სალამ ზაურბეკოვის, ასლან მარგოშვილისა და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედრები თბილისში გადაიტანეს და როგორც ვარაუდობენ, ექსპერტიზის დასკვნა დაახლოებით 3 დღეში იქნება მზად.
“ერთხელ მიწას მიბარებული მუსულმანის ამოთხრა ჩვენს რელიგიურ წესებს ეწინააღმდეგება, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპრომისზე წავედით. ბოლოს და ბოლოს გვინდა გავიგოთ, რა ვითარებაში დაიღუპნენ ჩვენი შვილები. მართლა ისე მოხდა ყველაფერი, როგორც ამას ყოფილი ხელისუფლება გვიმტკიცებდა? შეიძლება სულაც საკუთარმა თანამებრძოლებმა ესროლეს ზურგიდან. იმედი მაქვს, რომ ექსპერტიზა ყველა კითხვას გასცემს პასუხს და საბოლოოდ გაირკვევა, ვინ იყვნენ ჩვენი შვილები _ ტერორისტები, მკვლელები თუ უბრალოდ მოტყუებუბული ახალგაზრდები, რომლებიც ღალატის მსხვერპლნი გახდნენ.”_ უთხრა “გურია ნიუსს“ ბაჰაუდინ ალდამოვის მამამ ასლუდინ ალდამოვმა.
დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გვამების ექსჰუმაციასთან დაკავშირებით დუისელთა ერთ ნაწილს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, თუმცა საფლავების გახსნის პროცესმა ექსცესების გარეშე ჩაიარა.
ადგილობრივი იმამის მამამ ომარ ხანგოშვილმა “გურია ნიუსს” უთხრა, რომ პირადად არ ეთანხმება ერთხელ მიწას მიბარებული მუსულმანის ამოთხრის იდეას, მაგრამ პროტესტის გამოხატვას არ აპირებს.
“ჩემი შვილი რომ იყოს, რა თქმა უნდა, ამოთხრის ნებას არ მივცემდი, მაგრამ რა უფლება მაქვს მშობლებს მისი შვილის ამოთხრა დავუშალო. მათ ინტერესი აქვთ და უნდა გაარკვიონ რა მოხდა, რა ვითარებაში დაიღუპნენ ბიჭები, ამაში ხელს მათ ვერავინ შეუშლის”.
რა შედეგს მოიტანს რვა თვის შემდეგ გვამების ექსჰუმაცია და გაეცემა თუ არა პასუხი ყველა იმ კითხვას, რაც დაღუპულთა ოჯახებს აინტერესებთ.
“გურია ნიუსმა” კომენტარისათვის დამოუკიდებელ სამედიცინო ექსპერტს ალექსანდრე გეჯაძეს მიმართა.
_ დაკრძალვიდან 8 თვე გავიდა. რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ექსპერტიზას?
_ წინასწარ შედეგებზე საუბარი რთულია, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს: ნიადაგს, სადაც ეს გვამები იყო დაკრძალული, მის სინესტეს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც 6-8 თვის მიცვალებული კარგად ყოფილა შენახული. ამ შემთხვევაში, თუ ცეცხლსასროლ ჭრილობებზეა საუბარი, თავის ქალასა და ძვლებზე ცალსახად შეიძლება განისაზღვროს, თუ რომელია ტყვიის შესავალი ხვრელი და რომელია გამოსავალი. ასევე ცალსახად შეიძლება საუბარი ტყვიის მიმართულებაზე. შეიძლება პრობლემა გახდეს სროლის მანძილის დადგენა, რადგან ის დგინდება იმ შემთხვევაში, თუ კანზე მკაფიოდ არ არის განვითარებული ლპობის პროცესი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ ტანსაცმლის კვლევა, რომელიც ადამიანს ჭრილობების მიყენების დროს ეცვა.
_ დაღუპულების ახლობლები შიშობენ, რომ შესაძლოა რბილი ქსოვილები შორსწასული ლპობის გამო არ იძლეოდეს არანაირ ინფორმაციას, იმასაც ამბობენ,რომ შესაძლოა გვამებს შინაგანი ორგანოები პირველი ექსპერტიზის დროს ამოაცალეს.
_ წესით და კანონით, გვამის გამოკვლევის შემდეგ, შინაგანი ორგანოები ბრუნდება ისევ გვამში. თუ ამ შემთხვევაში ექსპერტმა შინაგანი ორგანოები ვერ აღმოაჩინა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილი ჰქონდა კრიმინალს. გვამების ექსჰუმაციას თუნდაც ამ ფაქტის დასადგენად აქვს მნიშვნელობა.
_ გავრცელებული ინფორმაციით გვამების გამოკვლევის პირველი შედეგები დაკარგულია, რაც მათი ამოთხრის მიზეზად სახელდება.
_ საერთოდ, საექსპერტო პრაქტიკაში მიღებულია, რომ ექსპერტიზა იბეჭდება ორ ეგზემპლარად, ერთი მიაქვს დამკვეთს _ საგამოძიებო ორგანოს თუ სხვა ნებისმიერ დამკვეთს, მეორე პირი რჩება საექსპერტო დაწესებულებაში .თუ ორივე დასკვნა დაკარგულია, მაშინ კრიმინალს ჰქონია ადგილი.
_ შეუძლია თუ არა ექსპერტიზას დაადგინოს რა ვითარებაში მოხდა ადამიანის მოკვლა. დაღუპულების ოჯახები ფიქრობენ, რომ ახალგაზრდები ძილის დროს ზურგიდან მიპარვით ჩახოცეს.
_ ძილის დროს მოხდა ეს თუ საბრძოლო გადაადგილების დროს, ამის გარკვევა რთული საქმე იქნება. ფაქტობრივად, ამას ექსპერტი ვერ დაადგენს, ეს გამოძიების გასარკვევია. მაგრამ ექსპერტს შეუძლია თქვას, რა დაზიანება იყო, სად იყო ის განლაგებული და ეს იმ შემთხვევაში, თუ რბილი ქსოვილები და განსაკუთრებით კანი არ არის ისეთი ლპობის პროცესში ,რომ რაიმეს გარჩევა შეუძლებელი იყოს.
საერთოდ ყურადსაღებია გარემოება: ეს გვამები ადრე გაკვეთილი იყო თუ არა. ამბობენ, რომ დასკვნა დაწერილია, მაგრამ არავის უნახავს არც დასკვნა და არც გაკვეთილი გვამი. საექსპერტო ბიურო რამდენადაც ვიცი, კომენტარს არ აკეთებს, ეს არის სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულება და უნდა თქვას, გვამები იყო თუ არა გაკვეთილი და შესაბამისად ინახება თუ არა მათთან დასკვნა. მათი მხრიდან დუმილი მეტ ეჭვს აჩენს.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით დანარჩენ ოთხ საფლავს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეტაპობრივად გახსნის. როდის გახდება ან გახდება თუ არა საჯარო ექსპერტიზის დასკვნები, ძნელი სათქმელია. საქმეს “გრიფით საიდუმლო” ადევს.
დღესვე სახალხო დამცველმა ალტერნატიული ექსერტიზის ჩატარების აუცილებლობაზე იმსჯელა, რომელშიც დამოუკიდებელი ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას.