“მამუკა პროფილაქტიკაში მუშაობდა და ოჯახს მაგით არჩენდა. იმ დღესაც სამსახურში იყო, როდესაც ნაცნობმა მძღოლმა დაურეკა, შენთან მოვდივარო. თურმე მძღოლს მოყვებოდა პოლიცია. დილით 11 საათზე დააკავე მამუკაც და მძღოლიც და ორივე მიიყვანეს პოლიციაში, სადაც აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მძღოლი გააფორმეს, მამუკა კი ისე დაკითხეს, რომ არსად დაურეგისტრირებიათ.
მამუკას უთხრეს, რადგან მძღოლმა დაგირეკა, ნარკოტიკი შენთან მოჰქონდა და ამაზე ჩვენება დაგვიწერეო. თუ არ გინდა, 9 წლიან პატიმრობაზე გაგიშვებთო. მერე უცემიათ სასტიკად, სულ დალურჯებული იყო სახლში რომ მოვიდა. ტელეფონი გამორთული ჰქონდა, მეუბნებოდა არ ჩართო, არ მინდა, რომ სხვებმა დამირეკონო. არანორმალურად შეშინებული თვალები ჰქონდა. ხვალიდან მარტო მოგიწევს ცხოვრებაო, მითხრა. ისეთი ჩვენება დამაწერინეს, ჩემს სიცოცხლეს აზრი არ აქვსო. დილის 6 საათამდე ვამშვიდებდი, მამაოსთან წაგიყვან და ყველაფერი უთხარი მეთქი. ათის ნახევარზე კი გაპარული დამხვდა. რამდენჯერმე დავურეკე, თბილისის ზღვაზე ვარ, ტყუილად არ მოხვიდე, ვერ მომძებნიო. იმ მეგობართანაც დაურეკავს, მძღოლთან. თავის მოკვლა მინდოდა, ზღვაში შესვლა მინდოდა თავის დასახრჩობად და ვერ გავბედეო. ახლა არაყი და თოკი ვიყიდე და იქნებ ნასვამმა გავბედოო.
მამუკა მიქაუტაძის მეუღლე ზიზი ეძგვერაძე ფიქრობს, რომ მის მეუღლეს თავი არ მოუკლავს, რადგან თვითმკვლელი ადამიანი აფექტშია და ორი დღით ადრე არ გეგმავს სიკვდილს.
ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ის ამ საქმის გამოძიებას თხოვს. ამ საქმეში ჩაერთნენ ახალგაზრდა იურისტები, სწორედ მათ მოიწვიეს დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც ამ წუთებში იწყებს გვამის დათვალიერებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, გარდაცვლილი დაკითხვაზე ნამდვილად იმყოფებოდა. მისივე განმარტებით, იგი მოწმის სახით დაიკითხა და სახლში გაუშვეს.
“რაც შეეხება თვითმკვლელობის ფაქტს, ამაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პოლიციელების მხრიდან ამ პირზე რაიმე სახის ზეწოლა არ დაფიქსირებულა,” _ განაცხადა გიორგობიანმა.