ჟურნალისტებთან საუბრისას მან აქციის დროს დაშავებული ადამიანების შესახებაც გააკეთა განცხადება. სერგეენკოს თქმით, სულ 28 ადამიანია დაშავებული, თუმცა, მძიმე დაზიანებები არავის აქვს. მისივე განცხადებით, ჯანდაცვის კომიტეტში მინისტრი კომპანიების _ “ადითის” და “აიჰოპის” წარმომადგენლებს შეხვდება და მათთან ერთად კომპანიების კუთვნილებაში მყოფი 860 დაწესებულების სამომავლო მართვის საკითხებს განიხილავს.
“სულ დაზიანებები მიიღო 28 ადამიანმა, აქედან 11 სტაციონარში არის გადაყვანილი, 1 უკვე გაეწერა ბინაზე, დანარჩენებს ადგილზე აღმოუჩნდა დახმარება. ყველა დაზიანება, საბედნიეროდ, მსუბუქია, გარდა ერთისა, საშუალო სიმძიმისაა კოჭ-წვივის სახრის მოტეხილობა. ერთ თქვენს კოლეგას (საუბარია რადიო “ფორტუნა” ჟურნალისტ ხატია კალანდაძეზე) თხემის ბლაგვი ჭრილობა აღენიშნება და დაკვირვების ქვეშ იმყოფება. სულ ეს არის, რაც ამ დროისთვის ვიცი. 3 პოლიციელია დაზიანებული, თუ სწორად მახსოვს.
ამჯერად ჩემი ვიზიტის მთავარი მიზეზი არის, განვიხილოთ კომპანია “ადითის” და “აიჰოპის” კუთვნილებაში მყოფი 860 სამედიცინო დაწესებულების შემდგომი მართვის საკითხები. ჯანდაცვის კომიტეტში თვითონ კომპანიის და კოლექტივის წარმომადგენლებთან გვექნება შეჯერებული შეხვედრა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მისაღები და ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ ასეთ ფორმატში ჩაგვეტარებინა შეხვედრა,” _ განაცხადა დავით სერგეენკომ.