ამის თქმის საფუძველს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების გასვლით სხდომამდე ერთი დღით ადრე მომხდარი მოვლენები გვაძლევს.
მივყვეთ ამბებს ქრონოლოგიურად, რადგან ამ დღის ქრონოლოგია, შესაძლოა, სხვა ჩემ კოლეგებსაც გამოადგეთ:
მას შემდეგ, რაც ვიგებ, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში “საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე უნდა იმსჯელონ, სხდომაზე დასასწრებად გარემოს დაცვის პრეს სამსახურის უფროსს ინგა ნიკაგოსიანს ვურეკავ.
ტელეფონი გამორთული აქვს. რამდენიმე წუთში მინისტრის მოადგილესთან ნინო შარაშიძესთან ვრეკავ და ვეკითხები, თუ არის სხდომაზე დასწრება ჟურნალისტებისთვის შესაძლებელი. მპასუხობს, რომ პრობლემა არ იქნება, მაგრამ მირჩევს, დეტალებისთვის მათ პიარს დავუკავშირდე.
რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ვუკავშირდები გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის პირს და იგივეს ვუმეორებ. მეუბნება, რომ სხდომა ჟურნალისტებისთვის დახურულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ხელმძღვანელის, გია ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით და სამწუხაროდ, ვერაფრით დამეხმარება.
“საქართველოს იურისტთა ასოციაციაში” ვრეკავ; ვაზუსტებ, რა შემთხვევაშია პარლამენტის კომიტეტის სხდომა დახურული.
საია-ს საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა: “საქართველოს პარლამენტის 49-ე მუხლის მე-10 პუნქტით, პარლამენტის სხდომები საჯაროა, რაც პარლამენტის მუშაობის პრინციპიდან გამომდინარეობს. ის ხალხის არჩეულია და მისი მუშაობა უნდა იყოს გამჭვირვალე. რაც შეეხება კომიტეტის სხდომების დახურვას, ეს ორ შემთხვევაში ხდება: 1) თუ საქმე ეხება თავდაცვას და უშიშროებას და 2) თუ ეს არის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობით გამოწვეული, როგორც ეს მოხდა კადრების დახურული ჩვენების შემთხვევაში. ამასთან, სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომიტეტის წევრთა უმრავლესობა და თუ ეს თავმჯდომარემ ერთპიროვნულად გააკეთა, მაშინ ადგილი აქვს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევას”.
აღნიშნული ინფორმაციით შეიარაღებული ისევ ვრეკავ გარემოს დაცვის პრესსამსახურში და ვუხსნი, რომ სრული უფლება მაქვს სხდომას დავესწრო.
“გია ცაგარეიშვილმა მთხოვა, რომ სხდომაზე ჟურნალისტები არ ყოფილიყვნენ. დავურეკავ და გავარკვევ”, _ მპასუხობს ინგა ნიკაგოსიანი.
რამდენჯერმე დარეკვა-გადამოწმების შემდეგ, პრესსამსახურის უფროსი საღამოს საათებში მირეკავს, რომ შემიძლია სხდომაზე მივიდე, თან, პარალელურად, პრეს-რელიზი ეგზავნებათ მედიასაშუალებებს.
უკვე სხდომის შემდეგ, პარლამენტის წევრს გია ცაგარეიშვილს, გარემოს დაცვის სამინისტროში, ამ ყველაფერზე კომენტარს ვთხოვ.
_ ბატონო გია, როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა გადმომცა, თქვენ გითხოვიათ, სხდომა ჟურნალისტებისთვის დახურული ყოფილიყო. მას შემდეგ, რაც განვუმარტე, რომ ეს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაა, მითხრა, რომ ჯერ თქვენ დაგიკავშირდებოდათ და მერე გამცემდა პასუხს. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
_ აქ რაღაც გაუგებრობა იყო, თქვენ უნდა დაგერეკათ ჩემთან. ჩვენ არ გვაქვს სამუშაო გარემო და ამიტომ შემოვეხიზნეთ გარემოს დაცვის სამინისტროს. როცა ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე კომიტეტის სხდომის შესახებ, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი არის საჯარო. სხდომის დახურვის შესახებ უნდა ჩატარდეს კენჭისყრა და ხომ არ ჩატარებულა ეს კენჭისყრა?
_ მეც ზუსტად კენჭისყრის ოქმს ვითხოვდი, ბატონო გია, როდესაც განმიცხადეს, რომ კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტების დასწრება არ შეიძლებოდა. გუშინ მთელი დღე მომიხდა ბრძოლა, ამ სხდომაზე რომ მოვსულიყავი, როგორც ჟურნალისტი.
_ ტყუილად მოგიწიათ, ჩემო კარგო, ბრძოლა, იმიტომ რომ, როცა წაიკითხეთ დღის წესრიგი, იქ იქნებოდა მითითებული, რომ სხდომა იყო საჯარო. უნდა დაგერეკათ ჩემთან, მე სამინისტროს პიარს არ ვემორჩილები.
_ როდესაც სამინისტროში რაღაც ღონისძიებაზე დასწრება გვინდა, ჟურნალისტები პრესსამსახურს ვუკავშირდებით და ის უშვებს საშვს ჩვენზე. მე ამ პროცედურას ვიცავდი.
_ მე მკითხეს, თუ მინდოდა, რომ გავრცელებულიყო სხდომის შესახებ პრეს-რელიზი. ვუპასუხე, რომ ეს არ მჭირდება. ჩემი პრეს-რელიზი არის გამოქვეყნებული დღის წესრიგი.
_ საზოგადოებამაც ხომ უნდა იცოდეს, ბატონო გია, რომელ კანონპროექტზეა მსჯელობა და როგორ გაიგებს, თუ პრეს-რელიზი არ გავრცელდა და მისი საშუალებით არ გააშუქეს ჟურნალისტებმა ამბავი?
_ ამისთვის არსებობს პარლამენტის საიტი! უნდა შებრძანდეთ იქ! მე ყბედად ვერ გადავიქცევი და ვილაპარაკებ, რას ვაკეთებ ყოველდღე! არ მჭირდება ეს! ჩემთვის საჯარო არის ეს ვებგვერდი. ჟურნალისტები კითხულობენ და მოდიან იმის მიხედვით სხდომებზე.
შემდეგი კითხვა კომიტეტის თავმჯდომარისთვის აღარ დაგვისვამს, მაგრამ აქ დავსვამ: _ თუ პარლამენტის ვებგვერდი საკმარისია საჯაროობისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის, მაშინ რაღა საჭიროა პრესსამსახურები და საზოგადოებასთან ურთიერთობის მრავალშტატიანი დეპარტამენტები?