პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების მიხედვით, “ივანე მერაბიშვილმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 332-ე მუხლი მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ჩადენილს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ.
მერაბიშვილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე პროკურატურის მიერ გამოტანილ დადგენილებაში არაერთი ეპიზოდია მოყვანილი.
2006 წლის 6 მარტს, საჯაროდ გაცხადდა, რომ ს. გირგვლიანის ჯანმრთელობის დაზიანების სასიკვდილო შედეგით და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები: გერონტი ალანია (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსი), ალექსანდრე ღაჭავა (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი), მიხეილ ბიბილურიძე (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი) და ავთანდილ აფციაური (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი). თუმცა, პასუხისგებაში მისაცემ პირებთან წინასწარ შეთანხმდა მათი დაკავების დღე, პირობები, სასჯელის სახე და ზომა. მორიგების თანახმად, სასჯელის ზომა თითოეული მათგანისათვის არ იქნებოდა წელიწადნახევარზე მეტი. ამასთან, დასაკავებელ პირთა მონაწილეობით, წინასწარ, უკანონოდ განხორციელდა შემთხვევის ადგილების: “შარდენ ბარი”-სა და ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერება და საგამოძიებო ვერსიის შემუშავება-შეჯერება.
მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს: გ. ალანიას, მ. ბიბილურიძეს, ალ. ღაჭავას და ა. აფციაურს, მათ მიერ სასჯელის მოხდის საფასურად, ასევე დუმილისა და დანაშაულში უფრო მაღალი თანამდებობის პირების და, კერძოდ, დ. ახალაიას ორგანიზატორობის არ განთქმის სანაცვლოდ შესთავაზეს ფინანსური საზღაურის გადახდა 100-100 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობით, ასევე მათი ოჯახების უზრუნველყოფა და მთელი რიგი პრივილეგიებით სარგებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში. გამოძიების საწყის ეტაპზევე, ივ. მერაბიშვილი შეხვდა ბრალდებულებს და შეპირდა, რომ „მის გასაკეთებელს თავადვე გააკეთებდა და მათ პრობლემა არ შეექმნებოდათ“, რაც მან განახორციელა კიდეც. ივ. მერაბიშვილმა „მოდულის“ შენობაში წინასწარი დაკავების საკანში ბრალდებულებთან შეხვედრისას, თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა მათ. დაპირებული თანხის ნაწილი „საჩუქრის“ სახით „შეფისაგან“, (იგულისხმება შ/ს მინისტრი), იქვე გადასცეს დაკავებულებს. დანარჩენი თანხის გადაცემა კი, ხორციელდებოდა გარკვეული პერიოდულობით მათი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის განმავლობაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებისათვის წინასწარვე ცნობილი იყო, რომ მათ ჩვენებებსა და ვერსიებზე თავად იზრუნებდნენ გამოძიების მწარმოებელი პირები. რომ გამომძიებელები თავად კარნახობდნენ ჩვენებებს ბრალდებულებს, ან მიჰქონდათ მათთან წინასწარ დაწერილი ჩვენებების ტექსტები, რომელთა ფორმალურ გადაწერასაც ახდენდნენ ბრალდებულები.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წლის 3 მაისს, ბრალდებულებს ფიქტიურად შესთავაზეს საპროცესო შეთანხმება დანაშაულში მონაწილე მათზე მაღალი თანამდებობის პირის ვითომდა განთქმის შემთხვევაშიპირობითი მსჯავრის სანაცვლოდ და ამ შეთავაზების დოკუმენტი მოათავსეს მათი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში. სინამდვილეში კი, ბრალდებულთა მიერ ამ შეთავაზების არ მიღებით შექმნეს დოკუმეტი, რაც უნდა შეფასებულიყო იმის მტკიცებულებად, რომ ს. გირგვლიანის მკვლელობის საქმეში არ იმხილებოდნენ შ/ს სამინისტროს უფრო მაღალი თანამდებობის პირები და გამოძიებამ ყველა ზომა მიიღო მათი გამოვლენა-დადგენის მიზნით. მიმდინარე გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულთა მიერ საპროცესო გარიგების შეთავაზების მიღების საფრთხისაგან დაზღვევისათვის, მიღებულ იქნა ზომები დ. ახალაიას მიერ. მან, გ. ალანიას ხელით, დანარჩენ 3 ბრალდებულს გადასცა ფულადი თანხა მაშინვე, როგორც კი ერთ-ერთმა ბრალდებულმა გამომძიებლებთან გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი.
დადგენილების მიხედვით, ჩადენილ დანაშაულში დ. ახალაიას მონაწილეობის დაფარვისა და პირიქით, საქმის გახსნაში მისი წვლილის ჩვენების მიზნით, გამოძიების ფალსიფიკაციის გეგმის ფარგლებში შედგა ე.წ. “საიდუმლო” წერილები: დ. ახალაიას 2006 წლის 24 თებერვლით დათარიღებული “საიდუმლო” წერილი N16/27 (ს) ივ. მერაბიშვილისადმი, თავის მხრივ, ივ. მერაბიშვილის ასევე 2006 წლის 24 თებერვლით დათარიღებული “საიდუმლო” წერილიN16/12(2)-2 საქართველოს იმჟამინდელი გენერალური პროკურორის – ზ. ადეიშვილისადმი.
აღნიშნული “საიდუმლო” წერილით დ. ახალაია ანგარიშს აბარებს ივ. მერაბიშვილს _ თითქოსდა ამ უკანასკნელის დავალების შესრულების მიმდინარეობაზე, რაც შეეხებოდა ს. გირგვლიანის გარდაცვალების გარემოებების დადგენისათვის მის მიერ ვითომდა გატარებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს. ივ. მერაბიშვილისათვის გაგზავნილ წერილში დ. ახალაია “ასკვნის”, რომ მის ხელთ არსებული ოპერატიული მონაცემებით, ს. გირგვლიანისა და ლ. ბუხაიძის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილეობდნენ მხოლოდ: გ. ალანია, მ. ბიბილურიძე, ა. აფციაური და ალ. ღაჭავა. შესაბამისად, ივ. მერაბიშვილმა დ. ახალაიას წერილი, ვითომდა გაუგზავნა საქართველოს გენერალური პროკურორის ზ. ადეიშვილს, რადგან მისთვის დ. ახალაიასგან ცნობილი გახდა, რომ ს. გირგვლიანის მკვლელობის საქმეში დამნაშავეებად იკვეთებოდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები. აღნიშნული წერილით ივ. მერაბიშვილი, ზ. ადეიშვილს სათანადო რეაგირებისათვის უგზავნიდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის იმჟამინდელი უფროსის დ. ახალაიას საიდუმლო შეტყობინებას.
მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული ე.წ. “საიდუმლო” წერილები შედგენილია არა მათზე მითითებულ დროს, არამედ, შესრულდა მოგვიანებით, გამოძიების ინსცენირების გეგმის ფარგლებში და წარმოადგენს ყალბ დოკუმენტებს არარსებული რეკვიზიტებით.
“ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ” ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის ძალით, ივ. მერაბიშვილს გააჩნდა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველყოფის ვალდებულება, მიუხედავად მისი პირადი დაინტერესებისა გამოძიების შედეგებისადმი. “ნებისმიერი ხარვეზი გამოძიებაში, რომელიც ძირს უთხრის მის უნარს დაადგინოს საქმის გარემოებები ან დანაშაულის ჩამდენი პირი, იმის მანიშნებელია, რომ არ იქნა უზრუნველყოფილი ეფექტურობის სათანადო ხარისხი. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის საქმის მწარმოებელი დანაყოფები და პირები გამოძიების არც ერთ სტადიაზე არ იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები, არამედ დამოკიდებულნი იყვნენ არა მხოლოდ იერარქიული ან ინსტიტუციური, ასევე პრაქტიკული და ფაქტობრივი თვალსაზრისითაც იმ პირებზე, ვინც პირადი მიზნებით დაინტერესებული იყო საქმის არასამართლიანი გამოძიების შედეგებით”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ივლისის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით: გ. ალანია, ალ. ღაჭავა, მ. ბიბილურიძე და ა. აფციაური 2006 წლის 18 ივლისს მოთავსებულ იქნენ ქ. თბილისში, N10 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ წინასწარი შეპირების თანახმად, დაწესებულებაში მოთავსებამდე, მათთვის საგანგებოდ გარემონტდა დამოუკიდებელი საცხოვრებელი ფართი (ყოფილი მედ.ცენტრი), დაწესებულების დანარჩენი ტერიტორიისაგან იზოლირების მიზნით შემოიღობა გარე პერიმეტრი, მოეწყო ცალკე სველი წერტილები, სამზარეულო და სხვა სათავსოები. მათთვის განკუთვნილ საცხოვრებელში შეტანილი იქნა ახალი ავეჯი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, დამონტაჟდა ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზია და ელექტროენერგიის დამოუკიდებელი წყაროს ხაზები. ამ პატიმრებზე არ ვრცელდებოდა ციხის შინაგანაწესით დადგენილი მსჯავრდებულთა ქცევის წესები. ისინი შეუზღუდავად გადაადგილდებოდნენ დაწესებულების მთელ ტერიტორიაზე, შედიოდნენ ადმინისტრაციულ კორპუსში, შეუზღუდავად სარგებლობდნენ მობილური ტელეფონებით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, განუსაზღვრელიდროით და რაოდენობით იღებდნენ სტუმრებს, რომლებიც ძირითადად იყვნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და იუსტიციის სამინისტროს მოხელეები, უმასპინძლდებოდნენ მათ ალკოჰოლურ სასმელით, სარგებლობდნენ სექსუალური მომსახურებით.
მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ გ. ალანია, ა. ღაჭავა, ა. აფციაური და მ. ბიბილურიძე სასჯელის მოხდის პერიოდში პერიოდულად გაჰყავდათ N10 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სხვადასხვა ვადით და გადაადგილდებოდნენ პირადი სარგებლობის ავტომანქანებით, მათ შორის: ბებიის, ბიძაშვილის სამძიმარზე, მაღაზიებში და სხვა, როგორც თბილისში, ისე მის გარეთ. დადასტურებულია ისიც, რომ რუსეთ-საქართველოს ცნობილი მოვლენების დროს – 2008 წლის 11 აგვისტოს: გ.ალანია, ალ.ღაჭავა, ა. აფციაური და მ. ბიბილურიძე გაყვანილ იქნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების განზრახვით. თუმცა, დ. ახალაია იძულებული გახდა 25 აგვისტოს ისინი უკანვე დაებრუნებუნა ვინაიდან, პრეზიდენტის შეწყალება დროებით გადაიდო. მოგვიანებით, 2008 წლის 24 ნოემბერს: გ. ალანია, ა. ღაჭავა, ა. აფციაური და მ. ბიბილურიძე მართლაც შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფოს უფრო მეტი სიმკაცრის გამოხატვა მოეთხოვება საკუთარი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების დასჯის დროს, ვიდრე სხვა დამნაშავის მიმართ, ვინაიდან ამ შემთხვევაში, სასწორზე არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დევს, არამედ სახელმწიფოს ვალდებულება – აღმოფხვრას დაუსჯელობის შეგრძნება, რომელიც დამნაშავეებს შესაძლოა სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის გამო ჰქონდეთ.
“როდესაც ადამიანი იღუპება საეჭვო გარემოებებში და სახელმწიფოს წარმომადგენლის ხელში, გამოძიების წარმოებისას, შესაბამის შიდასახელმწიფოებრივ ორგანოებს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო გამოავლენს რა სიცოცხლისათვის საშიში აქტების მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას, თავის წარმომადგენლებში დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკის წინაშე დადგება, რასაც შეუძლია გზა გაუხსნას სხვა თავზეხელაღებულ დანაშაულებს, ისეთებს, როგორსაც ჰქონდა ადგილი მოცემულ საქმეში”.
“მერაბიშვილმა, არათუ დაარღვია სახელმწიფოს ვალდებულება აღმოეფხვრა დაუსჯელობის უკანონო პრივილეგია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოხელეთა შორის, არამედ, თავისი მოქმედებით გამოიწვია მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფ მოხელეთა დანაშაულებრივი საქმიანობის პირდაპირი წახალისება პირადი მოტივებით, საჯარო და სხვა პირთა ინტერესის საწინააღმდეგოდ. ივ. მერაბიშვილის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა დამნაშავეთა და დანაშაულის დაფარვისათვის სხვადასხვა ქმედებათა დაგეგმვასა და განხორციელებაში, გამოძიების ინსცენირებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიცირების ორგანიზებაში, დანაშაულის გახსნის ყალბი მოლოდინის გაჩენით – საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში, დამნაშავეთა სამსახურებრივ, მორალურ და მატერიალურ მხარდაჭერაში, მათთვის სასჯელის მოხდის პერიოდში უკანონო პრივილეგიების მინიჭებისათვის პირობების შექმნაში და დუმილის სანაცვლოდ, ფინანსური საზღაურისა და კეთილდღეობის შეთავაზებაში, ასევე, სასჯელისაგან ვადაზე ადრე გათავისუფლების უზრუნველყოფაში,” _ ვკითხულობთ პროკურატურის დადგენილებაში.