინი აქვს ხალხს სოფლის მეურნეობის პროგრამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ მანდ კორექტირება მოხდება იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე შეიცვლება სიტუაცია. ეს ცალკე თემაა და ამაზე შემიძლია, გესაუბროთ. მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც სამი თვის წინ, შესაბამისი ინფორმაცია როცა მივიღე, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, კომიტეტის თავმჯდომარე საქმის კურსში ჩავაყენე. მე იმედი გამიცრუვდებოდა იმ შემთხვევაში, თუ დავინახავდი, რომ ამ პრობლემებზე ხელისუფლება თვალებს დახუჭავდა, მაგრამ მოყვა სერიოზული რეაგირება. მივესალმები პრემიერ-მინისტრის სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც მან მიიღო, კირვალიძის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. უფრო მეტს გეტყვით, მარტო კირვალიძეს არ უნდა ავკიდოთ ეს პასუხისმგებლობა, არამედ მის გარემოცვას, მოადგილეებს, რომლებიც ლომის წილს იღებდნენ გადაწყვეტილებების მიღებაში.
_ თქვენსა და ოზურგეთის გამგებელს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ დანიშვნის დროს ის არ ითვალისწინებს თქვენგან მიწოდებულ კანდიდატურებს.
_ იცით რა, მე დაძაბულ ურთიერთობას ამას ვერ დავარქმევ. მე შევხვდები დღეს გამგებელს და ვკითხავ, აქვს თუ არა მას ჩემთან დაძაბული ურთიერთობა. არც არავის ვუსურვებდი, ჩემთან ჰქონდეს დაძაბული ურთიერთობა, იმიტომ, რომ თუ დაძაბვაზე წავიდა საქმე, მაშინ სულ სხვანაირად განვითარდება მოვლენები. თუმცა გამგებლის მისამართით შეკითხვები არის და არსებობს გასარკვევი საკითხები. მე მყავს ინფორმაციის წყარო და გარდა ამისა, მუდმივ კონტაქტში ვარ ჩემს თანამებრძოლებთან. ისინი ჩამოდიან ჩემთან ქუთაისში, ასევე თბილისშიც და გვაქვს სხვა კომუნიკაციის საშუალებები, მუდმივად ვიღებ ინფორმაციებს. ანონიმურ ინფორმაციებს მე არ განვიხილავ.
_ რა ინფორმაციებზეა საუბარი? რას ითხოვენ თქვენგან თქვენი თანამებრძოლები?
_ ეს შეეხება დასაქმების პრობლემებს. ძირითადი უკმაყოფილება ამაშია და მეც მიჩნდება, სხვათა შორის, შეკითხვები გამგებელთან. ეს საკითხი მწვავედ დგას. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ისინი აღმოჩნდნენ “თამაშს გარეთ”. მინდა გითხრათ, რომ მე არ ვერევი კონკრეტულად საკადრო დანიშვნებში, თუნდაც სოფელ გურიანთაში რწმუნებულის დანიშვნაში, რომელიც მხოლოდ გამგებლის გადასაწყვეტია. ვეცდები, რომ ასეთი საკითხები გამგებელთან გავარკვიო. მე ხელიც შემიშლია რამდენიმე არასასურველი კანდიდატურის დანიშვნისთვის, მაგრამ მის სანაცვლოდ არავინ შემითავაზებია. ეს იყო მაგალითად, ლაითურში, თუმცა საბოლოოდ კარგი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სოფლის რწმუნებულების დანიშვნას გაცილებით მეტი ყურადღება სჭირდება. უფრო მნიშვნელოვანია, ვინ იქნება სოფელში ხელისუფლების პოლიტიკის გამტარებელი და ვინ განახორციელებს სოფლის პროექტებს.
_ იცნობთ თუ არა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს? კონკრეტულად რამდენიმე პრობლემა დაგვისახელეთ. დასაქმება მარტო საჯარო სამსახურებში მუშაობა არ არის, მოსახლეობა დასაქმებას ითხოვს ლუკმა-პურისთვის, რასაც თქვენ წინასაარჩევნოდ ჰპირდებოდით მათ…
_ გეთანხმებით. მთავარია დასაქმებისთვის ხელშეწყობა, ეგ ჩემი ერთ-ერთი დაპირება იყო წინასაარჩევნოდ. ვიყავი 6 აპრილს ჩამოსული, მყავდა ინვესტორი ჩამოყვანილი ოზურგეთში,ის ააშენებს ტექსტილის ქარხანას, სადაც 800 კაცი დასაქმდება.
_ ბატონო ზვიად, მუდმივად ისმის, მაჟორიტარ დეპუტატს ხალხისთვის არ სცალიაო … იშვიათად ხართ ოზურგეთში…
_ აპრილში ნამდვილად არ ვყოფილვარ. ვიყავით მივლინებით. თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, რომელიც ჩემამდე არ მოსულა და ამ პრეტენზიით ჩემთვის ოფიციალურად არავის მოუმართავს? ამისთვის არსებობს ბიურო. ჩემი სამუშაო ადგილი არის ქუთაისის პარლამენტი. ვისაც კონკრეტულად ჩემი თვალების დანახვა უნდა, მას ამის არანაირი პრობლემა არ ექნება. როცა ოზურგეთში ვარ, მივიღებ ყველას, თუ არა შეუძლია ქუთაისში ჩამობრძანდეს. უარს ნახვაზე არავის ვეტყვი. ჩემი საგარეო მივლინებები, ოზურგეთში ჩამოსვლაში ხელს მიშლის, მაგრამ ესეც ნამდვილად გადანაწილდება. ადამიანები ითხოვენ პირდაპირ მატერიალურ დახმარებებს ბიუროში, ან ისეთი რამის სათხოვნელად მოდიან, რისთვისაც არ არის აუცილებელი პირისპირ შეხვდე ადამიანს. ბიურო არის იმისთვის, რომ იქ შესული თითოეული სიტყვა ავტომატურად აღწევდეს ჩემამდე. აქამდე ასე არ იყო. დეპუტატი არ არის თოვლის ბაბუა. ძირითადად ხალხმა ნდობა მას იმიტომ მიანიჭა, რომ მისი ხმა მიაწვდინოს პარლამენტს…ვინც არ უნდა გამაკრიტიკოთ, ჩემი მოვალეობა ეგაა.
_ბატონო ზვიად, თვენ უკვე 7 თვეა, ხართ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი. რა პრობლემა გადაჭერით აქ, ერთ-ერთი კონკრეტულად დაგვისახელეთ .
_ კონკრეტული პრობლემა, ეს არის ლაითურის ხიდი, რომლის საკითხიც დავსვი, კარგა ხანია და პრემიერ-მინისტრთანაც არის შეთანხმებული. ასევეა სოფლის შიდა გზების და გაზის საკითხი. გაზის პრობლემის გადაჭრა მინდა დავიწყო ჩემი მშობლიური სოფლიდან, გურიანთიდან და ნურავინ ნუ დამძრახავს ამისთვის. ციხისფერდი ხომ საერთოდ უგაზოდ არის დარჩენილი. ესეც კერძო კომპანიის ხელშია და ვნახოთ.
_ გაზისა და შიდა გზების გამოყვანა ყოველთვის წინა საარჩევნოდ ხორციელდებოდა, არჩევნების შემდეგ კი ეს პროცესი ჩერდება. ასე მოხდა ახლაც. ხომ არ აპირებს ახალი ხელისუფლება წინა ხელისუფლების ჩვეულების გაგრძელებას?
_ 9 წელი ითმენდა მოსახლეობა ამას. 6 თვის განმავლობაში ვერ შეიცვლება ყველაფერი. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საბოტაჟნიკი გვყავს და ეს ხალხი ზის სახელისუფლებო სტრუქტურებში.
_ბატონო ზვიად, თქვენი სიტყვები წინასაარჩევნოდ ასეთი იყო: რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ ყველანი ერთად გავიღვიძებთ სხვა საქართველოშიო… რას ეტყვით გაჭირვებულებს, რომლებიც, წლებია თურქეთში დადიან სამუშაოდ. როდის გაიღვიძებს მოსახლეობა ერთ დღეს ისე, რომ მეორე დღეს თურქეთში არ წავა სამუშაოდ?
_ სახელმწიფო დონეზე სერიოზული გადაწყვეტილებებია მიღებული. ამ წლის ბიუჯეტი ძირითადად მომზადებული იყო “ნაციონალური მოძრაობისგან”. ჩვენმა ხელისუფლებამ მისი კორექტირება შეძლო და თან მაქსიმალურად. ეს შეძლებისდაგვარად ამ ეტაპზე პირდაპირ აისახა პენსიების ზრდაზე, ასევე სამედიცინო და სადაზღვევო პოლისებში, ამის უარყოფა არის წარმოუდგენელი.