სამინისტროს თანამშრომელი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა გვთხოვა, ამტკიცებს, რომ იმ დროს გახორციელებული ზარებისთვის პატიმრებს ახლა სთხოვენ პასუხს და სამწლიანი სასჯელის დამატებით ემუქრებიან.
_ როგორ მოხვდა მობილური ტელეფონები ციხეში?
_ როგორ მოხვდებოდა? ადმინისტრაციამ შემოიტანა. მაშინ არეულობა იყო, სოზარი ციხეებს ვერც შიგნით ვერ აკონტროლებდა და ვერც პატიმრების ოჯახის წევრებს ამშვიდებდა, რომლებიც მზად იყვნენ ციხის კარი შემოეგლიჯათ. სწორედ ამ ვითარებაში დაიწყო ადმინისტრაციამ ციხის “ავტორიტეტებთან” მოლაპარაკება, დაურიგეს ტელეფონები და არეკინებდნენ ნათესავებთან, ციხეში სიმშვიდეა და გარედან აქტიურობა საჭირო აღარ არისო. მაშინ ეს სწორი ტაქტიკა იყო და გაამართლა _ ციხე დამშვიდდა. დღეს კი სოზარის ბიძაშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის უფროსი, “ნაციონალი” მირზა სუბელიანი პატიმრებს დაერია, გამოძიება დაიწყო მაშინ გახორციელებულ ზარებზე, იბარებს პატიმრების ოჯახის წევრებს, ღამის 2-3 საათზე მოჰყავთ აქ ცოლები, საცოლეები, დედები და აიძულებენ განთქმითი ჩვენება მისცენ ნათესავების წინააღმდეგ. პატიმრები, რომლებიც ბაჩო ახალაიას საქმეში (ციხის ბუნტს ვგულისხმობ) მთავარი მოწმეები არიან, საშინელ დღეში ჰყავთ. გიორგი ავალიანი, რომელმაც ახალაიას “რეზბალნიცაზე” ყბა მოსტეხა, “კრიტში” გადაიყვანეს და იმ დროს გახორციელებული ზარების გამო სამწლიანი სასჯელის დამატებით ემუქრებიან. იგივე მდგომარეობაშია მეორე მოწმე ზურაბ ავალიანი. აშკარაა, “ნაციონალი” მირზა სუბელიანი გზას უთავისუფლებს ბაჩო ახალაიას და ძირითად მოწმეებს იცილებს საქმიდან.
_ სოზარ სუბარმა არ იცის ეს ამბები?
_ როგორ არ იცის, მაგრამ სოზარს აწყობს ავალიანის და ვიბლიანის “გაკრიტვა”, ამით ის ცდილობს გააქარწყლოს ხმები სასჯელაღსრულების სისტემაში სვანური კლანის მომძლავრების და მისი მხრიდან მფარველობის შესახებ. სოზარის მოსვლის შემდეგ ციხეები სვანებით გაივსო, ყველა ხელმძღვანელ თანამდებობაზე ნათესავები და ნაცნობები მოიყვანა, ბევრმა გამართული წერა-კითხვაც არ იცის. ბაჩოს მიერ დატოვებულ მეგრულ კლანს ეს რა თქმა უნდა, არ მოსწონს, _ ამბობს ჩვენი წყარო.
ციხეების მონიტორინგის ჯგუფის წევრი უფლებადამცველი სოსო მანჯავიძე ადასტურებს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში პატიმრების ნათესავებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ: “იმისთვის, რომ ციხეებში ფეთქებასაშიში სიტუაცია გაენეიტრალებინათ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა ციხეებში მობილური ტელეფონები შეიტანეს . ამაში დასაძრახი არაფერია, რადგან მაშინ მთელი ციხე პოსტტრავმული სინდრომით იყო დაავადებული და ეს იყო გამონაკლისი შემთხვევა. ამას გარდა, ციხეების დასამშვიდებლად საჭირო გახდა იმ ადამიანების ჩართვაც, რომლებსაც პატიმრები პატივს სცემდნენ. ვგულისხმობ არა ქურდული მენტალობის ადამიანებს, არამედ ავტორიტეტებს. ეს ადამიანები არა მხოლოდ ციხის შიგნით, არამედ გარეთაც არეგულირებდნენ სიტუაციას. დღეს კი სასჯელაღსრულების სამინისტრომ მადლობის ნაცვლად იმ დროს გახორციელებულ ზარებზე გამოძიება დაიწყო. ახლა იკვლევენ მათ მიერ შეტანილი ტელეფონებიდან სად და როდის დაირეკა. მქონდა პატივი საგამოძიებო დეპარტამენტში ღამის 2 საათზე მენახა პატიმარ ავალიანის საცოლე, რომელსაც აიძულებდნენ საქმროს წინააღმდეგ ჩვენება მიეცა. ასეთი აღიარებების შემდეგ პატიმრებს სამწლიანი “რასკრუტკა”ემუქრებათ. უზნეობაა, რაც დღეს სასჯელაღსრულების სისტემაში ხდება.”
“გურია ნიუსი” სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელ ლალი მოროშკინას დაუკავშირდა, რომელიც ოქტომბერ-ნოემბერის მოვლენების თვითმხილველია.
_ ლალი, ვისი გადაწყვეტილება იყო ციხეებში მობილური ტელეფონების შეტანა? როგორ ფიქრობ, ადმინისტრაციის ხელშეწყობის გარეშე ტელეფონი ციხეში მოხვდებოდა?
_ მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ დროისთვის საჯელაღსრულების მთელ სისტემაში ატესტაცია მიმდინარეობს და ის თანამშრომლები, ვინც ვერ გაივლიან ატესტაციას, დატოვებენ სამსახურს. ადამიანები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ელემენტარულ მოთხოვნებს, სისტემაში ვერ იმუშავებენ. რაც შეეხება ტელეფონებს, კანონით ეს აკრძალული ნივთია და ცხადია, ვის ჯიბეშიც ეს ნივთი აღმოჩნდება, დაისჯება. ასევე, დაისჯება ადმინისტრაციის ის თანამშრომელიც, რომელმაც ეს ნივთი პატიმარს შეუტანა. ცხადია, ტელეფონები ცეხეში თავისით ვერ შეფრინდებოდა.
_ ჩვენი წყარო ამბობს, რომ გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში ტელეფონები თვითონ ადმინისტრაციამ შეიტანა. ამ შემთხვევაში რატომ უნდა დადგეს მხოლოდ პატიმრის პასუხისმგებლობის საკითხი?
_ ეს თემა ცდება ჩემს კომპეტენციას. იმ მძიმე პერიოდში დაკავებული ვიყავი ტუბერკულოზითა და აივ ინფიცირებულ პატიმებთან, ასევე იმ პატიმრებთან ურთიერთობით, რომლებმაც თვითდაზიანებები მიიყენეს. შესაბამისად, ტელეფონების შეხაბ არაფერი ვიცი. დეტალური ინფორმაციისთვის პრესსამსახურს დაუკავშირდით.
“გურია ნიუსი” სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროს ირაკლი კორძაიას დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ აკრძალულ ნივთების შეტანა-აღმოჩენის ფაქტებზე გამოძიებაა დაწყებული.
“საგამოძიებო მოქმედებებია დაწყებული, რისი გამჟღავნების უფლება გამომძიებელსაც კი არ აქვს. საუბარი ეხება აკრძალულ ნივთებს _ ვერ დაგიკონკრეტებთ მობილურებს თუ სხვა რამეს.”
“გურია ნიუსის” წყარო ამტკიცებს, რომ რუსთავის N 16 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლის ციცინო კაშიას საქმეში, რომელსაც ციხეში მობილური ტელეფონის შეტანის ბრალდებით ასამართლებენ, მოწმეობას აიძულებენ პატიმარ გიორგი ავალიანს, რაზედაც ის უარს აცხადებს.