და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის #52 დადგენილების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირებსა და საჯარო მოსამსახურეებს სააღდგომოდ თანამდებობრივი სარგოს 100% ოდენობით პრემიები დაურიგდათ.
შესაბამისად, ანტონ ხუნდაძემ 2 360 ლარი მიიღო; მისმა მოადგილემ, მიხეილ უნგიაძემ _ 1 100 ლარი; ფრაქცია “ძლიერი თვითმართველობის” თავმჯდომარემ, ზაზა ბასილიამ _ 650 ლარი; ფრაქცია “მაჟორიტარების” თავმჯდომარემ, თემურ ხუხუნაიშვილმა _ 650 ლარი; ფრაქცია “იმედის” თავმჯდომარემ, ლია ჩიგოგიძემ _ 650 ლარი; ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარემ, ვახტანგ გაჩეჩილაძემ _ 650 ლარი; ფრაქცია “ჩოხატაურის” თავმჯდომარემ, ავთანდილ ბასილიამ _ 650 ლარი; ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, დავით შარაშიძემ _ 650 ლარი. ამავე რაოდენობის თანხა მიიღეს საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებმა _ ერეკლე მრელაშვილმა, ზაურ ოსეფაიშვილმა, თამაზ ურიდიამ, ზაზა სიხარულიძემ და შალვა ჩანტლაძემ. პრემიები დაურიგდათ საკრებულოს აპარატის უფროსს მერაბ ხუნდაძეს (700 ლარი) და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირებს 420 ლარის ოდენობით.
პრემიების გარეშე არც გამგეობის თანამშრომლები დარჩენილან. ხელფასთან ერთად, პრემია თანამშრომლების უმრავლესობამ აიღო. გამონაკლისი მხოლოდ ვლადიმერ სიხარულიძე, მარინა ბერიძე, ვლადიმერ ლომთათიძე და ნუკრი დუმბაძე აღმოჩნდნენ, რომლებიც სამსახურის უფროსებად 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაინიშნენ.
თუმცა, როგორც ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, პრემიების დარიგებისას არჩევნების შემდგომ დანიშნული კადრებიც გაითვალისწინეს.
პრემია ხელფასის ოდენობით _ 2 360 ლარი აიღო გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ჯინჭარაძემ და მისმა მოადგილეებმა ირაკლი ახობაძემ და მაია კუტუბიძემ 900-900 ლარის ოდენობით.
გამგეობაში პრემია მისცეს: ადმინისტრაციული სამსახურის უფროს დავით ჯინჭარაძეს _ 700 ლარი; გამგებლის თანაშემწეს, ლია ხუნდაძეს _ 450 ლარი; ამავე სამსახურის განყოფილების უფროსს, ლუდმილა მეგრელიშვილს 500 ლარი ერგო; სამსახურის უკლებლივ ყველა სპეციალისტს _ 420-420 ლარი.
500 ლარი აიღო ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ივანე ცინცაძემ; ამავე სამსახურის სპეციალისტს, სოფიკო ჯინჭარაძეს 420 ლარი ერგო; საფინანსო სამსახურის უფროსს, ზურაბ ჩანტლაძეს _ 700 ლარი. 700-700 ლარი მიიღეს ეკონომიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გია გიორგაძემ და საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან ჩხიკვაძემ. ამავე რაოდენობის თანხა მიიღეს შესყიდვების სამსახურის აწ უკვე ყოფილმა უფროსმა ვლადიმერ გოგიბერიძემ, კულტურის სამსახურის უფროსმა ქეთევან გიორგაძემ, სამხედრო აღრიცხვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ მეფარიშვილმა. აღნიშნული სამსახურის ყველა სპეციალისტს 420-420 ლარი მისცეს.
სააღდგომოდ პრემია მიიღო სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გულთმისან ვასაძემ _ 700 ლარი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სამსახურის არც ერთ თანამშრომელს პრემია არ მიუღია.
პრემიები არც სოფლის რწმუნებულებისთვის დაურიგებიათ. უფრო მეტიც _ როგორც გავარკვიეთ, გამგეობის და საკრებულოს მაღალჩინოსნების პრემიების გამო, სოფლის რწმუნებულებს აპრილში ხელფასები არ ჩაერიცხათ და მათ ანაზღაურება 3 მაისს მიეცათ.
ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ირკვევა, რომ მხოლოდ საკრებულოს თანამშრომლებისთვის ერთი თვის პრემიებისთვის 13 830 ლარი დაიხარჯა, ხოლო გამგეობის თანამშრომლებისთვის _ 32 730 ლარი, რაც ჯამში, გადამხდელების ჯიბიდან ამოღებული 46 160 ლარია.
ჩვენ შევეცადეთ საკრებულოს თავმჯდომარესთან, ანტონ ხუნდაძესთან გაგვერკვია, რა დამსახურებისთვის აიღო პრემია, როცა იანვარში შვებულებაში იყო და თებერვალშიც შიგადაშიგ დადიოდა სამსახურში, მაგრამ უშედეგოდ _ მან ჩვენ სატელეფონო ზარს არ უპასუხა.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ ჯინჭარაძის თქმით, პრემიების მიღების უფლებას მას კანონი აძლევს:
_ ბატონო თამაზ, წინა ხელისუფლებას პრემიების გამო ხშირად აკრიტიკებდნენ. თქვენ, როგორც ახალი ხელისუფლების წარმომადგენელი რას გვეტყვით _ მუშაობის დაწყებიდან 5 თვის თავზე, რა დამსახურების გამო აიღეთ ხელფასის ოდენობის პრემია?
_ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას ან სხვა დანამატს. დანამატების გაცემა უნდა მოხდეს ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში. მოსამსახურის მიერ სამსახურეობრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისთვის წესდება წახალისების ფორმები, რომელთაგან ერთ-ერთი არის ფულადი ჯილდო. ზემოთ აღნიშნული მიზეზები გახდა სხვადასხვა დროს მუნიციპალიტეტებში თანამშრომელთა პრემიებისა თუ დაჯილდოების საფუძველი. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 ოქტომბრის ბრძანებულებით მოხდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც გაიზარდა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი. თუმცა, შესაბამისი ფინანსური რესურსების უქონლობის გამო, მუნიციპალიტეტის საკრებულომ ვერ მიიღო დადგენილება, რომლითაც მოხდებოდა თანამშრომელთა ხელფასების ზრდა. სულ საქართველოში რამდენიმე მუნიციპალიტეტია დარჩენილი ასეთ მდგომარეობაში. შარშან ორჯერ გაიცა პრემია, წელს განახევრდა და ერთხელ გაიცემა. თუკი პირადად ჩემი პრემია გაინტერესებთ, გეტყვით რომ ეს ძალიან კეთილ საქმეებს მოხმარდა. პიარზე არ ვმუშაობთ _ მირჩევნია ჩუმად ვაკეთო საქმე. დამსახურება ყველას ერთი გვაქვს ქვეყნის წინაშე და ვინ და როგორ აკეთებს ამას, მისი საქმეა.
_ პრემიები თქვენს მოადგილეებსაც ერგოთ, თუმცა, გამონაკლისები აღმოჩნდნენ ბოლო დროს დანიშნული სამსახურის უფროსები… ეს როგორ გავიგოთ?
_ მეორე კითხვას პრინციპში პასუხი უკვე გავეცი. სამი თვის განმავლობაში უნდა შეძლოს საჯარო მოხელემ თავისი თავის წარმოჩენა. თითქმის ყველა სამსახურში კოალიციის და შტაბის წარმომადგენლები მყავს დანიშნული. მე მთლიანად, ყველაფერს, ერთი ადამიანი ვერ გავაკონტროლებ. მგონია, რომ კოალიციის წევრები ძალიან კარგად მუშაობენ და მათ სამსახურებშიც პრობლემები ნაკლებადაა. თუკი ვინმეს ვინმესთან პრეტენზია გააჩნია, თქვას თქვენი გაზეთის საშუალებით. მე მგონი, არავის არ გააჩნია, იმიტომ, რომ ვინმე დღემდე მეტყოდა ასეთ რამეს. მე მესმის თქვენი _ რაც კი ამ თანამდებობაზე ვმუშაობ, თუკი რაიმე ყველაზე კრიტიკული კითხვა იბადება ამ რაიონში, ეს კითხვა მე მეკუთვნის, თანაც მარტო მე. მინდა ჩოხატაურელებს ავუხსნა, რომ ყველაფერს ვაკეთებდი და გავაკეთებ ამ რაიონისთვის _ ყველაფერი კარგად იქნება. სამწუხაროდ უამრავი ადამიანი ცდილობს, რომ ეს ყველაფერი ცუდად წარმოაჩინონ, მაგრამ სანთელ-საკმეველი გზას არასდროს კარგავს და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩოხატაურს ეკადრება. მართალია, ერთბაშად ვერა, მაგრამ იქნება ნამდვილად. ახლა, ზუსტად ის დრო დადგა თითო აგური ყველამ დავდოთ ჩვენი ქვეყნისთვის.
_ იმის გამო, რომ გამგეობას და საკრებულოს სააღდგომოდ პრემიები მიეღოთ, როგორც აღმოჩნდა, სოფლის რწმუნებულებს აპრილის ანაზღაურება მაისში მიეცათ…
_ ხელფასების დაგვიანებას რაც შეეხება, თითქმის ყოველთვე რაღაც პრობლემებია თანხებთან დაკავშირებით და ჩვეულებრივი მომენტია. იმის გამო, რომ გამგეობაში პრემია დარიგდა, არავის ხელი არ შეშლია, ვგულისხმობ რწმუნებულების ხელფასებს. ხანდახან ისეც ხდება, რომ არათუ პრემია, ხელფასებიც გვიანდება. დავგეგმავთ მომავალ ბიუჯეტს, როგორც საჭიროა და თანხებიც ისე გადანაწილდება, როგორც რაიონს დასჭირდება, თან გაიზრდება კიდეც, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.
სტატია მომზადებულია ფონდის “ღია საზოგადოება _ საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის _ “დათვალე საკუთარი ფული!”, ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას.