მანამდე, საკრებულოს ერთ-ერთ სხდომის შემდეგ, დაპირისპირება მოხდა ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული ლანჩხუთის” თავმჯდომარეს მარიკა თურნავასა და და ფრაქცია “რელური თვითმმართველობისათვის” თავმჯდომარეს დავით წულაძეს შორის. თურნავა ფრაქციას სახელწოდებას უცვლის და “რესპუბლიკელებით” ანაცვლებს. ისინი ერთმანეთს ფრაქციის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებენ. პრესკონფერენციაზე, რომელიც მარიკა თურნავამ გამართა, განაცხადა, რომ დავით წულაძე ცდილობს მას ფრაქცია დაუშალოს. წულაძეც იგივეს სდებს ბრალად თურნავას.
გთავაზობთ ორივე მხარის კომენტარს:
“სანამ საკრებულოს სხდომა ჩატარდებოდა, ბიუროზე განიხილეს ჩემი განცხადება ფრაქციის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით. ამავე ბიუროზე მაკა კვირკველიამ განაცხადა, რომ რამდენიმე დღით ადრე, დავით წულაძესა და ლევან ჩხაიძეს “ქართული ოცნების” პარტიის წევრობაზე განცხადება ჰქონიათ შეტანილი. კვირკველიამ ისიც აღნიშნა, რომ პარტიის წევრს სხვა ფრაქციის ქონის უფლება აღარ აქვს როგორც ჩვენივე დებულებით, ისევე პარტიის წესდებით. წულაძეც დაეთანხმა ამ ყველაფერს. მოხდა ისე, რომ 27 ივლისს გამართულ სხდომაზე, რომელზეც ჩემი ფრაქციის სახელწოდების შეცვლის საკითხი უნდა გასულიყო ცნობის სახით, რატომღაც ილო გვარჯალაძემ ეს საკითხი აღარ გამოიტანა, მიზეზით, რომ “რაღაც გასარკვევი იყო”. თუ რამე ჰქონდა გასარკვევი და შესაკითხი, ჩემთვის უნდა მოემართა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ გვარჯალაძემ არაჯეროვნად შეასრულა თავისი მოვალეობა.
წესდებაში წერია, რომ ფრაქციის წევრი ვალდებულია, წარმომადგენლობით ორგანოში გაერთიანდეს პარტიის ფრაქციაში ან კოალიციის ფრაქციაში, რომლის შემადგენლობაშიც შესულია ეს პარტია. ამის გამო დამიპირისპირდა დავით წულაძე და ლევან ჩხაიძეც მოატყუა _ იმ შემთხვევაში თუ პარტიაში გაწევრიანდებოდა, ფრაქციაში ყოფნაზე პრობლემა არ შეექმნებოდა. ლევან ჩხაიძეს ძალიან კარგად ვიცნობ და მითხრა კიდეც, რომ ჩემი ფრაქციიდან გასვლას არ აპირებდა; მან არ იცოდა თუ რა მოყვებოდა მის პარტიაში გადასვლას. ახლა დავით წულაძე ცუდ დღეშია _ ფრაქცია უნდა დაშალოს ან პარტიიდან გამოვიდეს. წულაძეს ისე დაემართა” თაგვმა თხარა თხარო”… მან ბრალდება წამომიყენა, რატომ გაუშვი ჩემი მეუღლე ფრაქციიდანო. ძალიან კარგად იცის წულაძემ ეს რატომაც გავაკეთე. მან მოინდომა ჩემი ფრაქციის დაშლა და ახლის გაკეთება, მაგრამ გული ნუ წყდება ბატონ დავითს _ მისი მეუღლე უსაქმურად არავის დაუტოვებია, სოფლის მეურნეობაში სპეციალისტად გააფორმეს!
ჩემს წარმომადგენლად “რესპუბლიკელი” ნინო ებრალიძე მოვიყვანე, რომელმაც ნამდვილად იბრძოლა და კონსულტანტად არ ამიყვანია “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი. ამას საკრებულოს თავმჯდომარეს აბრალებენ, მიუხედავად იმისა, რომ მას არავითარი უფლება არ აქვს, ფრაქციაში ვინმეს აყვანაზე წინააღმდეგობა გამიწიოს. დავით წულაძემ კი ჩიბათის რწმუნებულის თანაშემწე, ყოფილი “ნაციონალი” მოიყვანა. თუ საკრებულოში მყოფ “ნაციონალებს” “ბალაგანს” ეძახი, მაშინ მათთან არ უნდა დაჯდე და დალიო!” _ ამბობს მარიკა თურნავა.
ილო გვარჯალაძე თურნავას განცხადებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მისი განცხადება მიღებულია წარმოებაში, მიმდინარეობს პროცესი და მომდევნო სესიაზე დარეგისტრირდება.
_ კითხვებს რაც შეეხება; “ქართულ ოცნებას” წერილი გავუგზავნეთ, იყო თუ არა ფრაქციის ზოგიერთი წევრი პარტიის წევრი. სწორედ ამ პასუხს ველოდებოდით, _ განმარტავს გვარჯალაძე.
დავით წულაძე კი მიიჩნევს, რომ მას აიძულებენ ან პარტია დატოვოს ან ფრაქციის თავმჯდომარეობა.
“მაყენებენ ისეთი რეალობის წინაშე, რომ დავტოვო პარტია ან ფრაქციის თავმჯდომარეობა. ამით ყველაა დაინტერესებული; საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიგინეიშვილმა მითხრა, “რესპუბლიკურ პარტიაში” შევდივარ, რადგან ჩემი მეგობრები – მინისტრი დავით ნარმანია და მისი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილიც ამ პარტიას წარმოადგენენო. მე ათი წელი გავძელი უხელფასოდ, კიდევ გავძლებ რამდენიმე თვე და არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებ პარტიას, სანამ არ გაირკვევა აქ რაც ხდება. რეგლამენტთან და თვითმმართველობის კანონთან ფრაქციის თავმჯდომარეობის შეფარდებაზე მე სასამართლოსაც მივმართავ; თუ დავუშვათ და კანონი მავალდებულებს იმას, რომ გავიდე ფრაქციიდან, გავალ, მაგრამ პარტიას მაინც არ დავთმობ. ყველაფერი ვიცი, ვინ ვისთან იყო შეკრული, ჩანაწერებიც მაქვს ამის. დაანებონ ჩემზე ასეთ ფიარს თავი! იგრძნეს, რომ მე უმრავლესობას შევქმნიდი საკრებულოში. პოლიტიკური თამაშები როგორ უნდა, მე ნუ მასწავლიან!” _ აცხადებს დავით წულაძე.