გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სააქტო დარბაზში გაიმართა საღამო ,,მე მიყვარს საქართველო”. აქ შეკრებილი საზოგადოების წინაშე კულტურის ცენტრის ბავშვები წარსდგნენ და დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინეს მაყურებელზე.
ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდა მოესმინათ ოცდაშვიდი ახალგაზრდის საოცარი გრძნობით წაკითხული ტარიელ ხარხელაურის, ელისო ფიჩხაიას, თენგო ავსაჯანიშვილის, ზვიად სეხნიაშვილისა და სხვათა ლექსები. სააღდგომო ტრადიციებსა და მის მნიშვნელობაზე მომზადებული თემები წარმოადგინეს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მარიამ სულავამ, გიორგი წულაიამ , მირანდა ესართიამ. მე-8 კლასელმა ნინო თოდუამ გაიხსენა რუსეთიდან საბჭოთა რეპრესიებს გამოქცეული დების _ ირინას და მარუსიას სოფელ მეურნეობაში ცხოვრების არაჩვეულებრივი რწმენისა და კაცთმოყვარების ისტორიები.
საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები: ნანა დანელია, ეკა ბენიძე, მარიამ წულაია, საბა გაბისონია, ანა კეკუტია და სულიკო სურმავა. იქ დამსწრე საზოგადოების ყურადღება მიიპყრო სამუსიკო სკოლის ვაჟთა გუნდის შესრულებულმა სიმღერებმა.
მხარეთმცოდნეობის მუზეუმში უამრავ სტუმართან ერთად იმყოფებოდა ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოება, რომლებმაც დალოცეს აღსაზრდელები, მადლობა გადაუხადეს ასეთი ლამაზი და ეროვნული საღამოს ჩატარებისთვის ღონისძიების ავტორსა და ხელმძღვანელს ნინო ოთარაშვილს და წარმატებები უსურვეს მათ.
მარტვილში სტუმრები ჭყონდიდის ეპარქიის სხვადასხვა ქალაქებიდან იყვნენ ჩასულები.