პროკურატურა სასამართლოსკენ იშვერს ხელს, სასამართლო კი გამოძიების არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს. გაუპატიურება-წამებაში გამართლებული პოლიციის მაღალჩინოსნები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ, პარალელურად კი ბორჯომში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატიმრობიდან ახლად გათავისუფლებული პოლიციის ყოფილი უფროსი მოტოციკლეტით გადაადგილდება და ხალხს იარაღით აშინებს.
“გურია ნიუსი” მამუკა ხვედელიანის ადვოკატს ზაზა მარიდაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ გათავისუფლების წუთიდან ხვედელიანი თბილისში წავიდა და სახლიდან არ გამოდის:
_სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ტყუილია, რასაც მედია ავრცელებს. გათავისუფლების შემდეგ ხვედელიანი ერთი საათიც არ გაჩერებულა ბორჯომში, თბილისში წავიდა და მას შემდეგ სახლიდან არ გამოდის. რაც შეეხება გამამართლებელ განაჩენს, პროკურატურამ ეს საკუთარ თავს დააბრალოს, დამნაშავეებს სხვაგან ნუ ეძებს.
_ მთავარი პროკურატურა ამბობს, რომ ბრალდება მტკიცებულებებით იყო გამყარებული.
_ ამ საქმეში გამოძიების ეტაპიდან ჩავერთე და მამუკა ხვედელიანს სასამართლოშიც ვიცავდი. პროკურატურას არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, გარდა საქმეში არსებული რამდენიმე დოკუმენტისა, რომელთა ნახევარი გაყალბებული იყო. ეს იყო, მაგალითად , ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმი, რომელიც ყალბ მონაცემებს შეიცავდა. როდესაც ამ საგამოძიებო მოქმედებას ატარებდნენ პარალელურად მიმდინარეობდა ვიდეო გადაღება. სასამართლოზე წარმოდგენილი ვიდეო და დოკუმენტი რომელიც საქმეში ჩადეს , როგორც მტკიცებულება აცდენილი იყო როგორც დროში ასევე ვითარებაშიც. ე. წ. დაზარალებული ვიდეო გადაღებისას ამბობდა სხვა რაღაცას, ხოლო ოქმში _ სხვას. ანუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, დაზარალებული საერთოდ არ ახსენებდა მამუკა ხვედელიანის სახელს, სათანადო დოკუმენტში კი გამომძიებლის მიერ მოხდა გვარის ჩამატება. ასევე ყალბია ბრალდებულის ამოცნობის ოქმი, ჩვენთვის გადმოცემულ დოკუმენტში სხვა დრო ეწერა, სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტში _ სხვა. აქედან გამომდინარე, რატომ უკვირს პროკურატურას რომ სასამართლომ ეს დოკუმენტები მტკიცებულებებად არ სცნო, თუ შეიძლება ამას მტკიცებულება ეწოდოს.
_ როგორ გაჩნდა ამ საქმეში ხვედელიანი, არსებობს წამების ამსახველი ვიდეო კადრები?
_ არანაირი კადრები არ არსებობს, ხვედელიანის გვარი დაასახელა ე. წ. დაზარალებულმა, როდესაც განაცხადა რომ ხვედელიანმა სცემა და გააუპატიურა. ეს ჩვენება სასამართლოში სულ აურ-დაურია. სხვა რაიმე მტკიცებულება არ არსებობს. უფრო მეტიც, ის ფაქტები, რასაც ედავებიან ხვედელიანს, საერთოდ არ დადასტურდა.
_ პროკურატურა ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება წამება -გაუპატიურების ფაქტი…
_ თავიდან დაზარალებული აცხადებდა, რომ სკამის ფეხით გააუპატიურეს, სასამართლოზე კი სულ სხვა გარემოებები გადმოსცა. რაც შეეხება ექსპერტიზას, სასამართლოზე სამედიცინო ექსპერტების დაკითხვით დადასტურდა, რომ აღნიშნული ფაქტი არ შეიძლებოდა მომხდარიყო, გამოირიცხა ასეთი ფაქტი საერთოდ . ექსპერტებმა დაaდასტურეს, რომ ასეთის შემთხვევაში, პიროვნება (იმ სიმპტომების გათვალისწინებით, რასაც ის აღწერდა), ქირურგიული ჩარევის გარეშე ვერ გადარჩებოდა და აუცილებლად გარდაიცვლებოდა. ეს დადაsტურდა როგორც ჩვენ მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი ექსპერტის, ასევე, მათ მიერ მოწვეული ექსპერტის დაკითხვის შედეგად. უფრო მეტიც, დაზარალებული აცხადებდა, რომ მას ყურზე სიგარეტს აწვავდნენ; ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ასეთ შემთხვევაში, მას დამწვრობის კვალი დარჩებოდა, რაც მას არ გააჩნია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სასამართლოს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, რადგან პროკურატურამ წარმოადგინა არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ, საერთოდ ვერ წარმოადგინა ვერაფერი.
_ პროკურატურა მოსამართლეს ოლქის პროკურორთან არასწორ კომუნიკაციაში ადანაშაულებს, თითქოს მოსამართლე პროკურორს ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთავაზობდა.
_ ამის დადასტურება არ შემიძლია, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ეს შეხვედრა რეალურად მოხდა. ბუნებრივია, ახლა პროკურატურა თავდაცვის რეჟიმშია, მაგრამ თუ ასეთი კომუნიკაცია მართლაც შედგა, პრეტენზია უნდა გვქონდეს ჩვენ და არა მათ. როდესაც სასამართლომ პროკურატურას შესთავაზა საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინა განსასჯელებთან, ამით მან უთხრა, რომ არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება და გამოსავალი ეპოვა თვითონ პროკურატურას. ამაზე პროკურატურამ მადლობა უნდა გადაუხადოს მოსამართლეს, თუ მან სავარაუდო შედეგების შესახებ ის წინასწარ გააფრთხილა.