გარემოს დაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია. “გურია ნიუსმა” ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება მინისტრ ხათუნა გოგალაძეს პრესკონფერენციაზე სთხოვა, რომელიც სასტუმრო “რედისონში” გაიმართა და სამინისტროს სამთვიანი მუშაობის ანგარიშს ეძღვნებოდა.
_ ნარჩენების კანონპროექტთან დაკავშირებით არსებობს ბევრი კითხვა. დარგის სპეციალისტებს მასზე ცალსახად უარყოფით შეფასება აქვთ. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოსაც აქვს თავისი ნარჩენი, რომლის გამოყენება იგივე დანიშნულებით შეიძლება, რისთვისაც სხვა ქვეყნიდან შემოგვაქვს. ასევე გასათვალისწინებელია ეკოლოგიური დაბინძურების რისკიც. ამ ნარჩენების შემოტანამ შეიძლება გამოიწვიოს რადიაციული ფონის ამაღლება ქვეყანაში. სხდომაზე საკითხი გადაიდო უკეთ შესწავლის მიზნით. რა პოზიცია აქვს გარემოს დაცვის სამინისტროს აღნიშნულთან დაკავშირებით?
_ ” ბაზელის კონვენციის” მიხედვით, ეს ნარჩენები შეტანილია “მწვანე სიაში”, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არ განეკუთვნება სახიფათო ნარჩენს. ანუ ჩვენ ამ კანონის მიღებით ევროპულ კანონმდებლობას არ ვეწინააღმდეგებით. თუმცა აუცილებელია დასაწყობების, შენახვის რეგულაციები, რომლის გარეშე ნარჩენს ვერ შემოვიტანთ. თუ რამე დამაბინძურებლებზე არ არის საუბარი, გარემოს დაცვის სამინისტრო ისე უყურებს ამ საკითხს, რომ ნარჩენების შემოტანა შეიძლება. მაგრამ ასევე დგება სხვა საკითხი, თუ, ვთქვათ, ეს არის ის ნარჩენი, რომელიც ჩვენც გაგვაჩნია, ეს უკვე არის არამარტო გარემოს დაცვის სამინისტროს გადასაწყვეტი, არამედ სხვა სტრუქტურული ერთეულებისთვისაც. უნდა გაირკვეს, რამდენად არის ჩვენი ნარჩენი იგივე ხარისხის მატარებელი, რაც საჭიროა ცემენტის წარმოებისთვის. ჩემი აზრით, ამ ნარჩენის შესწავლა უნდა მოხდეს და მერე გადავწყვიტოთ, შემოვიტანოთ თუ არა, _ აღნიშნა ხათუნა გოგალაძემ.
აქვე განმეორებით შემოგთავაზებთ ორგანიზაცია “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის კომენტარს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით:
“მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენების ეს ტიპი განეკუთვნება “მწვანე სიას”, ბევრ ევროპულ ქვეყანას არ აქვს დაშვებული საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე მისი შეტანა. აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ ეს ნაცარი არის საქართველოს ტერიტორიაზე საკმაოდ დიდი რაოდენობით და დღევანდელი მდგომარეობით წარმოადგენს “ნარჩენს” და თუ ცემენტის მწარმოებლებს ეს ესაჭიროებათ, მათ შეუძლიათ ის გამოიყენონ და შეუწყონ ხელი ამ დაბინძურებული ტერიტორიების გაწმენდას”
იგივე საკითხზე კომენტარი გააკეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მჭედლიშვილმაც, რომელიც 4 ივლისის სხდომაზეც იმყოფებოდა, თუმცა მაშინ საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.
“გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პოზიცია არ სცდება ევროპული კონვენციის ფარგლებს. “მწვანე სიითაც” დაშვებულია ამ ნარჩენების შეტანა ქვეყანაში. მაგრამ ამ საკითხზე აუცილებლად უნდა იყოს დადებული დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნა, თუ რამდენად გვჭირდება აღნიშნული ნარჩენი. ეს დასკვნა ჯერ არ არსებობს. ამაზე იყო კომიტეტის სხდომაზე საუბარი. მოხარული ვარ, რომ გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, ეკონომიკის სამინისტროები დღეს ერთობლივად და სკრუპულოზურად ვუყურებთ ამ საკითხს, რომ არ გაგვეპაროს რაიმე შეცდომა. ნიშანდობლივია ისიც, რომ ჩვენი მხრიდან ამ პრობლემის ხელაღებით გადაწყვეტა არ ხდება”.
როგორც აღვნიშნეთ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე “საქართველოს ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი უკეთ შესწავლის მიზნით გადაიდო. თუმცა სხდომაზე დარგის სპეციალისტს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, ვაჟა სხვიტარიძეს ენერგეტიკის მინისტრის მისამართით რეკომენდაციები უკვე ჰქონდა, რომელსაც პუნქტების სახით გთავაზობთ:
1) უარი ითქვას თურქეთიდან ნაცრის შემოტანაზე, რადგან არ არსებობს ამის გონივრული საჭიროება და არსებობს მისი, როგორც წარმოების ნარჩენი ტექნოგენური პროდუქტის, უკონტროლო რაოდენობით შემოტანის საშიშროება.
2) ფხვნილისებური წვრილდისპერსული მასალების ბეტონში შერევის ტექნოლოგიური აუცილებლობის შემთხვევაში, თურქეთიდან ნაცრის შემოტანის მაგივრად, სამშენებლო პროექტებში განხორციელდეს რუსთავის/ქუთაისის ნაცარსაყრელებზე დაგროვილი 4.0 მლ.ტ. ნაცრის, ან ზესტაფონის ფშქ ფილტრებში შეკავებული მტვრის უტილიზაცია.
3) ეკოლოგიური და ტექნოლოგიური თვალსაზრისით, უპირატესობა მიეცეს ზესტაფონის ფშქ ფილტრებში შეკავებულ მტვერს, როგორც ინოვაციურ და “მიკროსილიკას” შემცველ პროდუქტს;
4) ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტს – გამოინახოს იმის საშუალება, რომ სანამ საქართველოში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი სამშენებლო პროექტები, მიეცეს შეღავათიანი ლიცენზიები და კრედიტები იმ ფირმებს, რომლებიც განახორციელებენ რუსთავის და ქუთაისის ნაცარსაყრელებში დაგროვილი 4.0 მლნ. ტ ნაცრის, აგრეთვე ზესტაფონის ფშქ-ის 8.0-10,0 ათასი ტ/წლ მტვრის უტილიზაციას”.
შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის სამინისტრო “მძიმე ნაცრის” შემოტანის აუცილებლობას ინვესტორების დაინტერესებით ხსნის. კომიტეტის სხდომაზე კომპანია ,,აჭარენერჯის” თურქი წარმომადგენლის მიერ ითქვა კიდეც, რომ ეს კანონპროექტი მათთვის კეთდება. მოვლენების განვითარების სავარაუდო სქემა ასეთია, რაც კომიტეტის სხდომაზე დამსწრეებმაც აღნიშნეს: კომპანია “ჰაიდელბერგცემენტმა” “აჭარენერჯის” უნდა მიაწოდოს ჰესების სამშენებლოდ ჰიდროტექტონიკური ცემენტი. ხოლო თურქული კომპანია ამ ცემენტში მაინც და მაინც თურქეთში არსებულ ნარჩენებში შემავალი ნივთიერებების გამოყენებას ითხოვს.