მისი განცხადებით, პოლიციამ მისია სრულყოფილად შეასრულა და აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე იზრუნა. საგანელიძე საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს სიბინძურეს უწოდებს და წინა ხელისუფლების ქმედებებს ახსენებს, როცა პოლიცია საკუთარ მოქალაქეებს ხოცავდა და ამის გამო არავინ ისჯებოდა.
“დღეს ქვეყანაში არსებობს ძალიან პატარა ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავებულად აზროვნებენ, ფიქრობენ. სხვა მისწრაფებები, სურვილები თუ ორიენტაციები აქვთ და არავინ ამაში არ ერევა. მათ თავიანთი ცხოვრების წესი აქვთ, მაგრამ ესენი თავად ითხოვენ, მიიპყრონ ყურადღება, რეკლამირება გაიკეთონ. რაც ყველაზე მთავარია, პროცესები მართულია. უნდა იყოს გამოკვლეული სამართალდამცველი ორგანოების მიერ, ვისგან ფინანსდებიან ეს ადამიანები, ვის დავალებებს ასრულებენ და რატომ ხდება მსგავსი პროვოკაციები, რაც დღეს იყო. ძალადობის მომხრე არ ვარ და არავის მოვუწოდებ ვინმეს უფლებების შელახვისკენ. პოლიციამ დღეს საგმირო საქმე გააკეთა. მე აქამდე წლების განმავლობაში ვხედავდი ისეთ პოლიციას, რომელიც ხელკეტებით, გაზის ბალონებით, რეზინის ტყვიებით უსწორდებოდა თავის ხალხს, ვინც არ მოსწონდა _ მომიტინგეები იქნებოდნენ ეს თუ ოპოზიცია. მერე სახურავზე აწყობდა მიცვალებულებს. პოლიციამ დღეს შესძლო ის, რომ აქციის ორგანიზატორებს და მათ დამქაშებს თუ დამცველებს, ჩაატარებინა აქცია და როცა დაინახა, ვეღარ იცავდა, ჩასვა ავტობუსებში და მშვიდობიანად გაიყვანა ტერიტორიიდან. არც ერთი მათგანი არ დაშავებულა, დაშავდა მხოლოდ პოლიცია. უმცირესობა ათას სისულელეს და ათას სიბინძურეს ამბობს, უმცირესობა იმასაც იძახის, რომ დღეს ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია. ეს ის უმცირესობაა რომელსაც ლიდერი ვანო მერაბიშვილი ჰყავდა, იმ პოლიციის ლიდერი, რომლის პოლიცია არბევდა, კლავდა და ხოცავდა თავის მოქალაქეებს. გავახსენო მათ გირგვლიანი, ვაზაგაშვილი თუ გავახსენო ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამ პარლამენტში სხედან და ქუჩებშიც თავისუფლად დასეირნობენ. დაუსჯელობის სინდრომზე ესენი გვესაუბრებიან?! კი, დაუსჯელობის სინდრომია, რომ ეს ხალხი დღემდე თავისუფალია და ეს უნდა გამოსწორდეს,” _ განაცხადა დავით საგანელიძემ.